Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის დაცვის ვალდებულება შეახსენეს ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად მისი სარჩელის განხილვის წინ

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე

საქართველოში ხუთი ოპოზიციური გაერთიანების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დაწყებამდე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ საქართველოს შეახსენა ნაკისრი ვალდებულებები და მმართველ უმრავლესობას დემოკრატიისა და პოლიტიკური პლურალიზმის დაცვისკენ მოუწოდა.

  • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 21 ოქტომბერს იწყებს „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას.
  • მმართველი პარტია ითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტებისა“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას.
  • ოპოზიცია განხილვაში აქტიურად მონაწილეობასთან ერთად საპროტესტო აქციებს გეგმავს.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე 20 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ პროცესის შედეგს წინასწარ არ აფასებს და პატივს სცემს სასამართლო ხელისუფლების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, ხოლო მმართველ უმრავლესობას მოუწოდებს, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პოლიტიკური პლურალიზმი აუცილებელია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრის მთავარი ვალდებულებაა. საქართველო, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე, ვალდებულია გარანტირებული ჰქონდეს აზრის გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებებისა და გაერთიანებების თავისუფლება. ეს უფლებები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას აძლევს თავისი შეხედულებების გამოხატვისა და არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

რას მოითხოვს ევროპული სასამართლოს პრაქტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა მოითხოვს განსაკუთრებულად წონიან საფუძველს პოლიტიკური პარტიის გასაუქმებლად, აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრი მოთხოვნების დაცვით.

ეს ევროპის ერთიანი სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია, სივრცის, რომელსაც საქართველო ეკუთვნის.

ალან ბერსეს თანახმად, მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ამ პირობების დაცვისა და როგორც პარლამენტში, ისე მის მიღმა პოლიტიკური ოპოზიციის კანონიერი როლის პატივსაცემად.

საფრთხე ბალანსისა და შეკავების მექანიზმებისთვის

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, მმართველი პარტია, რომელიც თავისი ძალაუფლების დემოკრატიული შემზღუდველების მოხსნას ცდილობს, ასუსტებს თავად ქვეყანას, რომლის სამსახურისკენაც მიისწრაფვის.

ბერსე ხაზს უსვამს, რომ სასამართლო პროცესის ფონია სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მზარდი შეზღუდვები. ეს მოვლენები ერთობლიობაში საფრთხეს უქმნის ბალანსისა და შეკავების იმ მექანიზმებს, რომლებიც აუცილებელია საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის.

ევროპის საბჭო მოვლენების განვითარებას ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა ხელი შეუწყოს კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.





ფორუმი

​
XS
SM
MD
LG