აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ეს-ესაა, ძალაში შევიდა „ენერგეტიკული ზავი“. როგორც მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, მასზე „ორივე მხარე შეთანხმდა“.
„არ დაარღვიოთ ის!“ - დასძინა ტრამპმა.
რაიმე დეტალები, კერძოდ ის, თუ რა იგულისხმება ენერგეტიკულ ზავში, მას არ მოუყვანია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა Axios-ს განუცხადა, რომ ენერგეტიკული ზავის შესახებ ტრამპის განცხადება მისთვის სიახლე აღმოჩნდა, თუმცა უკრაინა მიესალმებოდა ზავს, თუ ის ორმხრივი იქნება. „თუ პრეზიდენტი ტრამპი ამაზე პუტინს მოელაპარაკა, გთხოვთ გვითხრათ, როდის დაიწყება ცეცხლის შეწყვეტა. ჩვენ მზად ვართ და მივიღებთ მას“, - განაცხადა ზელენსკიმ. მოსკოვის მხრიდან ჯერ არ ყოფილა კომენტარი.
განცხადება გაკეთდა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ მიღწეული შეთანხმებებისა და ტრამპის მხრიდან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მისამართით გამოთქმული მკვეთრი კრიტიკის ფონზე - ტრამპის თქმით, ზელენსკი აშშ-ის თხოვნის მიუხედავად აგრძელებს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე.
დონალდ ტრამპი პირველად არ აცხადებს მისი შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის მიღწევის შესახებ. 14 სექტემბერს ის თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში წერდა, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, არ განახორციელონ დარტყმები ერთმანეთის ტერიტორიებზე მდებარე ენერგეტიკულ ობიექტებზე. მაშინ უკრაინასა და რუსეთს შორის არანაირი ოფიციალური შეთანხმების შესახებ არ გავრცელებულა ცნობები, ხოლო ორივე მხარემ გააგრძელა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები.
22 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იმ პირობით, თუ მოსკოვიც შეწყვეტს იერიშებს უკრაინის ენერგეტიკაზე. პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ენერგეტიკულ ზავს „კარგი იდეა“ უწოდა, თუმცა აღნიშნა, რომ მოსკოვი გამოდის არა ზავის, არამედ „ისეთი დარეგულირების მომხრედ, რომელიც სამუდამო იქნება და სრულად შეესაბამება ჩვენს ინტერესებს“.
ფორუმი