ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი აპირებს, საქართველოში სამი ინსტანციის სასამართლოში დასრულებული დავის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს. საქმე ეხება კულტურისა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის, "ქართული ოცნების" დეპუტატის, თეა წულუკიანის სარჩელს მის წინააღმდეგ.
თეა წულუკიანი სარჩელში მოითხოვდა ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ 2025 წლის 12 აპრილს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ცილისწამებად მიჩნეულიყო ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“.
თეა წულუკიანის მოთხოვნა საქართველოში სამი ინსტანციის - საქალაქო, სააპელაციო და უზენაესმა - სასამართლომ დააკმაყოფილა.
"რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევხვდებით სტრასბურგში. სხვათა შორის, რვა მოსამართლემ იმუშავა ამ საქმეზე და ყველა ინსტანციამ, ჰოი, საოცრებავ, ეს რა სასწაული მოხდა, თეა წულუკიანს ყველა მოთხოვნა უპირობოდ დაუკმაყოფილა. სასამართლო გვეუბნება, რომ ჩემი სტატუსი იყო ცილისწამება", - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუკში გავრცელებულ ვიდეოში.
როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, სასამართლო მისგან მოითხოვდა ორ რამეს:
- წაეშალა პოსტი - და ის წაშლილია;
- და თავის ფეისბუკის გვერდზე გამოექვეყნებინა სასამართლოს განჩინება - რაც გამოქვეყნდა.
რა წერია სასამართლოს განჩინებაში
"წაშალოს 2025 წლის 12 აპრილის „ფეისბუკ“ პოსტი, გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა ნანა (ნანუკა) ჟორჟოლიანის (Nanuka Zhorzholiani), "ფეისბუკ" (Facebook) პოსტი.
1.2. სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, ნანა (ნანუკა) ჟორჟოლიანს დაევალოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს აწ გარდაცვლილი მოსამართლის ავთანდილ წულუკიანის მიმართ ცილისმწამებლური ("ფეისბუკ"-ზე) პოსტის უარყოფა და მიჩნეულ იქნას ცილისწამებად მოპასუხის მიერ გაკეთებული განცხადება „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება.“ გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა, რომ ცილისწამებაა ნანა (ნანუკა) ჟორჟოლიანის (Nanuka Zhorzholiani), ("ფეისბუკ" Facebook) მიერ 2025 წლის 12 აპრილის გამოქვეყნებული "ფეისბუკ” - პოსტი."
რას ითხოვდა წულუკიანი ჟორჟოლიანის წინააღმდეგ სარჩელში
პირველი მოთხოვნა:
მოსარჩელე ითხოვდა ცილისწამებად მიჩნეულიყო ნანა ჟორჟოლიანის 2025 წლის 12 აპრილის პოსტიდან შემდეგი ფრაზა: „წულუკიანის მამამ დახვრიტა შემდეგი ადამიანები (ჩამონათვალი წარმოდგენილია დაზუსტებულ სარჩელში)“.
მეორე მოთხოვნა:
მოსარჩელე ითხოვდა, ცილისწამებად ცნობილიყო შემდეგი ფრაზა იმავე პოსტიდან: „ეს იყო გარდამავალი დრო, როცა სიკვდილით დასჯა უქმდებოდა და მოსამართლე წულუკიანს შეეძლო სხვა უმაღლესი სასჯელის გამოყენება“.
თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა და იმ ხალხის ნახევარზე მეტი, რომელიც ტელეწამყვანმა მამამისისგან დახვრეტილად წარმოაჩინა, ჯერაც ცოცხალია.
რას მოითხოვს ნანუკა ჟორჟოლიანი სტრასბურგის სასამართლოში
ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ სარჩელის მომზადება თითქმის დასრულებულია და მას მალე შეიტანს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.
"აქ არის მთავარი მდგენელი, დადგინდეს, რომ ეს არის ნორმა და რომ ეს ჩემს მიმართ გამოტანილი განაჩენი იყო უსამართლო, სუბიექტური და იყო აბსოლუტურად მიკერძოებული და სუბიექტურში ვგულისხმობ, რომ ეს განაჩენი მხოლოდ იმიტომ გამოიტანეს, რომ ამას განსაზღვრავდა ჩემი სახელი და გვარი. მე ეს მინდა, რომ ეს დავუმტკიცო ქართულ მართლმსაჯულებას", - ეუბნება ნანუკა ჟორჟოლიანი რადიო თავისუფლებას.
თეა წულუკიანმა 6 თებერვალს, როდესაც ნანუკა ჟორჟოლიანის წინააღმდეგ მის სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან კურცხალიას გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნანუკა ჟორჟოლიანს მიმართავდა: "აწი თუ გინდა ჰააგაში იჩივლე".
ფორუმი