Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბავშვთა სახლი ქობულეთში - ქველმოქმედება თუ დეინსტიტუციონალიზაციიდან გადახვევა?


უკვე ერთი თვეა აჭარაში - კერძოდ, ქობულეთში - საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის“ ინიციატივით, 50 ბავშვზე გათვლილი სკოლა-პანსიონი გაიხსნა. იქ უკვე 12 ბავშვი ცხოვრობს და სწავლობს. ამ ფაქტს ბავშვთა უფლებების დამცველები პანსიონის გახსნის დღიდანვე აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ირღვევა გაეროს ბავშვთა უფლებათა დაცვის კონვენცია და ჩნდება ეჭვი, ხომ არ ცვლის სახელმწიფო 2015 წელს უკვე კარგა ხნის წინ არჩეულ კურსს და აპირებს უარი თქვას დეინსტიტუციონალიზაციის მრავალწლიან პროცესზე. რა ხდება ქობულეთში და რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?

ბავშვები ოჯახებს არ უნდა შორდებოდნენ - ასეთია საქართველოში ბავშვთა კეთლდღეობის რეფორმის მთავარი და გაცხადებული მიზანი. როგორც სოციალურ მუშაკთა ასოციაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე სალომე ნამიჭეიშვილი განმარტავს, ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე ყველა ადამიანმა იცის, რომ ამისათვის საჭიროა ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებებისა და სოციალური დაცვის სხვა სისტემების აქტიურად ამუშავება. რეფორმის მართვისსადავეები დღეს სახელმწიფოს ხელშია. ე.წ. „ჭიშკრის დარაჯობის“ სისტემა ამბობს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ბავშვი ოჯახისგან განცალკევებას ავარიდოთ. სწორედ ეს სისტემა აკონტროლებს 24-საათიან ზრუნვაში ბავშვების როგორც შესვლას, ისე გამოსვლას, ხოლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო - სოციალური მუშაკის ინსტიტუტი - სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ეს მექანიზმი პრაქტიკაში განხორციელდეს.

უკიდურესი შემთხვევა მხოლოდ ისაა, როდესაც თავად ოჯახი არღვევს ბავშვის უფლებას და მასზე ძალადობს. მხოლოდ ასეთ დროს არის დასაშვები ბავშვი ოჯახს მოვაცილოთ. ამ სისტემაზე გადასასვლელად მუშაობა საქართველოში შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა, ადგილობრივმა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 1999 წლიდან დაიწყეს. ეს იყო ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი.

თუ ასეთია სახელმწიფო პოლიტიკა, მაშინ რა მოხდა ქობულეთის ბავშვთა პანსიონის შემთხვევაში, რომლის საბოლოო სტატუსსა და სახელზეც ჯერჯერობით არც სახელმწიფოა ჩამოყალიბებული და ვერც არასამთავრობო სექტორი შეთანხმებულა რა ტიპის დაწესებულება გახსნეს ქობულეთში? რატომ დაუშვა სახელმწიფომ, რომ კონკრეტულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ გახსნა 50 ბავშვზე გათვლილი პანსიონი, სადაც დღეს უკვე 12 ბავშვი ცხოვრობს? როგორია ამაზე სახელმწიფოს რეაქცია? ხომ არ შეცვალა სახელმწიფომ ამ მხრივ კურსი 2015 წლისათვის? სალომე ნამიჭეიშვილმა 24 დეკემბერს „ფრონტლაინში“ ჟურნალ „ლიბერალის“ მიერ ორგანიზებული ხმაურიანი შეხვედრა სწორედ ამ დაგროვილი კითხვებით გახსნა:

„შეგვიძლია თუ არა ეს ფაქტი შევაფასოთ უკანონობად? რა მექანიზმები არსებობს ქვეყანაში იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ როგორც დიდი ინსტიტუციების გახსნა, ასევე მცირე საოჯახო ტიპის სახლებისა, რაც ასევე ინსტიტუციური ზრუნვაა, უმიზნოდ და სოკოებივით აღმოცენება?“

ქობულეთში კი მოვლენები ასე განვითარდა: ერთი თვის წინ, 2014 წლის 23 ნოემბერს, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის, საქველმოქმედო ფონდ „სოციალური პარტნიორობის" ინიციატივით, იქსოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გაიხსნა პანსიონი, რომელსაცგენერალ მაზნიაშვილის სახელი მიენიჭა და მოსწავლეების მიღებაც მალევე დაიწყო. ოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ „ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, ტანისამოსით, ტექნიკითა და სამედიცინო მომსახურებით“.

კოალიცია მოგიწოდებთ არ დაუშვათ საქართველოში ახალი ბავშვთა სახლების გახსნა, როგორც ეს ხდება ქალაქ ქობულეთში. კერძო პირების მსგავსი მცდელობები ძირს უთხრის ბოლო წლებში ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმირების საქმეში მიღწეულ სამაგალითო პროგრესს...

ესფონდი 2 წელზე მეტია საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს. ასე რომ, მათთვის საქართველოში არსებული კანონმდებლობაც და პოლიტიკაც კარგად არის ცნობილი.საქველმოქმედო ფონდ ”სოციალური პარტნიორობის” პრეზიდენტმა გიორგი ქვრივიშვილმა ქობულეთის ბავშვთა პანსიონის გახსნის დღესაც განაცხადა, რომ აჭარაში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილებს იდეალურ პირობებს შეუქმნიდნენ.

საქველმოქმედო ფონდს მხარდამჭერი გამოუჩნდა ადგილობრივ მთავრობაშიც - პანსიონის გახსნით კმაყოფილებას არ მალავდა, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მედეა ვასაძე, რომლის განცხადებით, ბიზნესმენებს ქველმოქმედებაში კანონი ხელს არ უნდა უშლიდეს.

თუმცა ეს ამბავი მაშინვე გააპროტესტეს ბავშვთა უფლებების დამცველებმა. 12 დეკემბერს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის საქართველოს კოალიციისმიმართვაც გავრცელდა, რომლითაც ისინი მთავრობას სასწრაფო რეაგირებას სთხოვდნენ:

„კოალიცია მოგიწოდებთ არ დაუშვათ საქართველოში ახალი ბავშვთა სახლების გახსნა, როგორც ეს ხდება ქალაქ ქობულეთში. კერძო პირების მსგავსი მცდელობები ძირს უთხრის ბოლო წლებში ქვეყანაში ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის რეფორმირების საქმეში მიღწეულ სამაგალითო პროგრესს და იმ დადებით შედეგებს, რაც ამ პროცესმა მოიტანა“, - ეწერა მიმართვაში.

ამავეკოალიციის ხელმძღვანელი, ჯაბა ნაჭყებია, დღესაც აცხადებს, რომ ამ პანსიონის გახსნით ირღვევა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის, სულ ცოტა, ორი მუხლი და კანონი ლიცენზირების შესახებ, რადგან ამ ბავშვთა სახლს ლიცენზია არ გააჩნია:

იმ ორგანიზაციამ, ვინც ეს სახლი გახსნა, გამოიყენა ის მცირედი საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც დღეს არსებობს. მათივე განცხადებით, ამ სკოლა-პანსიონში არ არიან მზრუნველობამოკლებული სტატუსის მქონე ბავშვები...
მარი წერეთელი

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბავშვების განთავსება ნებისმიერი ზომის ბავშვთა სახლში არის ბავშვთა უფლებების დარღვევა, მაშინ როდესაც შესაძლებელია მათი ოჯახების გაძლიერება. დღეს კი რა ხდება? საქართველოში არსებობს როგორც კერძო ინიციატივებით გახსნილი ბავშვთა სახლები, ისე რელიგიური ნიშნით შექმნილი ბავშვთა სახლები, სადაც შესაძლოა იყოს კარგი გარემო, მაგრამ ეს არ ცვლის ოჯახურ გარემოს“.

მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსს მარი წერეთელს უჭირს ქობულეთის ბავშვთა სახლის „პანსიონად“ მოხსენიება. უჭირს იმიტომ, რომ ჯერ სახელმწიფოს არ დაუდგენია რა სტანდარტში ჯდება ეს დაწესებულება. ის ამბობს, რომ სახელმწიფო წლების წინ არჩეული კურსიდან გადახვევას არ აპირებს, რომ რეფორმა გრძელდება და წინ მიდის, თუმცა პროცესში მაინც იჩინა თავი პრობლემამ ქობულეთის ბავშვთა სახლის სახით და ამის მიზეზი საკანონმდებლო შავ ხვრელებში უნდა ვეძებოთ. მარი წერეთელი აცხადებს, რომ სახელმწიფო მზადაა მის ხელთ არსებული ბერკეტებით ეს პროცესი შეაჩეროს. ამ ეტაპზე ისინი იმ ოჯახებში არსებულ ვითარებას სწავლობენ, რომლებიდანაც ბავშვები ქობულეთის პანსიონში წაიყვანეს:

„იმ ორგანიზაციამ, ვინც ეს სახლი გახსნა, გამოიყენა ის მცირედი საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც დღეს არსებობს. მათივე განცხადებით, ამ სკოლა-პანსიონში არ არიან მზრუნველობამოკლებული სტატუსის მქონე ბავშვები. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ამ ბავშვების ოჯახების შეფასება“.

ეს პროცესი რამდენიმე დღეში უნდა დასრულდეს. მარი წერეთლის თქმით, შესთავაზებენ შესაბამის დახმარებას და შეეცდებიან ბავშვების ოჯახში დაბრუნებას, ხოლო თუ ეს არ მოხდა, მაშინ მიენიჭებათ მზრუნველობამოკლებული ბავშვის სტატუსი და შესაბამის ლიცენზირებულ სერვისს შესთავაზებენ - ეს შეიძლება იყოს მცირე საოჯახო ტიპის სახლი ან მინდობით აღზრდა.

საინტერესოა, რომ ფონდმა „სოციალური პარტნიორობა" სკოლა-პანსიონის გახსნის მოთხოვნით განათლების სამინისტროსაც მიმართა, საიდანაც თხოვნაზე უარი მიიღო. ამ უწყების ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე განმარტავს, რომ დღეს ქობულეთის ამ სკოლა-პანსიონს განათლების სამინისტროსთან არანაირი კავშირი არა აქვს და, შესაბამისად, სამინისტროს არც რაიმე პასუხისმგებლობა აკისრია.

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე დღეა აჭარაში იმყოფებიან და მათი მონიტორინგის დასკვნა დღე-დღეზე უნდა გახდეს ცნობილი. დეინსტიტუციონალიზაციის მრავალწლიანი პროცესის ფონზე მსგავსი სიდიდის ბავშვთა სახლის გახსნა რეგრესი და უკან გადადგმული ნაიჯია, - მოკლედ ასე შეაფასა მომხდარი ამავე ცენტრის წარმომადგენელმა მაია გედევანიშვილმა:

„ახლა რომ ისევ დიდ ბავშვთა სახლებზე გადავიდეთ, ეს არის რეგრესი და, რაც მთავარია, ვშიშობ, ეს ძალიან გადამდები რამეა როგორც კერძო ორგანიზაციების, ისე ბიზნესმენებისათვის“.

ბავშვთა სახლი კარგი არ არის. მით უმეტეს, იქ, სადაც 50 ბავშვი ერთად მიიღებს მომსახურებას. რაც უნდა საუკეთესო უფლებები იყოს, აღმზრდელები, ინფრასტრუქტურა, იქ აუცილებლად დაირღვეოდა ბავშვების უფლებები...
ეკა სანებლიძე

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი ირმა ბურდულაძე კი ამბობს, რომ ქობულეთის სკოლა-პანსიონისათვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია მათ უწყებას არ გაუცია.

სახელმწიფოსგან უფრო მკაცრ და გამოკვეთილ პოზიციას მოელის ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ყოფილი დირექტორი მაგული შაღაშვილიც. ის პირდაპირ მოითხოვს, რომ მომხდარი ფაქტი დანაშაულად შეფასდეს და დამნაშავე დაისაჯოს.

„საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი ეკა სანებლიძე ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ საქართველოში ისევ გაიმართებოდა დისკუსია თემაზე - კარგია თუ ცუდი ბავშვთა სახლი, სადაც 50 ბავშვი ცხოვრობს. მისი თქმით,

„ბავშვთა სახლი კარგი არ არის. მით უმეტეს, იქ, სადაც 50 ბავშვი ერთად მიიღებს მომსახურებას. რაც უნდა საუკეთესო უფლებები იყოს, აღმზრდელები, ინფრასტრუქტურა, იქ აუცილებლად დაირღვეოდა ბავშვების უფლებები. იქ აუცილებლად იქნება ძალადობა“.

საქართველოში დღეს 50 000 ბავშვი ცხოვრობს უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე. გაეროს ფონდი მიიჩნევს, რომ პირველი რიგის ამოცანა ამ ბავშვების ოჯახების გაძლიერებაა. ქეთი მელიქაძე ფიქრობს, რომ ეს ერთადერთი გზაა, რაც მშობელს მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ ყველა ადამიანს, ვინც მას ოჯახიდან ბავშვთა სახლში წაყვანას შესთავაზებს, კარი მიუხუროს.

სახელმწიფოს ჯერ გამოსავალი არ მოუფიქრებია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი გაიოზ თალაკვაძე რჩევას კონკრეტული ნაბიჯების თაობაზე არასამთავრობო სექტორს ეკითხება. ხოლო სანამ საზოგადოება გამოსავალს ეძებს, ქობულეთის სკოლა-პანსიონში ბავშვების რიცხვი იზრდება.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG