აშშ-ის მოსამართლემ შეაჩერა ტრამპის ნაბიჯები, შეუზღუდოს უცხოელ სტუდენტებს მუშაობის შესაძლებლობა

სტუდენტები ჰარვარდის უნივერსიტეტში (საილუსტრაციო ფოტო)
სტუდენტები ჰარვარდის უნივერსიტეტში (საილუსტრაციო ფოტო)

17 ნოემბერს, აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ შეაჩერა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, შეეჩერებინა სტაჟირება და სხვა პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობები, რომლებიც ხელმისაწვდომია აშშ-ის უნივერსიტეტებში ვიზებით მყოფი უცხოელი სტუდენტებისთვის.

ბოსტონში აშშ-ის რაიონულმა მოსამართლემ ჯულია კობიკმა გამოსცა დადგენილება, რომლის თანახმადაც აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS) აეკრძალა აგვისტოში მიღებული ორი დირექტივის აღსრულება, რომლებმაც უმაღლესი საგანმანათლებლო ჯგუფების თქმით, მოულოდნელად შეაფერხა უცხოელი სტუდენტებისთვის სასწავლო შესაძლებლობები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კობიკმა - რომელიც თანამდებობაზე დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ იქნა დანიშნული - გადაწყვეტილება მიიღო იმ სასამართლო დავაზე, რომელიც გასულ თვეში ოთხმა ორგანიზაციამ, მათ შორის „ამერიკულ უნივერსიტეტთა ასოციაციამ“ და „უმაღლესი განათლებისა და იმიგრაციის საკითხებზე პრეზიდენტთა ალიანსმა“, წამოიწყო.

ეს იყო მორიგი გამარჯვება იმ მოსარჩელეებისთვის, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობებს - დაუწესოს შეზღუდვები სტუდენტური ვიზის მფლობელებს, რაც მისი მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია. ორშაბათს, ბოსტონში სხვა ფედერალურმა მოსამართლემ გააუქმა ახალი წესი, რომელიც ზღუდავდა უცხოელი სტუდენტების აშშ-ში ყოფნის ხანგრძლივობას ვიზის ვადის გაგრძელების მოთხოვნის გარეშე.

შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.
კობიკის წინა საქმეში საგანმანათლებლო ჯგუფები ამტკიცებდნენ, რომ DHS-მა მკვეთრად შეზღუდა წესები, რომლებიც 35 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არეგულირებდა საერთაშორისო სტუდენტების მონაწილეობას სტაჟირებასა და სხვა პრაქტიკულ ტრენინგებში პროგრამის მეშვეობით, რომელიც ცნობილია როგორც სასწავლო პრაქტიკული მომზადება ან CPT.

მათ თქვეს, რომ უცხოელ სტუდენტებს ისტორიულად შეეძლოთ, მონაწილეობა მიეღოთ სკოლის მიერ ავტორიზებულ სტაჟირებასა და ტრენინგებში, თუ ისინი უშუალოდ იყო დაკავშირებული მათ სასწავლო სფეროსთან და შეადგენდა დადგენილი სასწავლო გეგმის განუყოფელ ნაწილს.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს CPT-ის (სასწავლო პრაქტიკული მომზადების) პროგრამაში მონაწილეობის უფლება სულ 140 775-მა სტუდენტური ვიზის მფლობელმა მიიღო. ამავე პერიოდში, CPT-ის მონაწილე სტუდენტების ორი, ყველაზე მსხვილი დამსაქმებლები Amazon-ი და Tesla იყვნენ.

თუმცა აგვისტოში, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა, რომელიც აკონტროლებს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურს (ICE), გამოაქვეყნა შეტყობინებები უნივერსიტეტებისთვის, რომლებშიც ნათქვამი იყო, რომ სტაჟირება და სხვა შესაძლებლობები მისაღები იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის ყველა სტუდენტისთვის და არ მოიცავს ფაკულტატიურ კურსებს, რომლებიც აკადემიური ჩათვლისთვის იყო გავლილი.



​
XS
SM
MD
LG