კვირას, 29 ნოემბერს, ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ხმების 80%-ის დათვლის შედეგებით, ლიდერობს ალბერტო ნუნიეს ფეიხოოს მემარჯვენე-კონსერვატიული „სახალხო პარტია“ (PP), რომელიც წინასწარი მონაცემებით პარლამენტში 134 ადგილს იღებს.
მეორე ადგილზეა მოქმედი პრემიერ-მინისტრის, პედრო სანჩესის სოციალისტური პარტია (PSOE), რომელსაც 117 საპარლამენტო მანდატი ერგება. მესამე ადგილს იკავებს სანტიაგო აბასკალის მემარჯვენე პარტია „ვოქსი“ (Vox) 50 მანდატით.
პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ პარლამენტში „ვოქსი“ და „სახალხო პარტია“ მემარჯვენე კოალიციაში გაერთიანდებიან. ერთობლივად მათ ქვედა პალატის 350 ადგილიდან ნახევარზე მეტი (უმრავლესობისთვის საჭირო 176 მანდატზე მეტი) ექნებათ, რაც მათ მთავრობის ფორმირების საშუალებას მისცემს. წინასაარჩევნო კამპანიისას ორივე პარტიის წარმომადგენლები თავს იკავებდნენ თანამშრომლობის პერსპექტივებზე განცხადებებისგან, თუმცა ცალკეულ საარჩევნო ოლქებში სოციალისტებისთვის უფრო წარმატებული წინააღმდეგობის გასაწევად კანდიდატურებს ერთმანეთის სასარგებლოდ ხსნიდნენ. აღსანიშნავია, რომ „ვოქსის“ ლიდერი სანტიაგო აბასკალი წარსულში „სახალხო პარტიის“ წევრი იყო, ამჟამად კი ეს ორი პარტია უკვე კოალიციურად მართავს ესპანეთის ოთხ რეგიონს.
დამკვირვებლები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ ამ არჩევნების შედეგებით, გენერალ ფრანსისკო ფრანკოს დიქტატურის დამხობის შემდეგ პირველად, ესპანეთის მთავრობაში შესაძლოა ულტრამემარჯვენე ძალები მოვიდნენ.
არჩევნები უკიდურესად მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა: კენჭისყრაში ხმის უფლების მქონე ესპანელების 78%-მა მიიღო მონაწილეობა, რაც 1970-იანი წლების ბოლოს შემდეგ აღარ დაფიქსირებულა.
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ მადრიდში, „სახალხო პარტიის“ შტაბ-ბინის წინ ასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ესპანეთის დროშებს აფრიალებენ და სკანდირებენ „ფეიხოო პრეზიდენტად“, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის სამეფოში პრეზიდენტის თანამდებობა არ არსებობს.
ესპანეთში მორიგი საპარლამენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გამართულიყო, თუმცა პედრო სანჩესმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პოსტს 2018 წლიდან იკავებს, ოქტომბერში ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ქირის გაძვირების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ საპროტესტო აქციებსა და პარლამენტის უარს, დაემტკიცებინა საბინაო კრიზისის დასაძლევად მთავრობის მიერ ინიციირებული ზომები.
წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი თემები იყო ცხოვრების ღირებულების ზრდა, საცხოვრებლის გაძვირება, მიგრაცია და კორუფცია. ოპონენტები სანჩესს ადანაშაულებენ მიგრაციის მიმართ რბილ მიდგომაში, რამაც, მათი აზრით, გამოიწვია კრიზისი ქალაქ სეუტაში, სადაც ზაფხულში აფრიკიდან ათობით ათასმა მიგრანტმა შეაღწია. ოპოზიცია ხელისუფლებას კორუფციაშიც სდებს ბრალს: სკანდალებში გაეხვია რამდენიმე გავლენიანი სოციალისტი პოლიტიკოსი, ბრალდებები წაუყენეს პრემიერ-მინისტრის მეუღლესაც.
ფორუმი