ევროკავშირი მოლაპარაკებებში სრულფასოვანი მონაწილეობის პირობით გაგზავნის წარმომადგენლებს მოსკოვში

"მსურველთა კოალიციის" შეხვედრა ელისეს სასახლეში. პარიზი, 27 მარტი, 2025.
"მსურველთა კოალიციის" შეხვედრა ელისეს სასახლეში. პარიზი, 27 მარტი, 2025.

ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები მზად არიან, ჩავიდნენ მოსკოვში რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად, თუ რუსეთი მათ მოლაპარაკების პროცესის სრულფასოვან მონაწილეებად აღიარებს. ამის შესახებ Le Figaro იუწყება საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ელისეს სასახლეში პოზიტიურ სიგნალად შეაფასეს მოსკოვის წინადადება, რომ ევროპის ქვეყნებთან დიალოგს ოფიციალური ხასიათი მიენიჭოს.

„ჩვენი მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ ამ დიალოგის დაწყება ან ფორმალიზება ნიშნავდეს, რომ რუსეთის მხარე ახლა ევროპელებს მოლაპარაკებების სრულფასოვან მონაწილეებად აღიარებს და რომ ისინი აშშ-სა და უკრაინასთან ერთად აქტიურად იქნებიან ჩართული მომდევნო რაუნდში“, - განაცხადეს ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში.

19 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შენჭენში (ჩინეთი) აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოსკოვმა ევროპელ წარმომადგენლებს შესთავაზა ჩასვლა უკრაინის, რუსეთისა და ევროპის უსაფრთხოების საკითხების განსახილველად.

პუტინის თქმით, რუსეთის მხარეს სურს, წინასწარ გაიგოს, რა პოზიციებითა და წინადადებებით აპირებენ ევროპის ქვეყნები მოლაპარაკებებში მონაწილეობას.

როგორც სააგენტო Bloomberg-ი იუწყებოდა, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები განიხილავენ რუსეთის მხარესთან შეხვედრის შესაძლებლობას.

კრემლში არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად ვის გაეგზავნა მიწვევა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, განაცხადა, რომ საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების შესაძლო ჩასვლა არ ნიშნავს მათ ავტომატურ ჩართვას რუსეთის, აშშ-ისა და უკრაინის სამმხრივ მოლაპარაკებებში.

13 ნოემბერს ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა შეათანხმეს ევროპული მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობა. მასში უნდა შევიდნენ გერმანიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლები.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპელი მომლაპარაკებლების პრიორიტეტებად დაასახელა უკრაინისთვის იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები და მისი ომისშემდგომი აღდგენის პროგრამა.

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა ანტონიუ კოშტამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები უნდა განიხილებოდეს „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, ნატოსთან კოორდინაციით, ხოლო ტერიტორიულ საკითხებზე გადაწყვეტილებები თავად უკრაინამ უნდა მიიღოს.

მოსკოვი ადრე აცხადებდა მზადყოფნას, ევროპის ქვეყნები მოლაპარაკებებში ჩაერთო იმ პირობით, თუ ისინი გაგზავნიდნენ უფლებამოსილ წარმომადგენლებს და დიალოგისადმი დაინტერესებას გამოავლენდნენ.

​
XS
SM
MD
LG