უკრაინის სამხედროებმა 24-25 ოქტომბრის ღამესა და კვირას დილით რუსეთის რამდენიმე რეგიონზე განახორციელეს დარტყმები.
პერმის მხარეში, გუბერნატორ დმიტრი მახონინის მონაცემებით, იერიში მიიტანეს სამრეწველო საწარმოზე. ხუთმა ადამიანმა მიიღო ტრავმები. უკრაინული სამონიტორინგო არხები წერენ, რომ იერიში მიიტანეს ქალაქ ბერეზნიკიში მდებარე ტიტანის შენადნობების მწარმოებელ საწარმო „ავისმაზე“.
მახონინის თქმით, „სამრეწველო ობიექტმა“ უმნიშვნელო დაზიანება მიიღო და მუშაობას აგრძელებს.
უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებულად დაარტყეს ბელგორდს.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ შუვაევმა განაცხადა, რომ დარტყმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 14 კი დაიჭრა. შუვაევის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა 30 მრავალბინიანი სახლი, ასევე ადმინისტრაციული შენობები, კომერციული და სოციალური ობიექტები. გამოქვეყნებული ფოტო- და ვიდეომასალიდან ირკვევა, რომ სხდვათა შორის დაარტყეს სავაჭრო-გასართობ ცენტრ „მეგაგრინს“.
კურსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ ხინშტეინმა დაწერა, რომ რეგიონში ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა 11 ათასამდე ადამიანი, დაშავდა ერთი ადამიანი, დღე-ღამის განმავლობაში ოლქის თავზე ჩამოაგდეს 174 უპილოტო აპარატი. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ღამის განმავლობაში 500-ზე მეტი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, დამოუკიდებელი მონაცემები არ მოიპოვება. უკრაინის სამხედროებს დარტყმებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
გუშინ მასირებული იერიში მიიტანეს ომსკის სამრეწველო ზონაზე - ამასთან, გავრცელებული ცნობებით, მისი მიზანი არ ყოფილა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. ასევე თავდასხმა განხორციელდა ქვესადგურ „ტამანზე“, რის გამოც ანექსირებულ ყირიმში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებები წარმოიშვა.
ფორუმი