"უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას შესაძლოა მოეახლოებინა უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა, მაგრამ სამმხრივ შეხვედრას რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის "საწინააღმდეგო ეფექტი თუ მოახდენდა - უბიძგებდა პუტინს ომის გაგრძელებისკენ," - წერს სიბიჰა.
"ასეთ შეხვედრაზე პუტინის მიწვევა... მას შესძენდა სტატუსს, რომელსაც ის არ იმსახურებს, ის არაა გლობალური ლიდერი, ის ომის დამნაშავეა. რუსეთი კი არაა გლობალური ძალა, ის გლობალური პრობლემაა... ნებისმიერი პრაგმატული თუ მორალური საზომით პუტინის ადგილი არ არის პრეზიდენტ ტრამპისა და სის გვერდით", - მიიჩნევს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სიბიჰა აღნიშნავს, რომ "რუსეთის ეკონომიკა ამერიკის ეკონომიკაზე სულ მცირე 13-ჯერ პატარაა და რვაჯერ მცირე ჩინურთან შედარებით და ის განუხრელად მცირდება, რუსეთის მოქალაქეების ცხოვრების დონესთან ერთად".
მისი სიტყვებით, ერთადერთი, რამაც შეიძლება პუტინს ამ მაგიდასთან ადგილის დაკავების უფლება მისცეს, მშვიდობისკენ გადადგმული სერიოზული ნაბიჯია. მაგალითად, "ასეთ შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებაზე დათანხმება. სანამ ის ტერორს განაგრძობს, მისთვის არც ერთ მოლაპარაკების მაგიდასთან ადგილი არ უნდა იყოს”, - წერს სიბიჰა.
პუტინმა ტრამპსა და სი ძინპინს უკრაინის საკითხის ზელენსკის გარეშე განხილვა შესთავაზა
The Wall Street Journal-ის (WSJ) ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მონაწილეობით სამმხრივი სამიტის გამართვა შესთავაზა, რომელზეც ომის დასრულების საკითხს განიხილავდნენ.
გამოცემის ცნობით, ინიციატივა პუტინსა და ტრამპს შორის 9 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს გაჟღერდა. მხარეები მაშინ რუსული დიზელის საწვავის მიწოდებაზეც შეთანხმდნენ.
შეხვედრა შესაძლოა 18–19 ნოემბერს, ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში გაიმართოს. უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობა გათვალისწინებული არ არის.
კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა WSJ-ს დაუდასტურა, რომ შეხვედრის შესაძლებლობა განიხილება, თუმცა მისი გამართვისა და დღის წესრიგის შესახებ შეთანხმება ჯერ არ არსებობს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ადმინისტრაციის ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ტრამპს სამიტზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. გამოცემის წყაროების მტკიცებით, ჩინეთის მხარე მოლაპარაკებების წინააღმდეგი არ არის, იმ პირობით, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას.
მარკო რუბიოს გამოხმაურება
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, დღეს 19 ოქტომბერს უზბეკეთში ვიზიტისას მედიასთან საუბარში ამ საკითხის კომენტირებისას განაცხადა, რომ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთთან ომის დასრულებაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება.
უკრაინაში ომის დასრულების საკითხის განხილვის მიზნით აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრის შესახებ შეკითხვაზე პასუხად რუბიომ განაცხადა:
„შეხვედრის შესახებ საუბრები იყო. არ ვიცი, საბოლოოდ შეთანხმებულია თუ არა, მაგრამ პრეზიდენტმა თავისი პოზიცია მკაფიოდ გამოხატა. მას სურს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი დასრულდეს“.
რუბიოს თქმით, აშშ "ამ ომში კარგს ვერაფერს ხედავს".
რუბიო კვირას საღამოს სამარყანდში ჩავიდა, სადაც C5+1 ფორმატის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს. ეს ფორმატი აერთიანებს აშშ-სა და პოსტსაბჭოთა ცენტრალური აზიის ხუთ სახელმწიფოს - უზბეკეთს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთსა და თურქმენეთს.
გასული წლის ნოემბერში ტრამპმა C5-ის ქვეყნების ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლა.
„ჩვენ ვხედავთ მის უამრავ უარყოფით შედეგს, მათ შორის ესკალაციისა და კონფლიქტის სხვა ქვეყანაში გავრცელების ძალიან რეალურ საფრთხეს - წარუმატებელი დივერსიული თავდასხმის ან იმის გამო, რომ ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით დაზიანებული დრონები მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ“, - აღნიშნა მან.
აშშ ცდილობს, შუამავლობა გაუწიოს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას უკრაინაში ომის დასასრულებლად. ამასთან, ტრამპმა რუსეთთან დიზელის საწვავის იმპორტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია და მოსკოვის წინააღმდეგ ზოგიერთი სანქცია გააუქმა. მისი განმარტებით, ამ ნაბიჯების მიზანია, კრემლი მოლაპარაკების მაგიდასთან დარჩეს.
კიევზე 19 ოქტომბრის ღამით რუსეთის მორიგი საჰაერო თავდასხმის შედეგად კი ერთი ქალი დაიღუპა და ბოლო ცნობებით, რვა ადამიანი დაშავდა, დაზიანდა მეტროს ორი სადგური და მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
ფორუმი