Accessibility links

მობილური ტელეფონი კარგა ხანია, აღარ არის ფუფუნების საგანი. დღეს ის ყველას აქვს, ან თითქმის ყველას. მაგრამ რაც უნდა პრაქტიკული ან გარეგნულად მიმზიდველი მოდელი იყოს, ყველა ტელეფონს აქვს ერთი მთავარი სისუსტე: ბატარეის გამძლეობა. არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე ტელეფონის დაცლა, მით უმეტეს ვითარებაში, როცა ყოველი წამი მნიშვნელოვანია. თუმცა, შესაძლოა, ეს პრობლემა მოგვარდეს. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიგონეს მობილური ტელეფონი, რომელიც ბატარეის გარეშე მუშაობს. ხმოვანი ზარის განსახორციელებლად მისთვის სულ მცირედი ენერგიაც საკმარისია და მას რადიოტალღებისა და სინათლის მეშვეობით იღებს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მობილურები ჯერჯერობით ვერ ჩაანაცვლებს სმარტფონებს, ანუ „ჭკვიან ტელეფონებს“, მათი არსებობა მნიშვნელოვანი იქნება ექსტრემალურ ვითარებაში აღმოჩენილთათვის, რომლებიც შეძლებენ დარეკვას ან ტექსტური შეტყობინების გაგზავნას. მკვლევრების თქმით, დარეკვის შემთხვევაში ტელეფონის ბატარეას ორი რამ ცლის: მომხმარებლის ხმის (ანალოგური სიგნალის) გარდაქმნა ციფრულ სიგნალად და რადიოტალღების სახით ამ სიგნალის გაგზავნა ანძისაკენ. ამიტომაც ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ეს ფუნქციები მოაშორეს მობილურს და ხმის ჩაწერის პრიმიტიული ტექნოლოგია გამოიყენეს. ნიმუშად მათ აირჩიეს საბჭოთა ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც დამონტაჟებული იყო მოსკოვში აშშ-ის საელჩოს შენობაში.

1945 წელს საბჭოთა ფუნქციონერებმა აშშ-ის საელჩოს საჩუქრად გადასცეს აშშ-ის გერბის ხის ხელნაკეთი ასლი, რომელიც საელჩოს ერთ-ერთ დარბაზში ჩამოკიდეს.

როგორც წლების შემდეგ გაირკვა, გერბში, უფრო ზუსტად კი ზედ არწივის ნისკარტთან, დამაგრებული იყო მოსასმენი მოწყობილობა. აპარატი ირეკლავდა ოთახში გავრცელებულ ბგერებს და მათ, რადიოტალღების სახით, ქუჩის მიმართულებით აგზავნიდა. საჭირო იყო მხოლოდ ზუსტი რადიოსიხშირის მოძებნა, იმის მოსასმენად, რაც საელჩოში ხდებოდა. მოსასმენი აპარატურა მისი დამონტაჟებიდან შვიდ წელიწადში აღმოაჩინეს.

მსგავსი პრინციპით მუშაობს ახალი მობილური ტელეფონიც. ის იყენებს ტელეფონის მიკროფონში ლაპარაკისას წარმოქმნილ მცირე ვიბრაციებს. დამონტაჟებული ანტენა მათ გარდაქმნის ანალოგურ რადიოტალღებად, რასაც ბოჭკოვანი საბაზო სადგური გამოსცემს. სადგური კი „სკაიპის“ მეშვეობით აგზავნის ზარს სასურველ მისამართზე. ყველაფერი ეს ენერგიის მინიმალური დანახარჯით ხორციელდება.

საცდელ ნიმუშს აქვს გადასართავი ღილაკი „მოსმენისა“ და „ლაპარაკის“ ფუნქციებისთვის.

ამ მოდელის გამომგონებლებმა ასევე შექმნეს სპეციალური საბაზო სადგური სიგნალის მიღებისა და გაგზავნისთვის. ვარაუდობენ, რომ მომავალში შესაძლებელი იქნება ამ მობილურის ჩართვა ჩვეულებვრივ ბოჭკოვან ქსელში და უკაბელო რაუტერებში.

ცხადია, ტელეფონის მოქმედებაზე გავლენას ახდენს მანძილი მასა და საბაზო სადგურს შორის. ამჟამად სასურველია, რომ მომხმარებელი 15 მეტრზე მეტად არ იყოს დაშორებული სადგურისგან. ახლა პროექტის ავტორები ცდილობენ, მანძილის პრობლემა მოაგვარონ და ახალი ხელსაწყო აღჭურვონ საუბრის დაშიფვრის ფუნქციით. განიხილება, ასევე, ვიდეოზარის ფუნქციის მიმატებაც.

ახალ ტელეფონს ჯერჯერობით ბევრი ნაკლი აქვს. ის დამოკიდებულია საბაზო სადგურიდან დაშორებაზე, არ გააჩნია ეკრანი, საუბრის მოსასმენად სჭირდება საყურისები, და მუშაობს მხოლოდ „სკაიპის“ მეშვეობით. მომავალი გვიჩვენებს, შეძლებენ თუ არა ვაშინგტონელი მკვლევრები თავიანთი მოდელის დახვეწას.

მასალა მოამზადა რადიო თავისუფლების პრაქტიკანტმა ნოდარ ფხალაძემ

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG