სოფელ ლაილაშში მეწყერი ჩამოწვა - დაზიანებულია 17 სახლი

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშში 26 ნოემბერს, ღამის საათებში, მეწყერი ჩამოწვა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებულია 17 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, მოსახლეობა ევაკუირებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მეწყრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მოსახლეობას სახლებიდან ნივთების უსაფრთხოდ გამოტანაში ეხმარებიან.

რადიო თავისუფლება ცდილობს იმის გარკვევას, რამდენი ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

"ინფო იმერეთმა" გაავრცელა ერთ-ერთი ადგილობრივის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს ერთ-ერთი სახლის მეწყრით დაფარული ნაწილი. გამოცემის ინფორმაციით, ოთხი დამეწყრილი სახლიდან სამი დაკეტილი იყო, ერთის მფლობელი კი შემთხვევისას შინ არ იმყოფებოდა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, "ბოლო პერიოდში რეგიონში მოსული უხვი ატმოსფერული ნალექების პროვოცირებით, დროებით სტაბილიზაციაში მყოფ მასშტაბური მეწყრული სხეულის კონტურში ადგილი ჰქონდა მეორადი გენერაციის ცალკეული უბნების გააქტიურებას".

უწყების თანახმად, გეოლოგების ჯგუფი დილიდან ადგილზე იმყოფება, რათა დროულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა.

"სხვადასხვა წლებში სოფ. ლაილაშის ტერიტორიაზე სააგენტოს გეოლოგების მიერ, შეფასებულია როგორც ინფრასტრუქტურული ობიექტები, ისე საკარმიდამო ნაკვეთები და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე რჩებიან და აწარმოებენ მონიტორინგს როგორც სტიქიის ზონაში, ისე მის მიმდებარე ტერიტორიებზე", - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რადიო თავისუფლება ცდილობს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირებას, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

​
XS
SM
MD
LG