Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბერტას პროვინცია კანადის შემადგენლობაში უნდა დარჩეს - რეფერენდუმის წინასწარი შედეგები

კანადის შემადგენლობაში ალბერტას დარჩენის მომხრეთა რეაქციები 19 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარ შედეგებზე
კანადის შემადგენლობაში ალბერტას დარჩენის მომხრეთა რეაქციები 19 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარ შედეგებზე

კანადის ალბერტას პროვინციის მცხოვრებთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს რეგიონის დარჩენას კანადის შემადგენლობაში.

ალბერტაში 19 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, მონაწილეთა დაახლოებით 76% მიემხრო კანადის პროვინციად დარჩენას.

შეკითხვა იყო: უნდა დარჩეს ალბერტა კანადის პროვინციად, თუ ადგილობრივმა მთავრობამ უნდა დაიწყოს კანადის კონსტიტუციით გათვალისწინებული იურიდიული პროცესი სავალდებულო ძალის მქონე რეფერენდუმის ჩასატარებლად კანადიდან ალბერტას გამოყოფის საკითხზე?

წინასწარი შედეგებით, თითქმის 76%-მა უპასუხა, რომ ალბერტა კანადის პროვინციად უნდა დარჩეს, ხოლო 24% იურიდიული ძალის მქონე რეფერენდუმის ჩატარებას მიემხრო.

ნავთობითა და გაზით მდიდარი ალბერტა, სადაც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, კანადის დასავლეთში მდებარეობს, ქვეყნის დედაქალაქ ოტავიდან დაახლოებით 2,9 კილომეტრში. ალბერტა კანადის მთავარი ეკონომიკური დონორია.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ, რომელიც ალბერტაში გაიზარდა, რეფერენდუმის შედეგს უწოდა პროვინციის მცხოვრებთა მკაფიო არჩევანი და განაცხადა, რომ მათ უპირველეს ყოვლისა, კანადა აირჩიეს.

რეფერენდუმის საბოლოო ოფიციალური შედეგები 29 ოქტომბერს გამოცხადდება. კანადის შემადგენლობაში დარჩენის გარდა, სარეფერენდუმო შეკითხვები ეხებოდა სხვა საკითხებსაც, მათ შორის მიგრაციაზე კონტროლის გაძლიერებას და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებებს.

ალბერტას პრემიერ-მინისტრმა დანიელ სმიტმა კანადის შემადგენლობაში პროვინციის დარჩენის ან სავალდებულო ძალის მქონე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი ოქტომბრის რეფერენდუმის შეკითხვებს შორის შეიტანა 2026 წლის მაისში, რასაც წინ უძღოდა ალბერტას დამოუკიდებლობის მომხრეთა პეტიცია. მას ხელი 300 ათასამდე ადამიანმა მოაწერა. თავად სმიტი მოწინააღმდეგეთა შორისაა.

ალბერტას დამოუკიდებლობის მომხრეები აცხადებენ, რომ პროვინცია საკმაოდ დიდ ფულს აძლევს კანადის ცენტრალურ მთავრობას და სანაცვლოდ ბევრს არაფერს იღებს.

კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი ალბერტას მცხოვრებთ მოუწოდებდა, უარი ეთქვათ კანადისგან გამოყოფის მხარდაჭერაზე და აცხადებდა, რომ მზად არის საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, რათა პროვინციას მეტი უფლებამოსილება მისცენ.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG