საფრანგეთში ცხოვრების დონის გაუარესების წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ მხოლოდ შაბათს, 24 ოქტომბერს, აქციებში 410 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან 110 ათასმა - პარიზში. თავის მხრივ, შრომის საყოველთაო კონფედერაცია (CGT), პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი და საფრანგეთის უმსხვილესი პროფკავშირული გაერთიანება, დემონსტრანტების რაოდენობას 800 ათასად აფასებს, მათ შორის 250 ათასად დედაქალაქში.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ლორან ნუნიესმა განაცხადა, რომ შაბათს 1 000-მდე ადამიანი დააკავეს.
„აშკარაა, ეს რიცხვი გაიზრდება, როდესაც შედეგებს შევაჯამებთ. 17 ოქტომბერს, ამავე დროს, 385 დაკავებული გვყავდა“, - თქვა მან.
პოლიცია, პროტესტის წინა დღეების მსგავსად, ხალხის წინააღმდეგ იყენებს წყლის ჭავლს, სინათლისა და ხმის ყუმბარებსა და ცრემლსადენ გაზს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ როგორც პოლიციელებს, ისე პროტესტის მონაწილეებს შორის. მაგალითად, ტულუზაში 20 წლის მამაკაცმა მტევნის მძიმე ტრავმა მიიღო, მან რამდენიმე თითი დაკარგა. ექიმის თქმით, რომელსაც ჟურნალისტები ესაუბრნენ, ტრავმა უკავშირდებოდა მახლობლად რაღაც მოწყობილობის აფეთქებას.
CGT მასშტაბური საყოველთაო გაფიცვისა და 5 ნოემბერს განმეორებითი დემონსტრაციის ჩატარების მოწოდებით გამოვიდა.
„დღევანდელი დღის მთავარი გზავნილი ნათელია: ვერანაირი რეპრესიები და დემონსტრაციების ჩატარების ვერანაირი აკრძალვები პროტესტს ვერ შეაჩერებს. რისხვა უზარმაზარია, ხოლო გადაწყვეტილება - კიდევ უფრო მტკიცე. მთავრობამ და დამსაქმებლებმა სასწრაფოდ უნდა უპასუხონ სოციალურ მოთხოვნებს“, - ნათქვამია პროფკავშირის განცხადებაში.
საფრანგეთში საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. თავდაპირველად პროტესტის მთავარი მონაწილეები სკოლის იყვნენ მოსწავლეები - ისინი განათლების ხარისხისა და სახელმწიფო სკოლების დაფინანსების დონის ამაღლებას ითხოვდნენ. შემდგომში მათ შეუერთდნენ სტუდენტები, მშობლები და პედაგოგები. ამის შემდეგ მალევე დღის წესრიგი და დემონსტრანტების რაოდენობა გაფართოვდა: პროტესტს შეუერთდნენ პროფკავშირები, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივისტები, „ყვითელი ჟილეტები“ და მოქალაქეთა სხვა ჯგუფები, რომლებიც უკმაყოფილო არიან ფასების ზრდით, სოციალური სფეროს სახელმწიფო დაფინანსების შემცირებით, საზოგადოებრივი სამსახურების დაცემითა და პოლიციის ძალადობით.
ფორუმი