ქარტიის ეს განცხადება დროში ემთხვევა პარლამენტის მიერ ბოლო ერთ კვირაში მიღებულ ორ გადაწყვეტილებას:
- „ფორმულის“ ჟურნალისტ ნინუცა კეკელიას 16 ნოემბერს მუშაობის უფლება 1 თვის ვადით შეუჩერეს;
- „TV პირველის“ ჟურნალისტს ხატია სამხარაძეს კი - 12 ნოემბერს (ერთი თვით).
მათ ედავებიან პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილი წესების დარღვევას.
„ამგვარი დამოკიდებულებით ჟურნალისტების მიმართ პარლამენტი მათი მრავალრიცხოვანი აუდიტორიისადმი უპატივცემულობას აჩვენებს. როდესაც ჟურნალისტები ვერ სვამენ შეკითხვებს, ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვებზე პასუხს ვერ იღებს საზოგადოება, რომელსაც სრულიად ლეგიტიმური ინტერესი აქვს საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესების მიმართ“, - აცხადებენ ქარტიაში.
შეზღუდვები ჟურნალისტებისთვის
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დაამტკიცა. დოკუმენტი 2023 წლის 1 მარტიდან მოქმედებს.
ამ წესების მიხედვით, თუ პარლამენტის წევრი უარს ამბობს კომენტარზე, ჟურნალისტი კი კითხვის დასმას მაინც განაგრძობს, ამისთვის მას შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შეზღუდვა დაუწესდეს.
პარლამენტში ჟურნალისტების მუშაობის წესების დარღვევისთვის სანქციებია გათვალისწინებული - აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შეიძლება ჟურნალისტს აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერდეს, დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი - ექვსი თვით. მისი სხვა ჟურნალისტით ჩანაცვლება პარლამენტში დაუშვებელია.
ამ წესებით, მედიასაშუალების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც საპარლამენტო საქმიანობას აშუქებენ, განისაზღვრა აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობა - ონლაინმედიისთვის ეს არის არაუმეტეს ოთხი ჟურნალისტისა.
ამ წესის დარღვევის საბაბით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედიის არაერთ ჟურნალისტს სხვადასხვა დროით შეუზღუდეს პარლამენტში მუშაობის უფლება.
- „TV პირველის“ ჟურნალისტებს: ნატა ქაჯაია (1 წელი), მაკა ჩიხლაძე (6 თვე), მაკა ანდრონიკაშვილი (1 თვე);
- „ფორმულის“ ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს (6 თვით).
ფორუმი