Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-თან აქცია გამართა 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახმა

აქცია საქართველოს შს სამინისტროსთან. 2026 წ. 24 ოქტომბერი
აქცია საქართველოს შს სამინისტროსთან. 2026 წ. 24 ოქტომბერი

შსს-თან აქცია გამართა 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის ოჯახმა.

აქციის მსვლელობისას გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა საზოგადოებას მიმართა და საქმის გამოძიების დაჩქარება მოითხოვა:

"12 წლის მანძილზე გამოძიებამ არაფერი გამიკეთა. თქვენი თანადგომით, ერთიანი ძალებით საქმე გადმოვიდა თბილისში, რისი დიდი იმედიც მაქვს. ალბათ ყველას გაინტერესებთ, სად გაუჩინარდა ჩემი შვილი?! <…> მხოლოდ იმას მოვთხოვ, რომ სულ ერთხელ მაინც დამანახო ჩემი შვილი. ვისაც ჰყავს, როგორიც ჰყავს ისეთი მინდა ჩემი შვილი. ჩემთან ერთად არიან სხვა დედები, რომლებმაც შვილები დაკარგეს და დღემდე იმათაც ვერ უპოვიათ. ძალიან ვთხოვ გამოძიებას, დააჩქარონ, რაც შეიძლება სწრაფად იმოქმედონ. მათ ყველაფერი უკვე ხელში უჭირავთ, ყველა მოწმე, ჩვენება, ყველაფერი. აღარაფერი დარჩენიათ, უბრალოდ თქვან, რა მოუვიდა და სად გააქრეს ბავშვი”.

სოფო ბიბილაშვილმა მადლობა გადაუხადა ადვოკატ ტარიელ კაკაბაძესა და მის ჯგუფს, რომელმაც გამოძიების პროცესი დააჩქარა.

ტარიელ კაკაბაძის თქმით, ხელახალი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ საქმეში არსებობდნენ სხვა პირები, რომლებიც აქამდე გამოკითხული საერთოდ არ იყვნენ და მათთვის არავის არანაირი შეკითხვა დასმული არ ჰქონდა. მისი თქმით, ასევე აღმოჩნდა, რომ ნამდვილად არსებობს გურამ დადიანიძის კომპიუტერი და ტელეფონი, რომლებსაც ამჟამად ექსპერტიზა უტარდებათ.

“ტელეფონი და ახლა, სულ ცოტა ხნის წინ ამოიღეს და გადაიგზავნა ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად. თუმცა ჩვენ დავინახეთ, რომ კონკრეტულ გამომძიებელს არ ჰქონდა იმის რესურსი, რომ გაეგრძელებინა ეფექტური გამოძიება და დღის წესრიგში დადგა საკითხი, რომ გამოძიება გადასცემოდა სხვა გამომძიებლებს, გადმოგზავნილიყო საქმე თბილისში და ჩვენ დავაყენეთ აღნიშნული მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დღეს ჩვენ ნამდვილად გვპირდებიან, რომ სახელმწიფო გამოიყენებს ყველა რესურსს და ისინი აუცილებლად შეძლებენ პასუხი გასცენ კითხვას, თუ რა ვითარებაში გაუჩინარდა გურამ დადიანიძე", - ამბობს ტარიელ კაკაბაძე.

17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე, სადაც ექსკურსიაზე იმყოფებოდა.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG