Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩაკ ბერი - ნაწილი II


ჩაკ ბერი
ჩაკ ბერი

სიმღერა Maybellene-მა ჩაკ ბერის ცხოვრება კარდინალურად შეცვალა. გამოცემიდან მოკლე ხანში პოპ-ჩარტში მეხუთე ადგილი დაიკავა და, გარდა სახელისა, საგრძნობი მატერიალური კეთილდღეობაც მოუტანა. ამ მოცემულობამ საშუალება მისცა ქარხანაში ფიზიკურ შრომას ჩამოშორებოდა და მუსიკის სამყაროში საბოლოოდ გადაბარგებულიყო. მომდევნო წლებში არტისტმა როკენროლი ისეთი სიმღერებით გაამდიდრა, როგორებიცაა: "Roll Over Beethoven" "School Days," "Rock and Roll Music" "Sweet Little Sixteen" "Johnny B. Goode" "Carol" "Back in the USA" და მრავალი სხვა.

50-იანი წლების ბოლოს ჩაკ ბერი ერთ-ერთი უმდიდრესი ამერიკელი მუსიკოსი გახლდათ. მისი წარმატება მრავალი ფაქტორით იყო განპირობებული. პირველ რიგში, როგორც გიტარისტი, მსმენელის აღფრთოვანებას ახერხებდა. შეისწავლა რა 50-იანი წლების ქალაქური ბლუზის ნიუანსები, შესრულების საკუთარი ხელწერა შეიმუშავა: სოლო პარტიებში აქცენტი განმეორებად ფრაზებზე გადაიტანა, ხოლო სწრაფი სვლებისას იმ პერიოდისთვის ნოვაციური, თანამედროვე როკგიტარის ჟღერადობა გამოადნო. კრიტიკოსები წერდნენ, თუ ჯიმი ჰენდრიქსმა როკმუსიკის ლექსიკონი შექმნა, ბერიმ ამ ლექსიკონისთვის ანბანი დაწერაო. მართლაც, ჩაკ ბერისეულმა შესრულების მანერამ, მისმა ფრაზებმა მნიშვნელოვნად განსაზღვრა როკმუსიკის დღევანდელი ფორმები და, რა თქმა უნდა, გიტარის განსაკუთრებული როლი ჟანრის განვითარების პროცესში.

არტისტის არნახულ წარმატებას ხშირად იმას მიაწერენ, თითქოსდა სრულიად ახალი მუსიკალური მიმართულება, "როკენროლი", გამოიგონა. თუმცა არც ახალი ჟანრის დამაარსებელი ყოფილა და არც რიტმენბლუზის გიჟურ ტემპში შესრულებაში ყოფილა პიონერი. სამაგიეროდ, დიდი ინტერესით აკვირდებოდა თავის გარშემო მიმდინარე მუსიკალურ პროცესებს და ყოველივე საუკეთესოს ღრუბელივით შთანთქავდა. მაგალითად, ჩაკ ბერის გიტარის თავბრუდამხვევი სოლო პარტიების ფესვები თი-ბოუნ უოკერის საშემსრულებლო ტექნიკაში იმალებოდა, 50-იანი წლების ბიტი და სიმღერის ტექსტების სტილისტიკა ქანთრიდან მომდინარეობდა. მუსიკოსი კი პირველი გახლდათ, რომელმაც ამ ელემენტების საოცარი სინთეზი მოახერხა.

ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ჩაკ ბერიმ დაანგრია იმხანად არსებული კედელი, რომელიც შავებისა და თეთრების მუსიკას ყოფდა. თუმცა ეს პროცესი ბევრს არ სიამოვნებდა. განსაკუთრებით სამხრეთ შტატებში იწვევდა აღშფოთებას. აფროამერიკელის მიერ ქანთრის ენაზე გადმოცემული ახალგაზრდული სასიყვარულო ამბები აღიზიანებდათ. ისტორიკოსები იმასაც აღნიშნავენ, რომ სწორედ ამგვარი რასისტული ანგარიშსწორება გახლდათ 1961 წლის ცნობილი სასამართლო პროცესი, როცა ჩაკ ბერის არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობაში დასდეს ბრალი და დამნაშავედ ცნეს.

ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ჩაკ ბერიმ კონტრაქტი ხმის ჩამწერ ლეიბლთან, "Mercury Records"-თან, გააფორმა. "Chess Records"-ში გატარებული ოქროს წლებისგან განსხვავებით, "მერკურის" პერიოდი გაცილებით მოკრძალებული გამოდგა საავტორო მოღვაწეობის კუთხით. იყო რამდენიმე ალბომი და ორი თუ სამი ჰიტი, რითაც თავი გამოიჩინა - მაგალითად: "You Never Can Tell" და "Nadine". არტისტს ძველი ჰიტებისგან მიღებული შემოსავალი აკმაყოფილებდა, ამიტომ მეტწილად საკონცერტო საქმიანობაზე გადაერთო, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია. მიუხედავად პასიურობისა, ჩაკ ბერი არ კარგავდა აქტუალობას, მისი გავლენა განუზომელი იყო ახალი თაობის ამერიკელ და ევროპელ მუსიკოსებზეც. ჩაკ ბერის სიმღერებს ისეთი ჯგუფები ასრულებდნენ, როგორებიცაა: The Beatles, The Rolling Stones, The Kinks, The Animals, The Yardbirds და მრავალი სხვა.

1986 წელს ჩაკ ბერი "როკენროლის დიდების დარბაზის" წევრი გახდა, ხოლო ამერიკის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ სიმღერა "Johnny B. Goode"-ის ჩანაწერი, როგორც კაცობრიობის მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვარი, კოსმოსში გაგზავნა ბახის “ბრანდერბურგის კონცერტსა” და მოცარტის „ჯადოსნურ ფლეიტასთან“ ერთად.

სულ მალე, 38-წლიანი პაუზის შემდეგ, ჩაკ ბერის ახალი სტუდიური ალბომი გამოვა, რომელსაც "ჩაკი" ჰქვია. 90 წლის არტისტი მასზე ბოლო ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა დისკის სიცოცხლეშივე გამოცემა არ დასცალდა.

დაწერეთ კომენტარი

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG