Accessibility links

1962 წლის 24 ოქტომბერს ნიუ-იორკში, თეატრ "აპოლოში", ლეგენდარული მომღერლისა და სიმღერების ავტორის, ჯეიმს ბრაუნის, ცნობილი კონცერტი გაიმართა, რომელიც მოგვიანებით ალბომის სახით გამოიცა და ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად იქცა სოულისა და ფანკის ისტორიაში.

იმ საღამოს მსმენელებს შორის ერთი 14 წლის ბიჭი გახლდათ. მას ძალიან გაუმართლა, რადგან ცხოვრებაში პირველად მოხვდა კონცერტზე და ისიც "ფანკის მეფის" წარმოდგენაზე. ჯეიმს ბრაუნის სისხლსავსე, ფეთქებადმა, ექსტატური მუხტით სავსე მუსიკამ აკუსტიკური შოკის ეფექტი მოახდინა ყმაწვილის გამოუცდელ სმენაზე, უდიდესი გავლენა იქონია მის მუსიკალურ მსოფლმხედველობაზე და სამუდამოდ "დააავადა" ფანკური ვირუსით. ბიჭს ჩარლზ ბრედლი ერქვა.

ჩარლზ ბრედლიმ ბავშვობა ბრუკლინში სიდუხჭირეში გაატარა. სარდაფში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა, რასაც ოჯახში ძალადობრივი გარემოც ემატებოდა. 14 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და 2 წლის მანძილზე ქუჩა-ქუჩა დახეტიალებდა. თავს ჯერ რკინიგზაზე მუშაობით ირჩენდა, შემდეგ ხან კანადაში ამოყოფდა თავს, ხანაც ალასკაზე, სადაც მზარეულის საქმიანობით იყო დაკავებული. ერთხელ ბრედლის მეგობარმა ჯეიმს ბრაუნთან ფიზიკურ მსგავსებაზე მიანიშნა და ამ მოცემულობის გამოყენება ურჩია. ჰოდა, ახალგაზრდა ჩარლზ ბრედლიმაც ბენდი შეაკოწიწა და კლუბებში "ფანკის მეფის" სიმღერების შესრულება დაიწყო, მაგრამ ჯგუფის წევრები ვიეტნამის ომში გაიწვიეს, წამოწყება ჩაიშალა და დამწყები ვოკალისტიც კარგა ხნით დადუმდა.

ჩარლზ ბრედლი სცენაზე საკმაოდ გვიან, არც მეტი და არც ნაკლები, 60 წლის ასაკში დაბრუნდა და მომენტალურად მოახერხა ამერიკელი მსმენელის გული მოეგო. მომღერალი ხმის ჩამწერმა ლეიბლმა Daptone Records-მა აღმოაჩინა და მისი სადებიუტო ალბომი გამოსცა, სახელწოდებით "No Time For Dreaming". კომპანია გასული საუკუნის პოპულარულ ჟანრებზე - ფანკსა და სოულზე - გახლდათ ორიენტირებული, იმდროინდელი სულისკვეთების ხელოვნურად გაცოცხლება კი ჩარლზ ბრედლის არ დასჭირვებია, რადგან ეს მუსიკა სისხლში ჰქონდა გამჯდარი.

ჩარლზ ბრედლის დებიუტი წარმატებული გამოდგა. პირველ ალბომს მალევე მოჰყვა მეორე სტუდიური ნამუშევარი - "Victim of Love". თუ წინა ნამუშევარში სოციალური თემატიკა, აფროამერიკელთა მძიმე წარსული და აწმყო ფიგურირებდა, ამჯერად პროექტმა უფრო კომერციული მიმართულება აიღო და სიყვარულის თემაზე დაწერილი სიმღერები გააერთიანა. მოსმენისას რჩება შთაბეჭდილება, რომ 70-იანი წლების ჯეიმს ბრაუნს ან ოტის რედინგს უსმენ, მაგრამ, ამავე დროს, საოცრად თანამედროვედ ჟღერს. ეს კი ჩარლზ ბრედლის ბენდის, "The Menahan Street"-ის, არანჟირებების, ინსტრუმენტული მეტყველებისა და ბექვოკალების დამსახურებაა.

2016 წელს გამოვიდა ჩარლზ ბრედლის რიგით მესამე ალბომი, სახელწოდებით "ცვლილებები“. ახალი პროექტი წინა ნამუშევრებისგან დიდად არ განსხვავდება. სტილიც იგივეა, თემებიც და განწყობაც, სავსეა სევდიანი ბალადებით, თუმცა ერთგან სასიამოვნოდ გაკვირვებული რჩები, რადგან მუსიკოსი ჯგუფ "ბლექ საბათის" 1972 წლის სიმღერას, "Changes"-ს, აცოცხლებს და ფანკურ ვერსიას გვთავაზობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG