თბილისის ერთ-ერთი კვების ობიექტის 22 წლის თანამშრომელი, თამაზ მთივლიშვილი, პროკურატურის ინფორმაციით, თავის დაბადების დღეზე, 2025 წლის 17 თებერვალს, განსაკუთრებული სისასტიკით ცემის შედეგად მოკლეს. სამზარეულოს ხის დაფა, რომლითაც მთივლიშვილს გაუსწორდნენ, რამდენიმე დღის შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილის საცხოვრებელ სახლში იპოვეს.
პაპაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "მ" ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.
მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი მიმალვაში იმყოფებოდა და ძებნილი იყო, ის თებერვალში რუსეთმა გადმოსცა საქართველოს.
ამავე საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, რომელსაც გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ბაირამ ალი გუსეინოვი, ამ დრომდე არა დაკავებული, ის საქართველოდანაა გაქცეული.
საქმეზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი კიდევ სამი მსჯავრდადებულის მიმართ. ისინი მთივლიშვილის თანამშრომლები იყვნენ - ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძეს, ბაირამ ალი გუსეინოვის მსგავსად, ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.
ბაირამ ალი გუსეინოვს თავისუფლების აღკვეთა (დაუსწრებლად) 7 წლით, ლუკა გვენეტაძეს 5 წლით, საბა რობაქიძესა და ვერიკო კაპანაძეს კი 4,3-4,3 წლით აქვთ მისჯილი.
სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ მედიასთან კომენტარში გიორგი პაპაშვილის დედამ, ლეილა დეკანოიძემ, თქვა, რომ მისმა შვილმა აღიარა დანაშაული, თუმცა გამოტანილ გადაწყვეტილებას უვადო პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. მისი თქმით, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა უფრო სამართლიანი განაჩენი იქნებოდა.
"ჩემი შვილი დამნაშავეა, ოჯახის მწუხარებას ვიზიარებ, მეც დედა ვარ, დამნაშავეა, მაგრამ ისე არა, რა განაჩენიც გამოუტანეს. ვიბრძოლებ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე", - თქვა ლეილა დეკანოიძემ.
თამაზ მთივლიშვილის დედის, ეთერ აკოფაშვილის შეფასებით სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი.
“ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება და განაჩენი. სწორედ ამისთვის ვიბრძოდი, სწორედ ამისთვის მოვედი დღემდე! სწორედ ამას ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმე, არსი და მართლმსაჯულება, რომ მკვლელების და ჯალათების ადგილი არ არის ამ ქვეყანაში”, - თქვა ეთერ აკოფაშვილმა.
საქმის გარემოებები
საქმის პროკურორმა 2025 წლის 23 თებერვალს სასამართლო პროცესზე თქვა, რომ მოკლული თამაზ მთივლიშვილი თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა ვერიკო კაპანაძესთან, ლუკა გვენეტაძესთან, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვთან ერთად. შემდეგ კი მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილთან ავიდნენ სახლში. ისინი თანამშრომლები იყვნენ.
პროკურორის ცნობით, პაპაშვილმა მთივლიშვილს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ფიზიკური - თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, საყოფაცხოვრებო ნივთით.
„2025 წლის 18 თებერვალს შუადღის საათებში ბრალდებულმა გიორგი პაპაშვილმა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თამაზ მთივლიშვილს სხეულის სხვადასხვა არეში, ძირითადად, ეს იყო თავის და კისრის მიდამოში, გამეტებით დაუწყო ფიზიკური ძალადობის მიყენება. სამივე ბრალდებული, რომელიც ახლა ბრალდებულის სკამზე ზის, ამ ყველაფერს უყურებდა და კიდევ მეოთხე, რომელმაც დროებით გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
აქ მარტო ხელი არ იყო ნარტყამი, ბატონო მოსამართლე, ეს იყო სამზარეულოს ხის დაფა, რომელიც იმ დოზით ჩაარტყა ბრალდებულმა გარდაცვლილს, რომ გატეხა შუაზე და ჩვენ ეს ამოვიღეთ უკვე ნამსხვრევები აღნიშნული დაფის. სისტემატიურად ხდებოდა, მოასულიერებდნენ, ისევ აგრძელებდა ფიზიკური დარტყმების განხორციელებას და უკვე იატაკზე რამდენჯერმე თავი დაარტყმევინა თამაზ მთივლიშვილს, რის შემდეგაც ასევე ფეხი ჩაარტყა თავის არეში.
შედეგად, სამწუხაროდ, თამაზ მთივლიშვილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა და როგორც (ერთ-ერთი)ბრალდებულის ოქმშია ასახული, დაზიანებული აქვს თავის მთელი მიდამოში“, - თქვა პროცესზე პროკურორმა.
პროკურორის ცნობით, გარდაცვალების მიზეზი თავის ტვინში სისხლჩაქცევები და შეშუპებაა. ცნობილია მკვლელობის მოტივიც, თუმცა მას გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს.
„ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია, რომ გარდაცვლილი მოკლულია განსაკუთრებული სისასტიკით", - უთხრა პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს პროკურორმა.
მისივე ცნობით, მოკლული თამაზ მთივლიშვილი ორი დღის შემდეგ გიორგი პაპაშვილის სახლში მკვლელობაში ბრალდებულის დედამ იპოვა. მისი ცხედარი მკვლელობაში ბრალდებულმა ბინაში ჩაკეტა.
„112-ში დარეკა ბრალდებულის დედამ. სახლი, სადაც მკვლელობა მოხდა, ბრალდებულს დროებით მფლობელობაში ჰქონდა. მან აღმოაჩინა გარდაცვლილი 20 თებერვალს და დარეკა 112-ში.
... როგორც მარჯვენა, ასევე მარცხენა საფეთქელი ჰქონდა დაზიანებული გარდაცვლილს. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 38 ნივთმტკიცება. მათ შორის, ბლაგვი საგანი, რომელიც გამოიყენა ბრალდებულმა, გარდა იმისა, რომ ხელებს და ფეხებს ურტყამდა. დაინიშნება ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდება, ვისი და რა კვალია ამ საგანზე“, - თქვა პროკურორმა.
ფორუმი