პარიზის პროკურატურამ მსახიობ ჟერარ დეპარდიესა და მწერალ მიშელ უელბეკის მიმართ გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა. როგორც გამოცემა Mediapart იუწყება, მსახიობმა ქალმა, რომლის ვინაობასაც არ ასახელებენ, დეპარდიეს ბრალი დასდო გაუპატიურებაში, მათ შორის ჯგუფურ გაუპატიურებაში, ხოლო უელბეკს - სექსუალიზებულ ძალადობასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში თანამონაწილეობაში.
მსახიობის თქმით, მათ ეს დანაშაულები 2018 წლის დეკემბერში ჩაიდინეს კაბურში, სასტუმრო Thalazur-ში, ფილმ „ტალასოს“ გადაღებებისას. მან საჩივარი 2025 წლის მაისში შეიტანა, თუმცა მის შესახებ ცნობილი გახდა 2026 წლის 19 ნოემბერს. საჩივარში ასევე ფიგურირებს ფილმის რეჟისორი გიიომ ნიკლუ - მსახიობი მას ბრალს სდებს ჯგუფურ გაუპატიურებაში თანამონაწილეობასა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დამრღვევი ინტიმური ხასიათის კადრების ჩაწერაში.
გადაღებების მომენტში მსახიობი 32 წლის იყო. როგორც Mediapart წერს, სცენარში გაწერილი იყო კოცნა, შეხება, ფლირტი, სასმელი და ცეკვა, მაგრამ არა სექსუალური კონტაქტი. ერთ მომენტში ნიკლუმ მსახიობს უთხრა, უელბეკს გაჰყოლოდა. მისი თქმით, მწერალმა ის „საძინებელში გაათრია“, სადაც ის დეპარდიემ გააუპატიურა. უელბეკი კი „მის სხეულს იჭერდა“.
ქალჰ მოჰყვა, რომ დეპარდიეს ორჯერ ძლიერად ჰკრა ფეხი, თუმცა ის არ გაჩერებულა. უელბეკმა ასევე აიძულა ორალური სექსი. მომხდარს ორი კამერა იღებდა: ერთი მსახიობის სახისკენ იყო მიმართული, მეორე - გენიტალიებისკენ.
მსახიობი მოჰყვა, რომ როდესაც შეიტყო, რომ მას საჩივრის შეტანა ჰქონდა განზრახული, დეპარდიემ დაურეკა და სთხოვა, ეს არ გაეკეთებინა.
ნიკლუსთან საუბრის შემდეგ ქალს გაუფორმეს სამი ხელშეკრულება საერთო ჯამში 45 ათასი ევროს ოდენობით, რომლებიც ითვალისწინებდა ახალ როლს და ტიტრებში სცენარის თანაავტორად მოხსენიებას. მსახიობი მიიჩნევს, რომ ამგვარად შეეცადნენ მომხდარისთვის „შენიღბულად“ გადაეხადათ კონმპენსაცია.
დეპარდიემ და უელბეკმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს. ნიკლუმ კი განაცხადა, რომ ფილმი „იმპროვიზაციის პრინციპზე იყო აგებული“ და რომ ის „მსახიობებს სცენარიდან გადახვევის უფლებას აძლევდა“. მისი თქმით, გადაღება არ შეუწყვეტია, რადგან არ შეუნიშნავს „არც იძულება, არც სიტყვიერი ან ფიზიკური წინააღმდეგობა და არც დისკომფორტის ნიშნები“.
16 ნოემბერს დეპარდიემ უარი თქვა აპელაციაზე იმ განაჩენის გამო, რომელიც მას 2025 წელს გამოუტანეს 2021 წელს ფილმ „მწვანე დარაბების“ გადაღებებში მონაწილე მხატვარ-გამფორმებლისა და რეჟისორის ასისტენტის მიმართ სექსუალიზებული ძალადობის საქმეზე. მას 18 თვით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ფორუმი