Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში, შესაძლოა, გაიზარდოს სიცხისგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი


პრაღა
პრაღა

ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებელი, შესაძლოა, 50-ჯერ გაიზარდოს ექსტრემალური ამინდის გამო. მეცნიერთა შეფასებით, საუკუნის ბოლოსთვის ფატალური შემთხვევების რიცხვმა წელიწადში ამჟამინდელი სამი ათასიდან, შესაძლოა, 152 ათასს მიაღწიოს, თუ არ მოგვარდა გლობალური დათბობის პრობლემა.

ჰაერის ტემპერატურის ზრდა განსაკუთრებით სერიოზულად აისახება სამხრეთ ევროპის ქვეყნებზე, სადაც სიცხის გამო გარდაცვლილთა რაოდენობამ ყოველ მილიონ მოქალაქეზე 700-ს შეიძლება მიაღწიოს (ამჟამად ეს მაჩვენებელი 11-ს შეადგენს). ამის შესახებ იუწყება ჟურნალი „ლანცეტი. პლანეტის ჯანმრთელობა“.

„თუ გლობალური დათბობის საკითხი სასწრაფოდ არ მოგვარდა, თუ სასწრაფოდ არ მივიღეთ სათანადო ზომები, მაშინ ყოველწლიურად 350 მილიონამდე ევროპელი შეიძლება გახდეს ამინდის ექსტრემალურ გამოვლინებათა მსხვერპლიო“ - ვარაუდობენ ექსპერტები.

მათ გააანალიზეს 1981-დან 2010 წლის ჩათვლით ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში, ასევე შვეიცარიაში, ნორვეგიასა და ისლანდიაში განვითარებული ბუნებრივი მოვლენები და ეს მონაცემები შეადარეს მოსახლეობის ზრდას, მიგრაციას, აგრეთვე, სიცხის ტალღების, ყინვის, ხანძრების, წყალდიდობებისა და სხვა ბუნებრივი მოვლენების პროგნოზებს.

დავადგინეთ, რომ 2100 წლისთვის ბუნებრივი კატაკლიზმები ყოველწლიურად უარყოფითად იმოქმედებს ევროპის მოსახლეობის დაახლოებით ორ მესამედზეო, წერენ სტატიის ავტორები.

ეს ნიშნავს, რომ 351 მილიონამდე ადამიანი დაუცველი აღმოჩნდება ამ ბუნებრივი კატასტროფების წინაშე, რაც გამოვლინდება დაავადებებში, ტრავმებსა და სიკვდილში, საცხოვრებლის დაკარგვაში.

მეცნიერთა ჯგუფმა გამოიანგარიშა ატმოსფეროში „სათბურის გაზის“ გამოყოფის მოცულობა ქვანახშირის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის წვის შედეგად. თუ მანამდე არაფერი შეიცვალა, 2100 წლისთვის „სათბურის გაზის“ მოქმედება ტემპერატურის ზრდაზე კიდევ უფრო თვალნათლივ გამოჩნდება: 1990 წლის დონესთან შედარებით ჰაერის საშუალო ტემპერატურა მსოფლიოში 3 გრადუსით გაიზრდება.

2015 წელს 195-მა ქვეყანამ მოაწერა ხელი კლიმატის შესახებ „პარიზის ხელშეკრულებას“, რომლის მთავარი ამოცანაა, ტემპერატურის გლობალურმა მატებამ არ გადააჭარბოს 2 გრადუსს სამრეწველო რევოლუციამდელ პერიოდთან, ანუ იმ დროსთან შედარებით, ვიდრე დაიწყებოდა ბუნებრივი წიაღისეულის საწვავად გამოყენება.

„ლანცეტში“ გამოქვეყნებულ მასალაზე გამოხმაურებისას, სეულის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა ჯეი იანგ ლიმ და ჰო კიმმა, განაცხადეს, რომ სტატიაში გამოთქმული პროგნოზები, შესაძლოა, „გადაჭარბებული“ იყოს. „ადამიანს აქვს უნარი, შეეგუოს გარემოს და ნაკლებად დაუცველი გახდეს ექსტრემალური ამინდის წინაშე. ამაში მას სხვადასხვა ტექნიკური საშუალებაც ეხმარება, იქნება ეს სამედიცინო ტექნოლოგია, ჰაერის კონდიცირების საშუალებები და შენობების თერმული იზოლაციაო,“ გვაიმედებენ სამხრეთკორეელი მეცნიერები.

მასალა მოამზადა რადიო თავისუფლების პრაქტიკანტმა ნოდარ ფხალაძემ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG