29 ნოემბერს, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.
პედრო სანჩესმა, რომელიც ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს, ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში დანიშნა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საბინაო კრიზისის დასაძლევად მთავრობის მიერ ინიციირებული ზომები არ დაამტკიცა.
წინასაარჩევნო კამპანიას ძირითად საკითხებად გასდევდა საცხოვრებლის გაძვირება, იმიგრაცია, ცხოვრების ღირებულების ზრდა და კორუფცია.
საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 09:00 საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) გაიხსნება და 20:00 საათზე (თბილისის დროით 23:00 საათზე) დაიხურება. ხმების დათვლის პირველი შედეგები უბნების დახურვიდან დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი.
ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 350 ადგილია. უმრავლესობის მოსაპოვებლად 176 მანდატია საჭირო.
არჩევნებში ძირითადი პოლიტიკური ძალები არიან მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია (PSOE), ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს მემარჯვენე-ცენტრისტული „სახალხო პარტია“ (PP) და სანტიაგო აბასკალის ულტრამემარჯვენე პარტია „ვოქსი“ (Vox).
არჩევნებში ასევე მონაწილეობენ მემარცხენე ალიანსი „ფართო ფრონტი“ (Frente Amplio), რომელსაც ბარსელონის ყოფილი მერი ადა კოლაუ ხელმძღვანელობს, და მემარცხენე პარტია „პოდემოსი“ (Podemos), ირენე მონტეროს ხელმძღვანელობით.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, წინასაარჩევნო გამოკითხვების უმეტესობის თანახმად, „სახალხო პარტიასა“ და „ვოქსს“ ერთობლივად საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ. ეს ორი პარტია უკვე კოალიციურად მართავს ესპანეთის ოთხ რეგიონს.
„სახალხო პარტია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გეგმავს არალეგალურად მყოფი მიგრანტების მასობრივი ლეგალიზაციის აკრძალვას, მათ მესამე ქვეყნებში დაბრუნების შესაძლებლობის შემოღებასა და ლეგალური იმიგრაციისთვის ქულებზე დაფუძნებული სისტემის შექმნას.
„ვოქსი“ კი დანაშაულისთვის მსჯავრდებული უცხოელების დეპორტაციასა და საცხოვრებლით უზრუნველყოფისას ესპანეთის მოქალაქეებისთვის პრიორიტეტის მინიჭებას მოითხოვს.
ესპანეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნები 2023 წელს გაიმართა. მაშინ ყველაზე მეტი ხმა „სახალხო პარტიამ“ მიიღო, თუმცა მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო მხარდაჭერა ვერ მოიპოვა. პედრო სანჩესმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა სხვა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერით შეინარჩუნა.
ფორუმი