Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NBC-სთან ინტერვიუში ზელენსკიმ უპასუხა კითხვას, გაძლებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე

ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კვირას, 18 ოქტომბერს სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.

მათ განიხილეს ამერიკის და უკრაინის დელეგაციათა შეხვედრის შედეგები. შეხვედრა 9 ოქტომბერს, ფლორიდაში გაიმართა.

ზელენსკის ინფორმაცია არ გაუვრცელებია საუბრის შედეგებზე, თუმცა თქვა, რომ უკრაინა, თავისი პოზიციიდან, ყველაფერს აკეთებს მშვიდობასთან მისაახლოებლად და აშშ-სთან თანამშრომლობისთვის. კერძოდ, კიევი პარტნიორებს მუდმივად აწვდის ინფორმაციას რუსეთის დარტყმებით შექმნილ ვითარებაზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. "აქ სწორედ ამერიკის პოზიციაზეა ბევრ რამ დამოკიდებული. უკრაინა მზადაა მომავალშიც იმუშაოს კონსტრუქციულად, პატიოსნად და რეალურ შედეგთან მიმართებით" - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

9 ოქტომბერს ფლორიდაში უკრაინის დელეგაცია შეხვდა უიტკოფსა და კუშნერს, ასევე დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ევროკომისიის და ნატოს წარმომადგენლებს. იმავე დღეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ უფლება გასცა ოპერაციების წარმოებაზე რუსეთის დიზელის საწვავზე - მანამდე ასეთი ნაბიჯები აკრძალული იყო აშშ-ის სანქციებით. ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ხელს უწყობს რუსეთის აგრესიას და უკრაინის მოქალაქეთა მკვლელობებს. მან ასევე თქვა, რომ უკრაინის დელეგაცია, რომელიც მაიამიში ჩავიდა, გამოიყენეს "საფარად", რუსეთზე ზეწოლის შესამცირებლად.

ასევე 18 ოქტომბერს ზელენსკიმ ინტერვიუ მისცა ტელეარხ NBC News-ს. მას დაუსვეს კითხვა ტრამპის უარზე აემოქმედებინა "ლინდსი გრემის კანონით" რუსეთისთვის გათვალისწინებული სანქციები, რასაც ზელენსკიმ უპასუხა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თავს ალბათ გამარჯვებულად გრძნობს. ზელენსკიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ კრემლი შემდგომში დააყენებს რუსეთის გაზისთვის სანქციების მოხსნისა და გაყინული რუსული აქტივების გათავისუფლების საკითხებს.

დონალდ ტრამპის განცხადებების მიუხედავად, ზელენსკიმ თქვა, რომ ბენზინისა და დიზელის ფასები აშშ-ში და მსოფლიოში არ მატულობს უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე მიტანილი დარტყმების გამო. ზელენსკის თქმით, ეს ხდება ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის ბლოკირების შედეგად.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში Starlink-ის სატელიტური კავშირის შეზღუდვა განხორციელდა აშშ-ის ხელისუფლების ბრძანებით, ხოლო კომპანიამ SpaceX ამაში მხოლოდ ტექნიკური როლი შეასრულა. ზელენსკის სიტყვებით, Starlink-ის კავშირი - რომლითაც უკრაინის არმია სარგებლობს - ქვეყანაში სრული მოცულობით კვლავაც არ არის აღდგენილი.

უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას სამი დღის განმავლობაში არ აწვდიდა სადაზვერვო მონაცემებს, თუმცა ამჟამად მათი მიწოდება აღდგენილია. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა სადაზვერვო მონაცემებს სხვა წყაროებისგანაც იღებს, თუმცა ის სწორედ აშშ-ის მონაცემებს ეყრდნობა რუსეთის ბალისტიკური იარაღის გაშვებაზე დაკვირვებისთვის - და სამი დღის განმავლობაში უკრაინა ამ მონაცემების გარეშე რჩებოდა.

ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ ტრამპი შეცვლის თავის გადაწყვეტილებებს და დამოკიდებულებას რუსეთთან და ვლადიმირ პუტინთან. წამყვანის კითხვას, რამდენად შეძლებს უკრაინა იომოს აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე, ზელენსკიმ უპასუხა: "აშშ-ის გარეშე ჩვენთვის ძალიან რთული იქნება. ... მაგრამ თუ აშშ ოფიციალურად დადგება პუტინის მხარეს და რუსეთს დაუჭერს მხარს, თუ ეს ორი ქვეყანა ერთად იქნება, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გავიმარჯვებთ, ვერ შევძლებთ გაძლებას. ეს გასაგებია. ამიტომაც, იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი გუნდი ჩვენს მხარეს იქნებიან. ან, როგორც მინიმუმი, იქნებიან შუაში".

NBC News-მა ინტერვიუ ჩაწერა აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან, სკოტ ბესენტთანაც. მან კატეგორიულად უარყო და "უპასუხისმეგბლო" უწოდა ზელენსკის განცხადებებს აშშ-ის ხელისუფლების კავშირზე უკრაინაში Starlink-ის შენელებასთან. ბესენტი ზელენსკის ურჩევს უფრო ფრთხილად მოეკიდოს თავის განცხადებებს, რომლებიც, მისი თქმით, არ შეესაბამება სიმართლეს. ბესენტმა ასევე თქვა, რომ ტრამპს რუსეთისთვის სანქციები არ მოუხსნია, მან მხოლოდ "60-დღიანი პაუზა აიღო, რათა გაერკვეს ვითარებაში, თუ რა ხდება", ხოლო ემბარგო მხოლოდ დიზელის საწვავს მოეხსნა.

ტელეწამყვანმა ბესენტს სამჯერ გაუმეორა კითხვა, არის თუ არა აშშ უკრაინის მოკავშირე. ბესენტმა სამჯერვე უარი თქვა პირდაპირი პასუხის გაცემაზე. ბოლო ჯერზე მან აღნიშნა, რომ იგი არც პრეზიდენტია და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG