დაძაბულობაა ბათუმში თურქეთისა და ისრაელის კლუბების მატჩის გამო

„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ.
„ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ.

26 ნოემბრის საღამოს ბათუმის ქუჩებსა და ბათუმი არენაზე დაძაბულობაა - ევროპის ლიგის მატჩის გამო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.

ხუთშაბათ საღამოს „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრები პოლიციას დაუპირისპირდნენ. პოლიციამ გამოიყენა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.

დაშავებულია სულ მცირე ერთი გულშემატკივარი. პოლიციელების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისვრიან.

რადიო თავისუფლება ცდილობს შსს-სთან დააზუსტოს, არიან თუ არა დაკავებულები და რამდენია მათი რაოდენობა.

შეხლა-შემოხლა პალესტინის დროშის გამო

თურქული TRT SPOR-ის გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოედნის ტრიბუნებზე ორმა გულშემატკივარმა პალესტინის დროშა გაშალა, რის შემდეგაც მათკენ პოლიციელები დაიძრნენ.

პოლიციელებმა მათ დროშა წაართვეს. აქ ეპიზოდშიც ჩანს შეხლა-შემოხლა - თუმცა ჯერ უცნობია, დააკავეს თუ არა ისინი.

ბეშიქთაში vs ჰაპოელ ბეერ შევა

ბათუმში, „ბათუმი არენაზე“ ერთმანეთს ხვდებიან თურქეთის „ბეშიქთაში“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ შევა“.

მანამდე, საღამოს ბათუმის ქუჩებში „ბეშიქთაშის“ დიდძალმა გულშემატკივარმა მსვლელობა გამართა.

მატჩი დაგეგმილ დროს, 21:45 საათზე დაიწყო.

საფეხბურთო მატჩი თურქეთში უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებული რისკის გამო ვერ ჩატარდა.

რატომ ბათუმში?

  • მატჩი „ბეშიქთაშის“ მოედანზე, სტამბოლში უნდა გამართულიყო;
  • თუმცა თურქეთის ხელისუფლებამ უეფას აცნობა, რომ უსაფრთხოების რისკების გამო, მატჩის სტამბოლში ჩატარება შეუძლებელი იყო;
  • უეფამ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ მატჩის ნეიტრალურ მოედანზე, ბათუმში ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილება 30 ოქტომბერს გამოცხადდა.

როგორია პოლიტიკური კონტექსტი?

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები გაუარესებულია ისრაელ-ღაზის ომის გამო.

ღაზაში 2023 წლიდან დაწყებული ომის ფონზე თურქეთის ხელისუფლება ისრაელს მკაცრად აკრიტიკებს.

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც გაუარესებულია.

  • ბეშიქთაში 2024 წლის ნოემბერში ისრაელის „მაკაბი თელავივს“ ასევე სტამბოლში უნდა შეხვედროდა, თუმცა მატჩი უნგრეთში გაიმართა - თუმცა მატჩზე გულშემატკივრები არ დაუშვეს.
  • ამის წინაპირობა იყო „მაკაბი თელ-ავივის“ გულშემატკივრის დაპირისპირება ნიდერლანდების „აიაქსთან“ იმავე თვის დასაწყისში - მატჩი ამსტერდამში გაიმართა

ეს მიმდინარე ახალი ამბავია - ინფორმაცია განახლდება.

​
XS
SM
MD
LG