Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ტერაქტს გახსნილად აცხადებს


ბელორუსიის ხელისუფლება აცხადებს, რომ 11 აპრილს მომხდარ ტერაქტში ეჭვმიტანილებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. ამასთან, აფეთქების ოფიციალურ და არაოფიციალურ ვერსიებში ხშირად ხდება მინიშნება უცხოეთის კვალსა და ოპოზიციაზე. დღეს ბელორუსიის მასშტაბით გლოვობდნენ 12 მსხვერპლს, რომლებიც აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
დღეს, დილის 5 საათზე, დანაშაული გაიხსნა. ჩეკისტებსა და მილიციას ერთი დღე-ღამე დასჭირდათ იმისათვის, რომ გუშინ, ღამის 9 საათზე, ბრწყინვალე ოპერაცია ჩაეტარებინათ...

ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საჯაროდ განაცხადა, რომ ორმა ეჭვმიტანილმა, რომლებიც მინსკის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ დააკავეს, აღიარა ჩადენილი დანაშაული. ლუკაშენკოს განცხადებამდე ბელორუსიის პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ერთი და იმავე ქალაქიდან არიან და ერთმანეთს კარგად იცნობდნენ:

„დღეს, დილის 5 საათზე, დანაშაული გაიხსნა. ჩეკისტებსა და მილიციას ერთი დღე-ღამე დასჭირდათ იმისათვის, რომ გუშინ, ღამის 9 საათზე, ბრწყინვალე ოპერაცია ჩაეტარებინათ და ხმაურისა და სროლის გარეშე დაეპატიმრებინათ დამნაშავეები. დღეს, დილის 5 საათზე, მათ ჩვენებები მისცეს.“
შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებს...

ერთ-ერთი მათგანი სათვალთვალო კამერამ მაშინ დააფიქსირა, როდესაც ბოროტმოქმედმა კასტრიჩნისკაიას მეტროსადგურზე დადო ჩანთა ცოტა ხნით ადრე იმ აფეთქებამდე, რომლის დროსაც 12 ადამიანი დაიღუპა და 200 დაიჭრა. აფეთქებას ხელისუფლებამ ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მისცა. ბომბი, რომელიც დამუხტული იყო ლურსმნებითა და ჭანჭიკებით, მოთავსებული იყო პლატფორმის სკამის ქვეშ და აფეთქდა დისტანციური მართვის პულტით. აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ბაქანზე ბევრი ხალხი ირეოდა. ბელორუსიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ანატოლი კულიაშოვმა 12 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შემდგომი ტერაქტების თავიდან ასაცილებლად მართლწესრიგის ძალები გაძლიერებული რეჟიმით მუშაობენ:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მთელი პირადი შემადგენლობა გადაყვანილია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ადამიანთა მასობრივი თავშეყრის ადგილებს. ამისათვის ვიყენებთ დამატებით გაძლიერებულ განაწესებს და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა ძალასა და საშუალებას.“
ალექსანდრ ლუკაშენკო კასტრიჩნისკაიას მეტროსადგურზე

ბელორუსიის კაგებემ კი განაცხადა, რომ გრძელდება მეტროში მომხდარი ტერაქტის მოტივების შესწავლა. ბელორუსიის ავტოკრატმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას რკინის ხელით 1994 წლიდან მართავს, განაცხადა, რომ აფეთქება ქვეყანაში პანიკისა და დესტაბილიზაციის გამოწვევას ისახავდა მიზნად. კასტრიჩნისკაიას მეტროსადგური, სადაც საზარელი აფეთქება მოხდა, პრეზიდენტის სასახლიდან 100 მეტრის დაშორებით მდებარეობს. ლუკაშენკომ არ გამორიცხა უცხოეთის ძალების მონაწილეობაც. მიუხედავად იმისა, რომ ბელორუსიაში მომხდარი აფეთქება ძალიან წააგავს ცოტა ხნის წინ მოსკოვში განხორციელებულ ტერაქტს, ბელორუსია არ არის ისლამისტი ექსტრემისტების თავშესაფარი. ამასთან, მინსკის მოქალაქეები, რომლებიც დღეს პატივს მიაგებდნენ დაღუპულთა ხსოვნას, უპრეცედენტო მასშტაბის ტერაქტზე პასუხის ძებნაში იბნევიან:

„თავში არაფერი მომდის. ვთქვა, რომ ეს არის ჩეჩნური კვალი? მაგრამ არასოდეს გვქონია მათთან პრობლემა. ვთქვა, რომ ეს ოპოზიციამ ჩაიდინა? ეშმაკმა დალახვროს, არ ვიცი, ნუთუ შეიძლებოდა ამაზე წასვლა? არ ვიცი.“

კიდევ ერთი მინსკელი შუახნის მოქალაქე კი მიიჩნევს, რომ აფეთქების უკან ბელორუსიის ოპოზიცია დგას:

„ჩეჩნებს მოსწონთ ბელორუსია, ისინი აქ აფეთქებებს არ მოაწყობენ. ჩემი აზრით, ყველაფერს ოპოზიცია სჩადის. მაშინ მათ ვერ შეძლეს მოედანზე აჯანყების მოწყობა და ახლა ტერორზე გადავიდნენ.“
ან საიდუმლო სამსახურები დაბნეულნი არიან იმით, რაც მოხდა, ან მათ არ სურთ გაგვიმხილონ ის ვერსიები, რომლებზეც მუშაობენ...

დამოუკიდებელ გაზეთ „ნაროდნაია ვოლიას“ რედაქტორი სვეტლანა კალიკინი ხელისუფლების არც ერთ ვერსიას არ ენდობა:

„ან საიდუმლო სამსახურები დაბნეულნი არიან იმით, რაც მოხდა, ან მათ არ სურთ გაგვიმხილონ ის ვერსიები, რომლებზეც მუშაობენ.“

მიუხედავად იმისა, რა მოტივით მოახდინეს 11 აპრილის ტერაქტი, მინსკში დღეს პირველი მსხვერპლი მიაბარეს მიწას. სულ მინსკის მეტროში მომხდარ აფეთქებას 12 ადამიანი შეეწირა. ბოლომდე იდენტიფიცირებულია 5 ქალი და 7 მამაკაცი, რომელთა ასაკი 17-დან 47 წლამდე მერყეობს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG