Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

MDF-ის დირექტორ თამარ კინწურაშვილს „დოიჩე ველეს“ სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადაეცა


„მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელსა და დირექტორს თამარ კინწურაშვილს სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადასცეს.
„მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელსა და დირექტორს თამარ კინწურაშვილს სიტყვის თავისუფლების ჯილდო გადასცეს.

„მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მედიის უფლებების დამცველ თამარ კინწურაშვილს დღეს გადასცეს გერმანული მედიაორგანიზაციის, „დოიჩე ველეს“ (DW) „სიტყვის თავისუფლების ჯილდო“.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა 7 ივლისს, „გლობალური მედიის ფორუმზე“, გერმანიის ქალაქ ბონში, სადაც DW-ის სათავო ოფისი მდებარეობს.

თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ჯილდის მიღება მისთვის და მისი გუნდისთვის - ჟურნალისტებისთვის, დეზინფორმაციის ექსპერტებისთვის და მკვლევრებისთვის - საპატიოა და ეს პატივი „ეკუთვნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს საქართველოში“.

„[ეს პატივი ეკუთვნით] მათ, ვისაც სჯერა თავისუფალი საზოგადოებისა და დემოკრატიის და უკვე შვიდ თვეზე მეტია, ქუჩაში აპროტესტებს ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების დაწყების გადადებას“, - განაცხადა მან.

MDF-ის დირექტორმა ასევე ისაუბრა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე და გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება შემზღუდავი კანონმდებლობის მიღების და ანტიდასავლური ნაბიჯების გამო.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდი“, - რომელსაც კინწურაშვილი ხელმძღვანელობს, - ერთ-ერთია იმ რვა ორგანიზაციას შორის, რომლებსაც 2025 წლის ივნისში მიუვიდათ წერილი „ანტიკორუფციული ბიუროდან“ პერსონალური მონაცემების გაცემის მოთხოვნით. თამარ კინწურაშვილმა დღეს სიტყვით გამოსვლაში ამ საკითხზეც ისაუბრა.

19 ივნისს MDF-მა განაცხადა: „იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი დოკუმენტების საფუძველზე საქმის წარმოების და პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ლეგიტიმური საფუძველი არ არსებობს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს მივმართავთ, ამ გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად და რეპრესიული კანონმდებლობის განხორციელების შესაზღუდად“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG