Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პრემიერი ქვეყანაში მომხდარ არეულობებში ულტრამემარცხენე ჯგუფებს ადანაშაულებს

საპროტესტო დემონსტრაციები საფრანგეთში ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა. 16 ოქტომბერი, 2026 წელი
საპროტესტო დემონსტრაციები საფრანგეთში ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა. 16 ოქტომბერი, 2026 წელი

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ ხელისუფლება მომავალ შაბათ-კვირას უსაფრთხოების ძალების „მასობრივ“ მობილიზებას მოახდენს, ორგანიზატორებმა კი ახალი საპროტესტო აქციების გეგმები გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით გამართული დემონსტრაციების ფონზე არეულობები დაიწყო.

„მომავალი შაბათისთვის ძალების მობილიზება მასშტაბური იქნება“, - განაცხადა ლეკორნუმ პარლამენტში 20 ოქტომბერს.

მან აღიარა, რომ გასულ შაბათ-კვირას გამართული საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების ოპერაცია „ზედმეტად სტატიკური და არასაკმარისად მობილური“ იყო.

ლეკორნუმ ულტრამემარცხენე რადიკალური ჯგუფები „აჯანყების გეგმის“ შემუშავებაში დაადანაშაულა. სწორედ ამ გეგმამ გამოიწვია გასულ შაბათ-კვირას ძალადობრივი არეულობები, რომლებიც თან ახლდა ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ გამართულ საყოველთაო საპროტესტო აქციებს.

პარლამენტის ხმაურიან სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ლეკორნუმ დაგმო „გარკვეულ ადგილას აჯანყების გეგმის შემუშავება, რომელსაც უკიდურესი მემარცხენე და ულტრამემარცხენე რადიკალური ჯგუფები ხელმძღვანელობენ“. მან დასძინა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს მსგავსი ჯგუფების „მსვლელობას ელისეს სასახლისა თუ მატინიონისკენ“, - იგი გულისხმობდა პრეზიდენტისა და პრემიერმინისტრის სამუშაო რეზიდენციებს პარიზში.

პარიზის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სამშაბათს X-ზე (ყოფილი Twitter) გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასულ უქმეებზე მომხდარი ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქში დაწესებული შეზღუდული კომენდანტის საათი სამშაბათს საღამოსაც გაგრძელდება და შესაძლოა ძალაში დარჩეს იმ ვადით, რაც აუცილებლად ჩაითვლება.

კომენდანტის საათი ადგილობრივი დროით 23:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებს და ძირითადად დედაქალაქის რესპუბლიკისა
(Republique) და ალეს (Halles) რაიონებს მოიცავს.

საფრანგეთის ქალაქებში გასულ შაბათ-კვირას დემონსტრაციები გაიმართა მაღალი ფასების და საჯარო სერვისების დონის ვარდნის გასაპროტესტებლად.

დაიღუპა ერთი დემონსტრანტი, დაშავდა ასობით პოლიციელი, დააკავეს 1800-მდე პირი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე დემონსტრაციები შაბათს არეულობაში გადაიზარდა, ქალაქ ლიმოჟში დაიწვა მერიის შენობა, გაიძარცვა მაღაზიები, შენობების კედლები გრაფიტის ნაწერებით დაიფარა.

ბევრ ქალაქში შეტაკებები იყო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის.

ერთი დემონსტრანტი გულის შეტევით გარდაიცვალა პარიზში მიმდინარე დემონსტრაციაზე. პოლიციამ ქალაქში 855 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მთელი საფრანგეთის მასშტაბით დაშავდა 500-ზე მეტი პოლიციელი.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG