Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: დემოკრატების კონტროლქვეშ მყოფი კონგრესი ტრამპის დღის წესრიგს ვერ შეაჩერებს

 აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი (არქივი)
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი (არქივი)

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატას, თუ მას დემოკრატები გააკონტროლებენ, ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეეძლება ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის შეჩერების მიზნით.

„ვფიქრობ, მათი შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია,“ — აღნიშნა ბესენტმა 2Way TV-სთან ინტერვიუში, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე ორი კვირით ადრე.

„ჩვენ გვაქვს ტარიფების დაწესების მყარი უფლებამოსილება,“ - დასძინა მან იმ ოპოზიციის პასუხად, რომელსაც დემოკრატები ტრამპის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე ფართომასშტაბიანი ტარიფების დაწესების მიმართ გამოხატავენ.

კონგრესზე კონტროლის ბედი 3 ნოემბრის არჩევნებზე გადაწყდება, სადაც ამომრჩევლები წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრებს, ასევე შტატების გუბერნატორებს აირჩევენ. ამჟამად რესპუბლიკურ პარტიას მცირე უმრავლესობა აქვს როგორც სენატში, ისე წარმომადგენელთა პალატაში.

არჩევნები იმ ფონზე ტარდება, როდესაც აშშ-ის და ისრაელის ომის გამო ირანთან საწვავის ფასები გაიზარდა, რამაც ცხოვრების გაძვირებასთან დაკავშირებით მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია და ტრამპის რეიტინგის ვარდნა განაპირობა.

ბესენტის თქმით, ფინანსთა სამინისტროს ძალისხმევა ირანის ეკონომიკური იზოლაციისკენ ეფექტურად მუშაობს.

„აგვისტოს შემდეგ ხარქის კუნძულზე მდებარე ირანულ ნავთობობიექტზე დატვირთვის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ირანს ამჟამად წყალში ნავთობი არ აქვს,“ — თქვა მან.

„პანიკა იწყება... არ ვიცი, ამას კიდევ ოთხი კვირა დასჭირდება თუ რვა, მაგრამ გარკვეულ მომენტში მათი ეკონომიკა კოლაფსს განიცდის,“ — დასძინა მინისტრმა.

ბესენტმა ასევე აღნიშნა, რომ ჯერ არ სმენია, მიიღო თუ არა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტრამპის მოწვევა დეკემბერში ფლორიდაში დაგეგმილ G20-ის სამიტზე დასასწრებად.
„მისი დასტური ან უარი ჯერ არ მინახავს,“ — განაცხადა ბესენტმა.


ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი დათანხმდა გლობალური ბაზრებისთვის დიზელის მიწოდებას, რის გამოც მისმა ადმინისტრაციამ დროებით მოხსნა აშშ-ის სანქციები რუსულ საწვავზე — სანქციები, რომლებიც თავდაპირველად მოსკოვისთვის უკრაინაში ომის დაფინანსების წყაროების შესაზღუდად იყო დაწესებული.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG