უწყების მიერ 14 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს თანხა ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე აღმოაჩინეს, - რუსეთის მხარეს.
საბაჟო სამსახურის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთის საბაჟოს თანამშრომლებმა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის რეგიონულ სამმართველოსთან ერთად, საქართველოში მიმავალი ავტომობილის მძღოლს 425 ათასი დოლარი აღმოუჩინეს.
უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული კაცი.
„სამალავი“ მანქანაში
უწყების ცნობით, ავტომობილის საბაჟო შემოწმებისას „სპეციალურად მოწყობილი სამალავი“ იპოვეს.
სამალავში მოთავსებული თანხა დეკლარირებული არ ყოფილა და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს.
- რუსეთის კანონმდებლობით, ქვეყნიდან უცხოურ ვალუტაში 10 ათას დოლარზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალულია.
- ეს განკარგულება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, 2 მარტს მიიღო.
უწყების განმარტებით, 200 ათას დოლარზე მეტი თანხის უკანონო გატანის შემთხვევაში შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც „ნაღდი ფულის კონტრაბანდას“ ეხება.
დანაშაული ითვალისწინებს უკანონოდ შეტანილი თანხის სამმაგიდან ათმაგ ოდენობამდე ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.
2022 წლის შემდეგ პირველად, 2026 წლის აგვისტოში, რუსეთში დანაზოგის შენახვის ყველაზე პოპულარული ფორმა ნაღდი ფული გახდა.
ფორუმი