თურქეთის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს

საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე, 29 ნოემბერი, 2026 წელი
საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე, 29 ნოემბერი, 2026 წელი

29 ნოემბერს საქართველოში თურქეთის ელჩი მუსტაფა თურქერ არი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ელჩთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, შეშფოთება გამოხატა ბათუმში თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშსა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული მატჩის დროს მომხდარი ინციდენტების გამო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქი გულშემატკივრების ცალკეული ჯგუფების პროვოკაციულ და აგრესიულ ქმედებებს სტადიონის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანება და შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომლის დაშავება მოჰყვა.

უწყების განცხადებით, მატჩის უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქართულმა მხარემ, თურქეთთან სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების გათვალისწინებით, თურქ გულშემატკივრებს ბათუმში მატჩზე დასწრების შესაძლებლობა მისცა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად კანონით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ზომა მიიღეს და გულშემატკივრების სამშობლოში უსაფრთხო დაბრუნება უზრუნველყვეს.

"ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ თურქული მხარე სათანადოდ შეაფასებს პროვოკაციულ ქმედებებს და ხელს შეუწყობს მომავალში მსგავსი შემთხვევების პრევენციას, იმისათვის რომ ცალკეული ჯგუფების უპასუხისმგებლო ქმედებებმა ჩრდილი არ მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და კეთილმეზობლური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა", - წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რა მოხდა ბათუმში

26 ნოემბერს „ბათუმი არენაზე“ ევროპის ლიგის ფარგლებში თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ შორის გამართული მატჩი პოლიციასა და თურქ გულშემატკივრებს შორის დაპირისპირების გამო დაახლოებით ნახევარი საათით შეწყდა.

პოლიციამ გულშემატკივრების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები, მათ შორის წიწაკის სპრეი გამოიყენა. გულშემატკივრები პოლიციელებს ბოთლებსა და სტადიონის ტრიბუნებზე დამტვრეული სკამების ნაწილებს ესროდნენ.

მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანდა, როგორ მიემართებოდნენ პოლიციელები გულშემატკივრებისკენ, რომლებმაც ტრიბუნაზე პალესტინის დროშა გაშალეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ პოლიციამ დროშებისა და ბანერების გამოფენის გამო გამოიყენა ძალა. უეფას განცხადებით კი, პოლიცია ტრიბუნაზე თავად „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებს შორის დაწყებული დაპირისპირების შესაჩერებლად შევიდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად სამი პოლიციელი დაშავდა, ადმინისტრაციული წესით კი 16 ადამიანი დააკავეს. მეორე დღესვე ყველა დაკავებული გაათავისუფლეს.

მომხდარს მწვავე რეაქცია მოჰყვა თურქეთში. საფეხბურთო კლუბმა „ბეშიქთაშმა“ ქართველი სამართალდამცველები გულშემატკივრების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენებაში დაადანაშაულა. თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოძიება მოითხოვა. ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთმანეთს ესაუბრნენ საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები.

საქართველოს ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაიბარეს. 28 ნოემბერს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა, რომ ბათუმში მომხდარი ინციდენტები არ შეესაბამება ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დონეს და თურქეთი ვერ შეეგუება თავისი მოქალაქეების მიმართ ამგვარ მოპყრობას.

„ბეშიქთაშისა“ და „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩი თავდაპირველად სტამბოლში უნდა გამართულიყო, თუმცა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო უეფამ შეხვედრის ნეიტრალურ მოედანზე ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. თურქეთსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ღაზაში ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა.

​
XS
SM
MD
LG