დღეს, 15 ოქტომბერს, უწყებამ განაცხადა, რომ პატიმარი საკანში არსებული ორსართულიანი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა. მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ბრალდებული გ.გ. ქუთაისის ციხეში 2 ოქტომბერს მოათავსეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ეხება.
9 ოქტომბერს, 14:35 საათზე, პატიმრის ხუთმა თანამესაკნემ დაწესებულების თანამშრომლებს შეატყობინა, რომ გ.გ. საწოლიდან გადმოვარდა.
უწყების ცნობით, ამ დროს საკნის კართან სოციალური მუშაკი იმყოფებოდა, რომელიც ერთ-ერთ პატიმარს კარის სარკმლიდან ესაუბრებოდა; მანაც გაიგო დაცემის ხმა.
„შეტყობინების მიღებიდან დაახლოებით ერთ წუთში ადგილზე გამოცხადდა დაწესებულების სამედიცინო პერსონალი, რომელმაც ბრალდებულს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. 14:36 საათზე დაწესებულებაში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, რომელიც ადგილზე 14:50 საათზე გამოცხადდა. მედპერსონალის მცდელობის მიუხედავად, ბრალდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა, 15:15 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალება“, - აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.
უწყებამ რადიო თავისუფლებას უხმო ვიდეოჩანაწერიც მიაწოდა. კადრებში ჩანს საკნის გარეთ მდგომი სოციალური მუშაკი, მოგვიანებით კი დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც საკანში შედიან.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, იყო თუ არა საკნის შიგნით ვიდეოკამერა. პენიტენციური სამსახურის განმარტებით, დაწესებულებაში ყველა საკანი ვიდეოკამერით აღჭურვილი არ არის.
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობეს იმერეთის საოლქო პროკურატურას, რომელმაც გამოძიება დაიწყო. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო ორგანოებს საქმესთან დაკავშირებული მასალები უკვე სრულად გადასცეს.
უწყებაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ, პატიმრის გარდაცვალება უშუალოდ საწოლიდან ვარდნამ გამოიწვია თუ სხვა მიზეზმა.
ფორუმი