ყირიმის ხიდის „საავტომობილო ნაწილი მკვდარია“ - უკრაინის გენშტაბი

ყირიმის ხიდი ასე გამოიყურება 2026 წლის 17 ნოემბერს
ყირიმის ხიდი ასე გამოიყურება 2026 წლის 17 ნოემბერს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 17 ნოემბერს დღისით დაადასტურა, რომ გასულ ღამით თავდაცვის ძალებმა დაარტყეს „ყირიმის ხიდს“(ქერჩის ხიდი).

უკრაინის გენშტაბის განცხადებით, ძლიერი აფეთქებების შედეგად ხიდის „საავტომობილო ნაწილი მკვდარია“, ჩამოინგრა მისი თაღი, სარკინიგზო ნაწილის თაღი კი დაზიანებულია.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ყირიმის ხიდს დაარტყეს უკრაინული წარმოების დრონებითა და რაკეტებით.

ოპერაცია

უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, შედეგი მიღწეულია უკრაინელი მეომრების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციით, რომლის რეალიზება რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა თანდათან გააუვნებლეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და რადილოკაცია, რათა საბოლოოდ ხიდზე ყოფილიყო ფინალური კომპლექსური დარტყმა უკრაინაში შემუშავებული საშუალებებით.

გენერალური შტაბის განცხადებით, „ეს ოკუპანტებისთვის სიმბოლური დარტყმა არ არის. ხიდი იყო მთავარი არტერია, რომლითაც ნახვარკუნძულზე და შემდეგ უკრაინის სამხრეთში მიდიოდა საწვავი, საბრძოლო მასალები, ტექნიკა და პირადი შემადგენლობა“.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ოპერაცია შედგებოდა შვიდი ეტაპისგან, რის შემდეგაც ხიდს ჯერ უსაფრთხოების სამსახურის ძალებმა დაარტყეს, ფინალურ სტადიაზე კი მათ შეუერთდნენ თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფები.

უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმ „ალფას“ მეომრებმა ხიდის საავტომობილო ნაწილს დაარტყეს რაკეტა-დრონებით „პალიანიცა“. ოპერაციისთვის გამოყენებული იყო უკრაინული წარმოების რაკეტებიც „ფლამინგო“ და „ნეპტუნი“ და სხვა იარაღი (Dovbush, Da Vinci, Mich-2000, Ruta და ა.შ.).









​
XS
SM
MD
LG