უკრაინის მოკავშირეები “იალტის სტილის“ ტერიტორიული გაყოფის საფრთხეზე ლაპარაკობენ მას მერე, რაც ტრამპი თავის „მეგობარ“ პუტინს შეხვდა

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ბერლინი, 19 ნოემბერი
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ხვდება უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის. ბერლინი, 19 ნოემბერი

19 ნოემბერს ბერლინში ევროპელი მოკავშირეები უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ დაუშვებელია მშვიდობის საკითხის გადაწყვეტა მათი გვერდის ავლით. მანამდე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან გამართულ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „მეგობრად“ მოიხსენია.

ევროპა ცდილობს, ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

„მოსურნეთა კოალიციის“ შეხვედრაზე გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და იტალიის ლიდერები, ასევე ნატოს წარმომადგენლები და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები - სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი — შეიკრიბნენ.

შენჭენის შეხვედრამდე უკვე იყო ნახსენები შედარება 1945 წლის იალტის კონფერენციასთან - აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და საბჭოთა კავშირს შორის გამართულ შეკრებასთან, რომელმაც გავლენის სფეროები ოფიციალურად გააფორმა და იქცა სიმბოლოდ იმგვარი გარიგებებისა, რომლებსაც დიდი სახელმწიფოები მცირე ქვეყნებს ახვევდნენ თავს.

„იალტის“ ფორმატი მშვიდობას ვერ მოიტანს“, — განუცხადა ჟურნალისტებს შეხველდრის თანამასპინძელმა, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა და დასძინა, რომ ლიდერები ევროპის დანაწილებას არ დაუშვებენ.

მან ასევე სცადა, შენჭენის სამიტის მნიშვნელობა დაეკნინებინა და მას, უპირველეს ყოვლისა, „ფოტოს ერთად გადაღებისთვის შესაძლებლობა“ უწოდა.
„აშშ-ს ესმის, რომ ჩვენს გარეშე მშვიდობა ვერ დამყარდება. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, ვიცით, რომ როდესაც შეერთებული შტატები ჩვენ გვერდითაა, მშვიდობის პერსპექტივები იზრდება“, — დასძინა მერცმა.

მერცის გვერდით მდგომმა კუშნერმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპს სურს, სამშვიდობო შეთანხმებას ევროპასთან ერთად მიაღწიოს, და აღნიშნა, რომ რუსეთი დათანხმდა ევროპასთან მრავალმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

კუშნერის თქმით, ტრამპი, რომელიც ბერლინის სამიტს დისტანციურად ჩაერთო, პუტინსა და სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია“.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი მზადაა, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზოს, რომლებიც ნატოს ალიანსის მე-5 მუხლზე - ურთიერთდაცვის პრინციპზე იქნება დაფუძნებული, და რომ რუსეთი ამას "იღებს".

„ამერიკის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ, მე-5 მუხლის მსგავსი უსაფრთხოების გარანტიის გაცემა მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, და ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მზადაა, ეს საკითხი განიხილოს“, — განაცხადა კუშნერმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც მერცისა და სხვა ლიდერების გვერდით იდგა, განაცხადა, რომ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპა უნდა ჩაერთოს.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრამ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია როგორც ევროპელ მოკავშირეებს, ისე თავად აშშ-ში - ტრამპის ოპონენტ დემოკრატებს შორის.

„ბატონი პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის და არც არასდროს იქნება“, — განაცხადა პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ტრამპის საპასუხოდ.

დანიის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ჩემთვის სრულიად გაუგებარია, რატომ სურს აშშ-ის პრეზიდენტს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა“. მან დასძინა, რომ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, პუტინი „კიდევ უფრო გათამამდება. ის კმაყოფილი ჩანს“.

აშშ-ის სენატორმა ნიუ-იორკის შტატიდან, ჩარლზ შუმერმა, რომელიც სენატში დემოკრატებს ხელმძღვანელობს, პუტინთან შეხვედრას „ისტორიული სამარცხვინო ფაქტი“ უწოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე იმის შესახებ, რომ სამიტზე ტრამპმა პუტინს „ჩემი მეგობარი“ უწოდა, ზელენსკიმ საპასუხოდ მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ, რომელიც არაერთხელ შეეცადა ალიანსში დაძაბულობის განმუხტვას და ტრამპთან კონსტრუქციული ურთიერთობის შენარჩუნებას, განაცხადა, რომ მსხვილ ბირთვულ სახელმწიფოებს შორის შეხვედრა ჩვეულებრივი მოვლენაა.

„პრეზიდენტი ტრამპი ტიტანურ ძალისხმევას არ იშურებს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად და მე მხოლოდ მივესალმები ამას“, — აღნიშნა რიუტემ.
ევროპული ქვეყნები, რომლებიც უკრაინას ყველაზე მეტ დახმარებას უწევენ, დიდწილად ჩამოშორებული აღმოჩნდნენ მოსკოვთან აშშ-ს მიერ ორგანიზებული მოლაპარაკებებისგან. გასულ კვირას მათ აბუ-დაბიში გამართულ მოლაპარაკებებზე თავიანთი წარმომადგენლები გაგზავნეს, თუმცა კრემლის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსეთს მოლაპარაკებების განმეორებაზე თანხმობა არ გამოუთქვამს.

პუტინმა - რომელსაც ამ კვირაში იმის მოსმენაც მოუწია, რომ უკრაინამ ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა - განაცხადა, რომ ჩინეთს, აშშ-სა და რუსეთს „რეგიონული კონფლიქტების, მათ შორის, ცხადია, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების კუთხით, მრავალი საერთო ინტერესი“ გააჩნიათ.

მან განაცხადა, რომ რუსეთმა შესთავაზა ევროპელ წარმომადგენლებს, ჩასულიყვნენ მოსკოვში და დაეზუსტებინათ თავიანთი პოზიცია, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებდნენ სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფორმატის შესახებ.

კიევის მერის განცხადებით, რუსეთის მიერ დღის განმავლობაში დრონებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, ქალაქში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. მისივე თქმით, დაზიანდა ნიდერლანდისა და ავსტრიის საელჩოები, კიევის ცენტრში მდებარე წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარი და საცხოვრებელი კორპუსი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ამ ფაქტზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვი ყოველთვის აცხადებს, რომ სამოქალაქო ობიექტებს არ ესხმის თავს.

19 ნოემბერს ჩინეთის ქალაქ შენჭენში გაიმართა აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის ლიდერების შეხვედრა, რომლის ბოლოს გამოქვეყნდა დეკლარაცია. მასში არაფერია ნათქვამი უკრაინის შესახებ.

​
XS
SM
MD
LG