29 ნოემბრის ღამეს, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მიერ განხორციელებული იერიშების შედეგად, ოდესასა და ზაპოროჟიეში ორი ქალი დაიღუპა, კიდევ ორი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 14 წლის გოგო.
ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მიხაილო სემიკინის ინფორმაციით, რუსეთის იერიშის შედეგად ქალაქში ერთი ქალი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს 14 წლის გოგო, რომელიც ამჟამად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ოდესის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის ცნობით, რუსეთის ღამის იერიშს ქალაქში ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა. დაზიანებულია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. 2022 წლის სექტემბერში რუსეთმა უკრაინის ოთხი რეგიონის – დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია გამოაცხადა.
რუსეთი რეგულარულად უტევს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. მოსკოვი უარყოფს მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანმიმართულ დაბომბვას. ომის შედეგად ათიათასობით ადამიანი დაიღუპა, მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
ფორუმი