„ოსი ხალხისთვის რადიკალიზმი უცხოა“. ცხინვალში სინაგოგის აღდგენის ინიციატივას კრიტიკა მოჰყვა

სინაგოგა ცხინვალში. კადრი რუსი ბლოგერის გადაღებული ვიდეოდან
სინაგოგა ცხინვალში. კადრი რუსი ბლოგერის გადაღებული ვიდეოდან

რუსეთში მოქმედი ებრაული თემის წარმომადგენლებმა რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტს, მარატ კამბოლოვს, ცხინვალში ძველი სინაგოგისა და ებრაული სასაფლაოს აღდგენა შესთავაზეს. დელეგაციას კისლოვოდსკის რაბინი აკივა ავშალომ ხუდაინატოვი ხელმძღვანელობდა.

კამბოლოვმა ინიციატივას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, წარსულში ცხინვალში მრავალრიცხოვანი ებრაული თემი ცხოვრობდა, აღდგენილი სინაგოგა კი შესაძლოა ქალაქის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად იქცეს და ტურისტები მიიზიდოს.

მარატ კამბოლოვი (მარცხნივ)
მარატ კამბოლოვი (მარცხნივ)

შეხვედრას სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ ტელეგრამარხებში კამათი მოჰყვა.

მომხმარებელთა ნაწილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლებამ პირველ რიგში რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები უნდა მოაგვაროს. ისინი ასევე კითხულობდნენ, ვინ დააფინანსებდა პროექტს და ვის ინტერესებს მოემსახურებოდა ის. უკმაყოფილება გამოიწვია სტუმრების კიდევ ერთმა წინადადებამაც – ცხინვალში საფინანსო-საინვესტიციო ცენტრის შექმნამ.

17 ნოემბერს კამბოლოვი კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ შეხვედრის გარშემო ატეხილმა კამათმა გააკვირვა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ მზად ვარ, შევხვდე ყველას, ვისაც სამხრეთ ოსეთისთვის რაიმე სასარგებლოს შემოთავაზება შეუძლია. თუმცა ადამიანის მოსმენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მის წინადადებებს ვეთანხმები ან რაიმე ვალდებულებას ვიღებ. ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და ოსი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღებთ. სხვა პრიორიტეტი არც მაქვს და არც მექნება“, – განაცხადა კამბოლოვმა.

კოკოითის გამოხმაურება

20 ნოემბერს თემას ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითიც გამოეხმაურა. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ აჰყვეს ჭორებს. მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი შექმნილ ვითარებას საზოგადოებაში განხეთქილების შესატანად იყენებს.

„ოსი ხალხისთვის რადიკალიზმი ნებისმიერი ფორმით უცხოა“, – განაცხადა კოკოითიმ. მისი თქმით, ცხინვალში ებრაელები პატივისცემით სარგებლობდნენ.

კოკოითი მიწის შესაძლო გაყიდვაზე გავრცელებულ ხმებსაც გამოეხმაურა. „იმდენი სისხლი დავღვარეთ ჩვენი მიწისა და ჩვენი დედაქალაქისთვის, რომ დღეს ვინმემ როგორ უნდა თქვას სერიოზულად, თითქოს მზად ვართ, ჩვენი მიწა „ჩავაბაროთ“ ან „გავყიდოთ“?“ – განაცხადა მან.

ებრაელებმა ცხინვალის დატოვება XX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყეს. 1992 და 2008 წლების შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაზიანდა ქალაქის ებრაული უბანი.

სინაგოგა ცხინვალში. კადრი რუსი ბლოგერის გადაღებული ვიდეოდან
სინაგოგა ცხინვალში. კადრი რუსი ბლოგერის გადაღებული ვიდეოდან

სავალალო მდგომარეობაშია ძველი სინაგოგაც - ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა რუსმა ბლოგერმა შენობის შიგნით ვიდეო გადაიღო.

​
XS
SM
MD
LG