Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ ჯერო


ელ ჯერო
ელ ჯერო

12 თებერვალს, 76 წლის ასაკში, გარდაიცვალა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მომღერალი ჯაზის ისტორიაში ელ ჯერო - ერთადერთი არტისტი, რომელმაც 7 გრემის მოპოვება სამ სხვადასხვა კატეგორიაში - ჯაზის, პოპისა და რიტმენბლუზის ჟანრებში - მოახერხა. მუსიკოსი სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა დროდადრო პრობლემებს უქმნიდა. მაგალითად, არითმიისა და ფილტვების ანთების გამო ორჯერ მოუხდა საკონცერტო ტურნეების გაუქმება.

ელ ჯერო
please wait

No media source currently available

0:00 0:05:20 0:00
გადმოწერა

2013 წელს, როცა სტამბოლში ჯაზის საერთაშორისო დღეს იმღერა, ნათელი იყო, რომ სიმღერა ძველებური სილაღით აღარ შეეძლო. 7 თებერვალს კი, ორგანიზმის ძლიერი გამოფიტვის გამო, ლოს-ანჯელესის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ელვინ ლოპეს ჯერო 1940 წელს ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში დაიბადა. მშობლები ეკლესიის მსახურნი იყვნენ და პატარაც 5 და-ძმასთან ერთად სპირიჩუელსის სმენაში გაიზარდა. თუმცა სკოლის დასრულების შემდეგ მუსიკოსის კარიერაზე არ უფიქრია, თავი ფსიქოლოგიაში მოსინჯა და აიოვას უნივერსიტეტიდან პირდაპირ სან-ფრანცისკოს სარეაბილიტაციო ცენტრში კონსულტანტად დაიწყო მუშაობა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ დიუკი, რომელმაც ელს, შეიძლება ითქვას, ტვინი აურია და მუსიკალურ სამყაროში საბოლოოდ გადმოიბირა, მასთან ერთად ტრიო შექმნა და ლოს-ანჯელესის ჯაზკლუბების სცენაზე დაიწყო პროფესიული განვითარება.

ელ ჯერომ სადებიუტო ალბომი "We Got By" საკმაოდ გვიან, 35 წლის ასაკში, 1975 წელს გამოსცა. ეს იყო არტისტის განაცხადი, რომ ამერიკულ სცენაზე უნიკალური ვოკალური შესაძლებლობების, იმპროვიზების ინდივიდუალური მანერისა და სასმენად საამო ტემბრის მქონე მომღერალი გამოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისი ნამუშევრები რბილი ბგერით, პოპმუსიკასა და ჯაზს შორის გემოვნებით დაცული ბალანსით გამოირჩეოდა, რომელთაც მაღალი მხატვრული ღირებულებაც ჰქონდათ და, ამავე დროს, კომერციულადაც მომგებიანი გახლდათ. შესაბამისად, ამერიკულ სცენაზე საკუთარი ნიშა უპრობლემოდ დაიკავა.

ელ ჯეროს არ უყვარდა ჟანრობრივ ჩარჩოებში გამოკეტვა, თანაბარი სილაღით ნავარდობდა ჯაზში, პოპსა თუ რიტმენბლუზში, თუმცა, როგორც თავად განმარტავდა, ასრულებდა რიტმენბლუზსა და პოპს, რომლებსაც მსუბუქად ამდიდრებდა ჯაზური მოტივებით. სიცოცხლის მანძილზე მან 17 სტუდიური თუ საკონცერტო ალბომი გამოსცა, რომელთა უმეტესობა სწორედ ზემოხსენებული ფორმულით შექმნა და გაამართლა კიდეც. 1986 წლის პროექტმა "L Is for Lover" და, განსაკუთრებით, 1981 წლის ალბომმა "Breaking Away" არნახული ფინანსური წარმატება მოიტანა. ეს უკანასკნელი იმ დისკების ათეულში მოხვდა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე მეტად იყიდებოდა, და მორიგი "გრემიც" მოუტანა წლის საუკეთესო ვოკალური შესრულების კატეგორიაში.

დიახ, საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში ელ ჯერომ მრავალი წარმატებული ალბომი თუ ჰიტი შექმნა, რომელთაც არც მსმენელის სიყვარული აკლდა და არც ფინანსური წარმატება და ჯილდო, თუმცა თავად არტისტს ერთი დისკი განსაკუთრებით ეძვირფასებოდა. საუბარია 2004 წლის ნამუშევარზე, სახელწოდებით "Accentuate the Positive". 40-იანი წლების ნაწარმოებების ინტერპრეტაციების კრებული კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა კომერციულად წარუმატებელი გამოდგა, რადგან ეს გახლდათ ერთადერთი სუფთა ჯაზური ექსპერიმენტული პროექტი მის შემოქმედებაში, პოპისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქისგან თავისუფალი ალბომი. "მსმენელი ჩემგან ყოველთვის ითხოვდა მსუბუქ, ლაღ, მელოდიურ და სასმენად საამო მუსიკას, მაგრამ როგორც კი მათ დაფიქრება შევთავაზე და ჯაზის სიღრმეებში მოვიპატიჟე, ზურგი მაქციეს", - წუხდა არტისტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG