ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წელს მომხდარი ავარიის შედეგად დაბინძურებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის ბირთვული კატასტროფის შედეგები 2027 წლის 1 იანვარს „დასრულდება“ - ყოველ შემთხვევაში, ქაღალდზე მაინც.
ბოლო ინფორმაციით, 2027 წლიდან 177 ქალაქს, დაბასა და სოფელს დაბინძურებული ტერიტორიის სტატუსი ჩამოერთმევა. ეს გადაწყვეტილება დაახლოებით 566,4 ათას ადამიანს შეეხება. მთლიანობაში, ამჟამად ბელარუსის 930 600 ათასი მოქალაქე ცხოვრობს რადიოაქტიური ნალექით დაბინძურებულ ტერიტორიებზე. როგორც ექსპერტები განმარტავენ, რადიოაქტიური ნალექი ამ ადგილას ქარმა მიიტანა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან, რომელიც ბელარუსის მეზობლად, უკრაინაში მდებარეობს.
2026 წლის აგვისტოში ბელარუსის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2021-2025 წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა „რადიონუკლიდებით დაბინძურებულ რაიონებში მდებარე ზოგიერთი დასახლებული პუნქტის გარემო პირობების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“. ამ ტერიტორიების სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას კრიტიკული განცხადება: 2025 წლის აპრილში გამართულ ერთ-ერთ სხდომაზე ლუკაშენკამ თქვა: „რას ვაკეთებდით 30 წლის განმავლობაში, თუ დაბინძურებულ რაიონებში 900 000 ადამიანი ცხოვრობს?“ - ლუკაშენკამ დასძინა, რომ „საჭიროა სტატისტიკური მონაცემების განახლება“.
მოქმედი კანონებით, დაბინძურებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები სარგებლობენ მნიშვნელოვანი სახელმწიფო შეღავათებით, მათ შორის სკოლის მოსწავლეების უფასო კვებითა და ბავშვებისათვის განკუთვნილი ყოველწლიური გამაჯანსაღებელი საგზურებით. აქ ასევე მაღალია (150%-ით) ფულადი შემწეობა, რომელსაც ზოგიერთი ახალგაზრდა მშობელი იღებს ბავშვის მოვლის სტანდარტული სახელმწიფო დახმარების სახით.
ყოველწლიურად მხოლოდ გომელის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, დაბინძურებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს ხარჯზე იკვებება დაახლოებით 88 000 სკოლის მოსწავლე. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელი მოსწავლეები უფასო კვებას 2027 წლის ივნისის ჩათვლით მიიღებენ.
რადიაციული უსაფრთხოების ბელარუსმა ექსპერტმა, სერგეი ბესარაბმა, რომელიც ამჟამად ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, მკაცრად გააკრიტიკა დაბინძურებული ტერიტორიების სტატუსის შეცვლის გადაწყვეტილება. მისი შეფასებით, 1986 წლამდე არსებული რადიაციული ფონის აღდგენას კიდევ დაახლოებით 260 წელი დასჭირდება.
ჩერნობილის კატასტროფა - 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რეაქტორის აფეთქებამ გამოიწვია კაცობრიობის ისტორიაში გარემოში რადიოაქტიური ნივთიერებების უკონტროლო გაფრქვევის ყველაზე მასშტაბური შემთხვევა, რომელიც თითქმის 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დაბინძურდა 200 ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია, მათ შორის უკრაინისა და ბელარუსის ტერიტორიების 70%, აგრეთვე რუსეთის ტერიტორიის ნაწილი; გარემოში გაიბნა ურანის, პლუტონიუმის, იოდ-131-ის, ცეზიუმ-134-ის, ცეზიუმ-137-ისა და სტრონციუმ-90-ის იზოტოპები. ევროპის ტერიტორიის 3/4 რადიოაქტიური ცეზიუმით დაბინძურდა. მეხანძრეებისა და სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილეთა თავგანწირვის წყალობით (მეოთხე ენერგობლოკის თავზე ბეტონის სარკოფაგი აშენდა) რადიოაქტიური ნივთიერებების თითქმის 97% გარემოში არ გავრცელებულა; ავარიიდან მალევე მწვავე რადიაციული დაავადებით გარდაიცვალა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის 30 თანამშრომელი და მეხანძრე. სხვადასხვა მონაცემით, ავარიის შემდგომ წლებში ჩერნობილის კატასტროფის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მონაწილე თითქმის 60 ათასი ადამიანი დაიღუპა სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის კიბოთი. ელექტროსადგურზე აფეთქების შემდეგ 90 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა ისე, რომ მათ შინ დაბრუნების შესაძლებლობა აღარ მიეცათ. 81 დასახლებული პუნქტი დაცარიელდა. მხოლოდ უკრაინაში ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულად 3,5 მილიონზე მეტი ადამიანი აღიარეს, მათ შორის 1,3 მილიონი - ბავშვი; დღემდე გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, თუ რა გავლენა მოახდინა ჩერნობილის ავარიამ უკრაინის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამ ფონზე, რადიაციის ზემოქმედებასთან უშუალოდ მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დაახლოებით 6 ათასი შემთხვევა დააკავშირეს, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებში გამოვლინდა. დაახლოებით 5 მილიონი ჰექტარი მიწა გამოუსადეგარი გახდა სოფლის მეურნეობისთვის.
ბესარაბი ჩერნობილის კატასტროფის მძიმე შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას. მისი განმარტებით, გარემოში დალექილი პლუტონიუმ-241 დაშლის პროცესში გარდაიქმნება უკიდურესად რადიოტოქსიკურ ამერიციუმ-241-ად. მისი თქმით, ამ პროცესის პიკი 2050-იანი წლების ბოლოს დადგება.
„ამ მიწების გამოყენებაზე შეზღუდვების მოხსნა უსაფრთხოების შეფასებისას დაშვებული კატასტროფული შეცდომაა, რადგან წინ გველის ექსტრემალური ალფა-რადიოაქტივობის მკვეთრი, მეორეული ზრდა“, - განაცხადა ექსპერტმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან საუბრისას. გარდა ამისა, მისი თქმით, დაბინძურებული მიწების ზოგიერთ მონაკვეთზე არსებობს ლოკალური „ცხელი წერტილები“, რომლებსაც ვერ ითვალისწინებს ბელარუსში გამოყენებული „მოძველებული საბჭოთა მაკროშეფასების მეთოდები“.
თუმცა მეცნიერებს შორის არ არსებობს ერთიანი აზრი დღეს არსებული რადიაციული რისკების მასშტაბის შესახებ.
ჯიმ სმიტი ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს უკვე 35 წელია იკვლევს და ამ ბირთვული კატასტროფის შესახებ დაწერილი წიგნის მთავარი ავტორია. ბრიტანელმა გარემოსდამცველმა მეცნიერმა აღნიშნა, რომ დღეს ბელარუსისა და უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში რადიაციასთან დაკავშირებული რისკი, ძირითადად, სოკოსა და კენკრის შემგროვებლებსა და მეთევზეებს ეხებათ.
„ადამიანის ორგანიზმში რადიოაქტიური ნივთიერებების მოხვედრის ძირითადი გზა ველურად მოპოვებული საკვების მოხმარებაა - როდესაც ადამიანები ტყეში მიდიან, სოკოს აგროვებენ, თევზს იჭერენ ან კენკრას მიირთმევენ“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
ბელარუსის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას უფასოდ სთავაზობს ველურად მოპოვებული საკვები პროდუქტების რადიაციულ შემოწმებას. ამასთან, მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ სოკო და კენკრა გზისპირა ჯიხურებში არ შეიძინონ.
სმიტის თქმით, ქალაქების უმეტეს ნაწილში ჩერნობილიდან გავრცელებული რადიოაქტიური ნალექი დიდწილად გაიფანტა წვიმისა და ქარის ზემოქმედების, აგრეთვე კატასტროფის შედეგად ატმოსფეროში მოხვედრილი მრავალი იზოტოპის დაშლის შედარებით მოკლე პერიოდის გამო.
რადიაციის ექსპერტს მაგალითად მოაქვს ცეზიუმ-134, რომელიც, მისი თქმით, ორწლიანი ნახევარ-დაშლის პერიოდის წყალობით, „ავარიიდან პირველი ათი წლის განმავლობაში პრაქტიკულად გაქრა“. დღეს ბელარუსში შემორჩენილი რადიოაქტიური ნივთიერებების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ცეზიუმ-137-ზე, რომელსაც ნახევარ-დაშლის უფრო ხანგრძლივი პერიოდი (30 წ.) აქვს.
უკრაინის საზღვართან მდებარე მაღალი რადიოაქტივობით გამორჩეული ჩერნობილის აკრძალული ზონის (ე.წ. განრიდების ზონის) გარეთ, სადაც ადამიანებს ცხოვრება ეკრძალებათ, სმიტი დაბინძურებული ტერიტორიების უმეტეს ნაწილზე მნიშვნელოვან რადიაციულ საფრთხეს ვერ ხედავს.
უკრაინაში ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარი იხარჯება ჩერნობილის კატასტროფის შედეგად დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადახდაზე, თუმცა, სმიტის პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კიევმა უახლოეს მომავალში მინსკის მაგალითი გაიზიაროს და დაბინძურებული მიწების სტატუსის შეცვალოს.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლება გაცილებით უფრო ავტორიტარულად მოქმედებდა და უბრალოდ განაცხადა: „ჩვენთვის სულერთია, მაინც ასე მოვიქცევით“.
ექსპერტის თქმით, ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულ რაიონებში მცხოვრებმა უკრაინელებმა „ისეთი პოლიტიკოსები აირჩიეს, რომლებსაც არსებული მდგომარეობის შეცვლა არ სურთ“.
ამ მოსაზრებას იზიარებს ბელარუსის სამხრეთ-აღმოსავლეთში დაბადებული ანდრეიც, რომელსაც ქრონიკული დაავადება აქვს და რაც, მისი აზრით, ჩერნობილის ავარიას უკავშირდება. „ბელარუსის ხელისუფლებას არ აინტერესებს, რას ფიქრობენ ადამიანები“, - განუცხადა 47 წლის მამაკაცმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს [უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, მისი გვარი არ სახელდება].
„არჩევნები არ არსებობს, რეჟიმი არასოდეს იცვლება, ამიტომ ხელისუფლებას არ აწუხებს, როგორ აღიქვამენ მას ამომრჩევლები, - თქვა ანდრეიმ და დასძინა: ეს შეღავათები ხშირად მხოლოდ სიმბოლური იყო - ამ ფულით ვერც მანქანას იყიდი და ვერც სახლს ააშენებ, მაგრამ რაც უნდა თქვა, ეს მაინც დახმარება იყო“.
ჯიმ სმიტის თქმით, რთული აღმოჩნდა ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულებისათვის კომპენსაციების მიღების საკითხი, რომელმაც ზოგიერთ შემთხვევაში საპირისპირო შედეგიც კი გამოიღო.
„ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულის სტატუსის მიღება საკმაოდ მარტივი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობაზე მისი გავლენის დამტკიცება ძალიან რთულია, - აღნიშნა ეკოლოგმა. - თუ კატასტროფის ღამეს ელექტროსადგურში ხანძარს არ აქრობდით, მაშინ იმ მილიონობით ადამიანიდან, რომლებიც რადიაციის ზემოქმედებას დაექვემდებარნენ, აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში იმის ალბათობა, რომ ამან მათ ჯანმრთელობაზე გავლენა მოახდინა, ძალიან დაბალია. ამის მიუხედავად, ისინი მაინც მიიჩნიეს დაზარალებულებად“.
