Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენდი ბეი


ენდი ბეის ალბომის ყდა
ენდი ბეის ალბომის ყდა

ამერიკელი მომღერალი და პიანისტი ენდრიუ (ენდი) ბეი 1939 წლის 28 ოქტომბერს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში დაიბადა. ბავშვობაში ვუნდერკინდად მოიხსენიებდნენ, რადგან 3 წლის ასაკში ფორტეპიანოზე გამოცდილი პიანისტივით უკრავდა, ხოლო 5 წლისა უკვე პროფესიულ სცენაზე მღეროდა.

ენდი ბეი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:47 0:00
გადმოწერა

ბუნებრივია, ენდრიუს ნიჭი უყურადღებოდ არ დარჩენილა და პროდიუსერებმა მის კარიერაზე ზუნვა დაიწყეს. ჯერ ნიუ-იორკის თეატრ "აპოლოში" გამოსვლა მოუხერხეს, შემდეგ კი რამდენიმე სატელევიზიო შოუში ჩართეს - მაგალითად, სერიალ "სტარტაიმში", სადაც 50-იანი წლების ცნობილ პოპმომღერალ კონი ფრანსისს უწევდა პარტნიორობას, მოგვიანებით კი სახელოვანი ბენდლიდერისა და სიმღერების ავტორის, ლუის ჯორდანის, კოლექტივის ვოკალისტი გახდა.

50-60-იან წლებში ენდრიუ ბეი მეტწილად ევროპაში გასტროლირებდა. საკუთარი დები - სალომეა და ჯერალდინი - შემოიერთა და ოჯახური ტრიოს ფორმატში მღეროდა პარიზის, რომისა თუ ბერლინის სცენებზე. გარდა საკონცერტო მოღვაწეობისა, ტრიომ სამი სტუდიური ალბომიც ჩაწერა. მათ შორის საინტერესოა 1965 წელს ხმის ჩამწერ ლეიბლ "პრესტიჟის" სამარკო ნიშნით გამოცემული დისკი "Round Midnight". გოსპელისა და სოულის სინთეზით შექმნილი სიმღერების ჟღერადობა ისეთმა არტისტებმა გააკეთილშობილეს, როგორებიც იყვნენ გიტარისტი კენი ბარელი და კონტრაბასისტი მილტ ჰილტონი.

მომდევნო წლებში ენდრიუ ბეიმ სხვადასხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობა განაგრძო - მაგალითად, პიანისტთან, კომპოზიტორ და არანჟირებათა ავტორ ჰორეის სილვერთან, დრამერ მაქს როუჩთან, საქსოფონისტ და კლარნეტისტ გარი ბარტსთან ერთად ორი ალბომი გამოსცა: "Juju Street Songs" და "Harlem Bush Music". მუსიკალური ღირებულების გარდა, ეს უკანასკნელი პროექტი იმითაც გახლდათ საინტერესო, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი ჯაზური განაცხადი იყო აფრო-ამერიკელთა სამოქალაქო უფლებების დასაცავად.

ენდი ბეიმ სოლო ალბომების გამოცემა საკმაოდ გვიან დაიწყო. სადებიუტო ნამუშევარი "Experience and Judgment" 1974 წელს ლეიბლ "ატლანტიკზე" გამოუშვა. დისკზე სულ 12 სიმღერა შევიდა, რომელთა უმეტესობა არტისტის საკომპოზიტორო და საავტორო ნიჭის ნაყოფი გახლდათ. საინტერესო იყო ალბომის შინაარსობრივი კონცეფციაც. ენდი ბეიმ ტექსტები სოციალური თემატიკით გააჯერა, იმღერა აფრო-ამერიკელთა უფლებების შევიწროებაზე, სოციალურ უსამართლობაზე და ვიეტნამში მიმდინარე ომის კრიტიკაც გააჟღერა.

უცნაურია ის, რომ ენდი ბეი მთელი კარიერის განმავლობაში ხშირად ქრებოდა თვალსაწიერიდან. მისი საკონცერტო თუ სტუდიური აქტივობა ეპიზოდური იყო, საკმაოდ დიდი პაუზების დროს კი ზოგჯერ ავსტრიაში ვოკალის პედაგოგად მუშაობდა, ზოგჯერ კი ნაკლებად ცნობილი არტისტების პროდიუსერობასაც ითავსებდა. მაგალითად, მეორე სოლო ალბომი სადებიუტო დისკის გამოშვებიდან 22 წლის თავზე გამოსცა. 1996 წლის პროექტი "Ballads, Blues & Bey" მივიწყებული არტისტის წარმატებული, ხმაურიანი დაბრუნება გამოდგა. საკუთარი ტრიოს ფორმატში კონცერტებით მოიარა ევროპა და კიდევ 6 დისკი ჩაწერა. 2005 წელს პროექტისათვის "American Song" ენდი ბეი ჯაზის ჟურნალისტთა ასოციაციამ წლის ვოკალისტად დაასახელა.

ამჟამად ენდი ბეი 78 წლის გახლავთ. მიუხედავად ასაკისა და შიდსით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემებისა, პერიოდულად მაინც მართავს კონცერტებს. რაც მთავარია, კვლავ ფორმაშია, ფორტეპიანოზე კვლავ ვირტუოზულად უკრავს, ობერტონებით მდიდარი ბარიტონით თავისუფლად დანავარდობს 4 ოქტავაში, ძლიერი, ეროტიკული ხმით თანაბარი წარმატებით ართმევს თავს ბლუზურ თუ ჯაზურ სტანდარტებს.

XS
SM
MD
LG