Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორე ტური და დაბალი აქტივობა - ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები

ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 25 ოქტომბერს ჩატარდა
ბულგარეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 25 ოქტომბერს ჩატარდა

ბულგარეთში 25 ოქტომბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერის გადალახვა.  

ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 34%-ით ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვაა, ხოლო მეორეზე 32%-ით - ყოფილი პრემიერი ანდრეი გიუროვი.

მათი მონაწილეობით არჩევნების მეორე ტური პირველ ნოემბერს უნდა ჩატარდეს.

  • ბულგარეთის პრეზიდენტად კენჭს იყრიდა სულ 27 კანდიდატი, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა თანამედროვე ბულგარეთის ისტორიაში ყველაზე დაბალი, 22% იყო, მაშინ, როცა არჩევნების კანონიერებისთვის 50%-ს უნდა აჭარბებდეს.

დაბალ აქტივობას ანალიტიკოსები ხსნიან პოლიტიკოსებისადმი უნდობლობით ბულგარეთში არსებული მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობისა და ეკონომიკური პრობლემების ფონზე.

საარჩევნო კამპანია

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიმდინარე კამპანიის მთავარი თემები იყო ინფლაცია და სხვა ეკონომიკური სირთულეები და რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და მისი შედეგები.

  • ბოლო ხანს ბულგარეთის სანაპიროსთან, შავ ზღვაში უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ოთხ სატვირთო გემზე. უკრაინაში ომთან სავარაუდოდ, კავშირი ჰქონდა ხანძრებსაც თანამგზავრული კავშირის, Starlink-ის სახმელეთო სადგურსა და იარაღის მწარმოებელი ქარხნის, ЕМСО-ს საწყობებში.

ბულგარეთის მოქმედი პრეზიდენტი ილიანა იოტოვა, რომელსაც მხარს უჭერენ სოციალისტური პარტია და პრემიერ-მინისტრ რუმენ რადევის მმართველი კოალიცია „პროგრესული ბულგარეთი“, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგება და რუსეთთან დიალოგის გზას ემხრობა.

ანდრეი გიუროვი, რომელიც ბულგარეთის პროდასავლური ძალების მხარდაჭერით სარგებლობს, უკრაინის დახმარებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან კავშირების განმტკიცების მომხრეა.

  • ნატოს და ევროკავშირის წევრი ბულგარეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა, ამიტომ ძირითად პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მთავრობა და პარლამენტი იღებენ.
  • პრეზიდენტი არმიის უმაღლესი მთავარსარდალია. შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს და ხელი მოაწეროს საერთაშორისო დოკუმენტებს.





ფორუმი

​
XS
SM
MD
LG