Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეღავათი გაჩნდება, თუმცა არა აბსოლუტური ლიბერალიზაცია - სარჯველაძე ფსიქოტროპულ წამლებზე

სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო საკითხზე მეთვალყურეობას გააგრძელებს, „რათა ობიექტური საჭიროების მქონე პაციენტები ზედმეტად არ წუხდებოდნენ“.
სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო საკითხზე მეთვალყურეობას გააგრძელებს, „რათა ობიექტური საჭიროების მქონე პაციენტები ზედმეტად არ წუხდებოდნენ“.

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ფსიქოტროპული მედიკამენტების მხოლოდ ორკვირიანი მარაგით გამოწერის წესზე საუბრისას აცხადებს, რომ „გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია“.

ეს არის საკითხი, რაზეც ​ჯანდაცვის სამინისტროს მიმართა მედიცინის სფეროს არაერთმა წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ „ნაჩქარევად მიღებული რეგულაციები“ პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალი ინტერესებს აზიანებს.

რა წესი მოქმედებს ახლა?

2026 წლის 1 აპრილს ძალაში შესული ახალი რეგულაციებით:

  • ექიმმა ფსიქოტროპულ მედიკამენტზე რეცეპტი [ზრდასრულებს] ყოველ 14 დღეში ერთხელ უნდა გამოუწეროს;
  • პაციენტი ექიმთან რეცეპტისთვის თავად უნდა გამოცხადდეს ანდა ვინმეს მინდობილობა უნდა გაუფორმოს, რომ მის მაგივრად ჯერ რეცეპტი აიღოს, შემდეგ წამალი იყიდოს;
  • ექიმთან თვეში ორჯერ მისვლის ვალდებულება პაციენტებს და მათ ოჯახებს დიდ ტვირთად დააწვათ.
  • პაციენტები და ექიმები დღეს არსებულ პრობლემებს ჯერ კიდევ ახალი რეგულაციების ძალაში შესვლამდე პროგნოზირებდნენ.
  • ასეთი ოჯახების ისტორიების შესახებ რადიო თავისუფლება აგვისტოში წერდა.

რას ამბობ სარჯველაძე ამ წესზე?

14 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა მინისტრ მიხეილ სარჯველაძის კომენტარი, რომელიც ამბობს:

„დაახლოებით ერთი წლის წინ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მივიღეთ გადაწყვეტილება ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვაზე კონტროლის და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებასთან დაკავშირებით. ახლა კომერციული ინტერესი ნაკლებად კარნახობს ვინმეს, რომ მეტი იყოს ამის მოხმარება“.

სამინისტროს თანახმად, „მკაცრი რეგულაციების შედეგად, ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვა მკაცრ კონტროლს დაექვემდებარა, რამაც კომერციული ინტერესები შეზღუდა“.

ამ წყაროს თანახმად, სარჯველაძემ თქვა, რომ:

  • 18 ფსიქოტროპული პრეპარატიდან უმრავლესობაზე ქვეყანაში გადახარჯვა და ნორმაზე ბევრად მაღალი მოხმარება ფიქსირდებოდა, ვიდრე ამას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია განსაზღვრავს
  • თუმცა ბოლო თვეების მონაცემებით „მოხმარება დასტაბილურდა და 18-დან 17 მედიკამენტზე მაჩვენებელი ჯანმო-ს დადგენილ ნორმებს დაუახლოვდა“.

სარჯველაძემ იქვე თქვა, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების 14-დღიანი მარაგით გამოწერის წესმა, „დისკომფორტის მიუხედავად, ქვეყანას უმნიშვნელოვანესი შედეგი მოუტანა“. კერძოდ, მან განაცხადა:

  • „ეს დოკუმენტაციაც მომზადებულია და უახლოეს მომავალში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.
  • გარკვეული შეღავათი გაჩნდება, თუმცა ეს ვერ იქნება აბსოლუტური ლიბერალიზაცია ამ მიმართულებით.
  • სახელმწიფო ამ პროცესებზე დაკვირვებასა და მეთვალყურეობას მომავალშიც გააგრძელებს, რათა ობიექტური საჭიროების მქონე პაციენტები ზედმეტად არ წუხდებოდნენ“.

ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოწერის მკაცრი რეგულირების საკითხმა კიდევ ერთხელ მას შემდეგ წამოიწია, რაც კახეთში, ახმეტაში 11 სექტემბერს დააკავეს ექიმი მაია კოხტაშვილი:

  • იგი „ფინანსურმა პოლიციამ“ დააკავა ფსიქოტროპული პრეპარატის რეცეპტის უკანონოდ გამოწერის ბრალდებით.
  • ადგილობრივების ცნობით, ექიმთან მივიდა ადამიანი და ლოგინად ჩავარდნილი და ტკივილით გატანჯული ოჯახის წევრისთვის ფსიქოტროპული პრეპარატის გამოწერა სთხოვა; ექიმი შევიდა მის მდგომარეობაში და წამალი გამოუწერა.
  • პირი, ვინც ექიმთან მივიდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კახეთის სამმართველოს თანამშრომელია.
  • ექიმს პაციენტებმა და მათი ოჯახებმა სოციალურ ქსელში ღია მხარდაჭერა გამოუცხადეს;
  • 12 სექტემბერს მას თელავის სასამართლომ საპატიმრო გირაო შეუფარდა - 50 ათასი ლარი; ეს თანხა საზოგადოებამ ექიმს ერთ საათში მოუგროვა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG