გარდაცვლილები არიან ორი ქალი და ბავშვი.
მცირე ხნით ადრე მაშველებმა ცოცხალი ამოიყვანეს ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.
ერთ-ერთი გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ამ სამი წლის ბავშვის დედაა, - თქვა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
ნანგრევებში დილიდან სულ შვიდ ადამიანს ეძებდნენ.
ახლა - 18:45 საათისთვის - მაშველები სამი ადამიანის ძებნას განაგრძობენ.
ერთი ბავშვი ცოცხალი იპოვეს
მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი კორპუსის პირველი სართულის ფანჯრიდან გადმოიყვანეს, დაახლოებით 6-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ.
მცირეწლოვანი გოგო კლინიკაში გადაიყვანეს. ჯერჯერობით უცნობია, რა სახის დაზიანებები შეიძლება აღენიშნებოდეს მას.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, ბავშვი კორპუსის მეორე და მესამე სართულს შორის იმყოფებოდა.
აფეთქება კორპუსში
19 ნოემბრის დილით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებებით კლინიკაში ოთხი ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფეთქების შემდეგ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.
კალაძის ინფორმაციით, კორპუსში 90 ოჯახი ცხოვრობდა. 28 მათგანი ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართში გადასვლას დასთანხმდა.
გამოძიება დაიწყო
როგორც ადგილზე მყოფმა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ უთხრა მედიას, სამაშველო ღონისძიებების პარალელურად, შესაბამის მოქმედებებს ატარებენ გამომძიებლებიც, იმ შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც მოცემულობა აძლევთ. ადგენენ კორპუსის მცხოვრებთა მონაცემებს.
„დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევით განვითარებულ მოვლენებს გულისხმობს... ექსპერტ-კრიმინალისტებიც აქტიურად არიან ჩართულები, მათ შორის, გამოყენებულია არაერთი დრონი, ტარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება. თავის მხრივ, სამაშველო სამსახური მუშაობს", - თქვა პროკურორმა ვეფხვაძემ.
- სისხლის სამართლის კოდექსის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი: ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის, ბუნებრივი წყალბადის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
- კანონის თანახმად, ეს დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
ფორუმი