გაეროს განვითარების პროგრამის 2002 წლის ანგარიშში, რომელიც კატასტროფის შედეგებს ეძღვნებოდა, აღნიშნული იყო, რომ მოქმედი კომპენსაციების სისტემა „პოტენციურად მავნე ან რესურსების ფლანგვის გამომწვევ ქცევას“ ახალისებდა. ანგარიშში მოყვანილი იყო იმ ადამიანების მაგალითები, რომლებიც დაბინძურებულ ტერიტორიებზე საცხოვრებლად ბრუნდებოდნენ, „რათა უფრო მაღალი კომპენსაციის მიღების უფლება ჰქონოდათ“. ასევე აღწერილი იყვნენ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ბიზნესის გახსნაზე უარს ამბობდნენ „ჩერნობილისთვის განკუთვნილი კომპენსაციის დაკარგვის შიშით“.
თუმცა ბელარუსის ადგილობრივი მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა მასობრივი პროტესტის დაწყება იმ საკანონმდებლო ცვლილებების გამო, რომლებიც მომავალში ავტორიტარულ ქვეყანაში მცხოვრები მრავალი ადამიანის ცხოვრებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
„დღეს ბელარუსში ნებისმიერ საკითხზე უკმაყოფილების გამოხატვა სახიფათოა“, - განუცხადა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურს ვიქტორმა, რომელიც აკრძალულ ზონაში მდებარე დასახლებულ პუნქტში დაიბადა. 43 წლის მამაკაცი დღეს გროდნოს ოლქში ცხოვრობს. მისი თქმით, „ადამიანები უბრალოდ თავს ჩაღუნავენ და ცხოვრებას აგრძელებენ“.
ომი და „განრიდების ზონა“
ჩერნობილის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. განრიდების ზონაში მომატებული რადიაციული ფონის მიუხედავად, მეცნიერები ცხოველების მასობრივ დაღუპვას არ აფიქსირებენ, თუმცა ამის მიუხედავად, თვალშისაცემია გარკვეული ცვლილებები. როგორც უკრაინელმა ეკოლოგმა დენის ვიშნევსკიმ უთხრა „ევრონიუსს“, ზონაში მობინადრე ზოგიერთ ბაყაყს კანი გაუმუქდა, ხოლო რადიაციის მომატებული დონის მქონე ფრინველებს უფრო ხშირად უვითარდებათ კატარაქტა.
ექსპერტთა თქმით, ბოლო წლებში ასევე თავი იჩინა ახალმა საფრთხემ: 2022 წელს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, საომარი მოქმედებები აკრძალულ ზონაშიც შეიტანა: კიევისკენ მიმავალი რუსეთის ჯარები დაბინძურებულ ნიადაგში თხრიდნენ საფორტიფიკაციო ნაგებობებს, სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებულმა ხანძრებმა კი ტყეებიც მოიცვა; თავისი კვალი დატოვა ომის პერიოდის მკაცრმა ზამთრებმაც. ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს მკვეთრად შეეზღუდათ აუცილებელ რესურსებზე წვდომა, მეცნიერებმა კი წაქცეული ხეების რაოდენობისა და ცხოველთა დაღუპვის შემთხვევების ზრდა დააფიქსირეს, რისი მიზეზიც, მათი თქმით, როგორც ექსტრემალური პირობები, ისე ნაჩქარევად აგებული საფორტიფიკაციო ნაგებობებია.
„ტყის ხანძრების უმეტესობას ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატები იწვევს, - ამბობს განრიდების ზონაში სახანძრო ქვედანაყოფის ხელმძღვანელი ალექსანდრ პოლიშჩუკი. - ზოგჯერ ხანძრის კერამდე მისასვლელად ათობით კილომეტრის გავლა გვიწევს“.
ხანძრებმა კი, როგორც ეკოლოგები ამბობენ, შესაძლოა რადიოაქტიური ნაწილაკები კვლავ აიტაცოს და ატმოსფეროში გაავრცელოს.
როგორც სამხედრო ექსპერტები ამბობენ, დღეს ჩერნობილის განრიდების ზონა მხოლოდ გარეული ცხოველების შემთხვევითი თავშესაფარი აღარ არის, ის იქცა მკაცრად კონტროლირებად სამხედრო დერეფნად, რომელიც დაფარულია ბეტონის ბარიერებით, მავთულხლართებითა და დანაღმული ველებით.
ფორუმი