Accessibility links

ბასსეკუ კუიატე


ალბომ I Speak Fula-ის ყდა

დასავლეთაფრიკული სიმებიანი ინსტრუმენტი "ნგონი" მალელი გრიოტების ტრადიციულ მუსიკალურ კულტურაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკრავია. რაც შეეხება მასზე დაკვრის ხელოვნებას, ცოდნა-გამოცდილება უხსოვარი დროიდან თაობიდან თაობას გადაეცემოდა. დღეს ნგონზე ბევრი მალელი არტისტი უკრავს, თუმცა უკონკურენტო ვირტუოზად ბასსეკუ კუიატე ითვლება, რომელმაც საკმაოდ მოკლე ხანში მოახერხა პოპულარობის მოპოვება როგორც სამშობლოში, ისე საერთაშორისო სცენაზე.

please wait

No media source currently available

0:00 0:06:10 0:00
Direct link

სხვადასხვა დროს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან გერმანელი გიტარისტი და მომღერალი ლენი სტერნი, კარლოს სანტანა, ალი ფარკა ტურე და ჯგუფი U2, ხოლო გლასტონბერისა თუ WOMAD-ის ფესტივალებზე არაერთხელ გაუოცებია მსმენელი სოლოპროექტებით. ამერიკელ არტისტ ტაჯ მაჰალის თქმით, ბასსეკუმ ყველას დაუმტკიცა, რომ ბლუზი არა მისისიპის ნაპირებზე, არამედ აფრიკაში, მის მშობლიურ სოფელ სეგუში, იშვა.

2000 წელს ბასსეკუ კუიატემ საკუთარი ბენდი ჩამოაყალიბა, რომელსაც "Ngoni Ba" დაარქვა, პირველი დისკი "Segu Blue" კი ჯგუფის შექმნიდან მხოლოდ 7 წლის თავზე გამოსცა. ეთნომუსიკოლოგებმა და კრიტიკოსებმა დებიუტს მაღალი შეფასება მისცეს. ალბომს კომერციული წარმატებაც ხვდა წილად, რადგან დიდი რაოდენობით გაიყიდა როგორც აფრიკის, ასევე ევროპის ბაზარზე. გარდა ამისა, "Segu Blue"-მ BBC Radio 3-ის ორი პრემია დაიმსახურა კატეგორიებში: "წლის საუკეთესო ეთნომუსიკალური ალბომი" და "საუკეთესო აფრიკელი შემსრულებელი". არანაკლებ ივარგა შემდეგმა პროექტმაც - კვარტეტის ნამუშევარი "I Speak Fula" "გრემზე" გახლდათ ნომინირებული.

საინტერესო იყო აფრიკელი არტისტის მესამე დისკის, "Jama Ko"-ს, შექმნის ისტორია. მასზე მუშაობის დროს მალიში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, რამაც ქვეყანაში კაცთაკვლა და განუკითხაობა მოიტანა. ბასსეკუს თქმით, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განსაზღვრა პროექტის სტილისტიკა, არტისტის პროტესტი და ბრაზი მუსიკის ხასიათში აისახა - განსხვავებით წინა ალბომებისგან, უფრო ხმამაღალი გახდა. მაქსიმალური აკუსტიკური შედეგისათვის ბენდლიდერმა ელექტროგამაძლიერებლები და ეფექტების სატერფულები გამოიყენა. ამ გზით არტისტმა საკრავის ტრადიციული ბგერაც შეცვალა და ინსტრუმენტის სრულიად ახალი შესაძლებლობები გამოავლინა. მოკლედ, "Jama Ko"-მ მუსიკოსს მორიგი აღიარება მოუტანა - ურნალებმა "MOJO"-მ და "Uncut"-მა 2013 წლის საუკეთესო ეთნომუსიკალურ პროექტად შერაცხეს.

დაბოლოს, მალელი ნგონზე დამკვრელისა და მისი ბენდის უკანასკნელ დისკზეც მოგახსენებთ. Ba Power არტისტის მორიგი ექსპერიმენტია. ამჯერად მან აფრიკული ხალხური მოტივები როკმუსიკისთვის დამახასიათებელი აკუსტიკითა და ინტონაციებით გააჯერა. ალბომის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა მუსიკოსებმაც - მალელმა ბლუზმენმა სამბა ტურემ, ამერიკელმა გიტარისტმა კრის ბროკაუმ და დრამერმა დეივ სმითმა.

დაწერეთ კომენტარი აქ

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG