ხორვატიამ გერმანიას არ გადასცა "ჩრდილოეთის ნაკადების" აფეთქებაში ბრალდებული უკრაინელი

ვოლოდიმირ ჟურავლიოვი (მარჯვნივ) სასამართლოში. ვარშავა, 17 ოქტომბერი, 2025.
ვოლოდიმირ ჟურავლიოვი (მარჯვნივ) სასამართლოში. ვარშავა, 17 ოქტომბერი, 2025.

ხორვატიის სისხლის სამართლის უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინის მოქალაქე ვოლოდიმირ ჟურავლიოვის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი, რომელსაც გერმანიის სამართალდამცავი ორგანოები „ჩრდილოეთის ნაკადისა“ და „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის გაზსადენების აფეთქებაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევენ. ამის შესახებ დაცვის მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს.

გადაწყვეტილება 23 ნოემბერს მიიღეს. სააპელაციო ინსტანციამ გააუქმა ხორვატიის ქალაქ პულის სასამართლოს 2026 წლის 18 სექტემბრის დადგენილება ჟურავლიოვის გერმანიისთვის გადაცემის შესახებ და საქმე ხელახალ განხილვაში დააბრუნა.

სასამართლომ პირველი ინსტანციის დასკვნები ნაადრევად მიიჩნია და მას დაავალა, გერმანიის სასამართლო ორგანოებისგან გამოეთხოვა დამატებითი განმარტებები ჟურავლიოვის დაპატიმრების ორი ევროპული ორდერის ურთიერთმიმართების, მისთვის მიწერილი ქმედებების სამართლებრივი კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფარგლების შესახებ.

სააპელაციო ინსტანციამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა ეჭვმიტანილის უფლებების დაცვის, სამართლებრივი განსაზღვრულობის უზრუნველყოფისა და გერმანიის ხელისუფლებისთვის მისი გადაცემის პროცედურის სამართლიანობის აუცილებლობა. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, გერმანიაში ექსტრადიციის საკითხი ღიად რჩება. თავად ჟურავლიოვი უარყოფს გაზსადენების აფეთქებაში მონაწილეობას.

ჟურავლიოვი ხორვატიაში 2026 წლის 19 აგვისტოს დააკავეს. მედიის ცნობით, ეს მოხდა გაზსადენების აფეთქების ოპერაციაზე ფილმის გადაღებებისას.

გერმანიის ტელერადიოკომპანია ARD-ს მონაცემებით, გერმანელი გამომძიებლები ჟურავლიოვს დივერსიის ერთ-ერთ უშუალო მონაწილედ მიიჩნევენ. 2025 წლის შემოდგომაზე ჟურავლიოვი გერმანიის ხელისუფლების მოთხოვნით დააკავეს პოლონეთშიც, თუმცა ვარშავის სასამართლომ გერმანიაში მის ექსტრადიციაზე უარი თქვა.

2025 წლის აგვისტოში იტალიის ქალაქ რიმინიში გერმანიის ფედერალური პროკურატურის მოთხოვნით დააკავეს დივერსიაში თანამონაწილეობაში ეჭვმიტანილი კიდევ ერთი პირი - უკრაინის მოქალაქე სერგეი კუზნეცოვი. მოგვიანებით განხორციელდა მისი ექსტრადიცია გერმანიაში. 2026 წლის ივლისში კუზნეცოვს ბრალი წაუყენეს, ოქტომბრის შუა რიცხვებში კი ჰამბურგში დაიწყო მისი სასამართლო პროცესი.

„ჩრდილოეთის ნაკადი - 1“-ისა და „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის გაზსადენებზე აფეთქებები მოხდა 2022 წლის 25-26 სექტემბრის ღამეს, ბალტიის ზღვაში, დანიის კუნძულ ბორნჰოლმის რაიონში, რის შედეგადაც გაზსადენის ოთხი მილიდან სამი დაზიანდა.

The Wall Street Journal-ის გამოძიებამ დაასკვნა, რომ 2022 წლის მაისში გაზსადენების აფეთქების ოპერაციის ინიციირება მოახდინა უკრაინელი სამხედროების ჯგუფმა. თავდაპირველად გეგმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოიწონა, თუმცა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ზეწოლით გასცა მზადების შეწყვეტის განკარგულება. უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელმა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ ეს მითითება თითქოს უგულებელყო. The Washington Post-ის ინფორმაციით, „ჩრდილოეთის ნაკადებზე“ დივერსიის კოორდინაციით შესაძლოა დაკავებული ყოფილიყო უკრაინის არმიის პოლკოვნიკი რომან ჩერვინსკი. უკრაინაში ის შინაპატიმრობაში იმყოფება სხვა საქმეზე.

​
XS
SM
MD
LG