Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალპებში ჰიტლერის სახლში დიდი ხანძარი გაჩნდა

კელშტაინჰაუსი - ჰიტლერის სასტუმრო სახლი ბავარიის ალპებში.
კელშტაინჰაუსი - ჰიტლერის სასტუმრო სახლი ბავარიის ალპებში.

23-24 ოქტომბრის ღამეს მასშტაბური ხანძარი გაჩნდა ისტორიულ სასტუმრო სახლ „არწივის ბუდეში“, რომლითაც გერმანიის ფიურერი ადოლფ ჰიტლერი და სხვა მაღალჩინოსანი ნაცისტები სარგებლობდნენ. ბავარიის პოლიციის ცნობით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილი.

ხანძარი ალპურ კურორტზე, რომელიც „არწივის ბუდის“ ან კელშტაინჰაუსის სახელითაა ცნობილი, პარასკევს საღამოს დაიწყო.

ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:15 საათზე გავრცელდა. პოლიციის თქმით, ადგილზე მისული მეხანძრეები გზიდანვე ხედავდნენ ალს, რომელიც „ნათლად მოჩანდა“ შორიდან, შემთხვევის ადგილზე კი აღმოაჩნიეს „მთლიანად ცეცხლში გახვეული“ შენობა. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი, ცეცხლის ქრობის პროცესს ართულებდა რთულად მისადგომი მდებაოება. არავინ დაშავებულა.

შემთხვევის ადგილის მახლობლად დააკავეს საეჭვო პირი და ახლა გამომძიებლები ადგენენ, არის თუ არა ის დაკავშირებული ხანძრის გაჩენასთან, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში. სავარაუდო მოტივების შესახებ ჯერჯერობით არ იუწყებიან. გერმანულმა ტაბლოიდმა Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული მოტოციკლით გადაადგილდებოდა.

სასტუმრო სახლი კელშტაინის მთაზე, 1834 მეტრის სიმაღლეზე, ბავარიის ალპების ბერხტესგადენის ოლქში, 1937-1938 წლებში აშენდა, როგორც NSDAP-ს (ნაციონალ-სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია) საჩუქარი ჰიტლერის 50 წლის იუბილეზე. იქვე მახლობლად მდებარეობდა ჰიტლერის საზაფხულო რეზიდენცია ბერგჰოფი.

მდივან კრისტა შრიოდერის თქმით, ჰიტლერი სახლს იშვიათად სტუმრობდა, რადგან ცუდად იტანდა გამეჩხერებულ ჰაერს, თუმცა მასში მაღალჩინოსან უცხოელ სტუმრებს იწვევდა, რათა ისინი შესანიშნავი არქიტექტურული მარგალიტით აღეფრთოვანებინა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ობერზალცბერგი აშშ-ის ჯარებმა დაიკავეს. კელშტაინჰაუსში სამხედრო შტაბი განთავსდა. ამერიკელებმა რეზიდენციის კონფისკაცია 1946 წლის 1 აპრილს მოახდინეს, თუმცა სახლი უკვე 1951 წელს დაუბრუნეს ბავარიის მთავრობას, რომელმაც მისი დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით სასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაბლოკა.

ომის შემდეგ „არწივის ბუდე“ ფილმების გადასაღებად გამოიყენებოდა.

1960 წელს, ბავარიის შემადგენლობაში ბერხტესგადენის შესვლის 150 წლისთავთან დაკავშირებით, ამ ფედერალური მიწის მთავრობამ შენობაზე კონტროლი გადასცა სპეციალურ ფონდს, რომელიც მიღებული შემოსავლების საქველმოქმედო მიზნით გამოყენებას უზრუნველყოფს. ეს არის ტურისტებში საკმაოდ პოპულარული სასტუმრო სახლი რამდენიმე რესტორნით.

კელშტაინჰაუსის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ ეს ადგილი წარმოადგენს „გაფრთხილება-შეხსენებას არაადამიანური ნაცისტური დიქტატურის უფსკრულების შესახებ“.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG