Accessibility links

1962 წლის 29 ნოემბერს, ლონდონში, დაიბადა გიტარისტი რონალდ ლოურენს ალბერტ სიმპსონი, იგივე რონი ჯორდანი. მამამისი სასულიერო პირი გახლდათ და ბავშვობაში ხშირად უხდებოდა მისი ქადაგებების სმენა, შვიდ და-ძმასთან ერთად, ეკლესიის გუნდში სპირიჩუელსაც ასრულებდა. 8 წლის ასაკში რონის გიტარა აჩუქეს და ისიც დამოუკიდებლად შეუდგა ინსტრუმენტზე დაკვრის ხელოვნების დაუფლებას.

ბავშვობის გამოცდილებიდან გამომდინარე, არავის გაჰკვირვებია, თვითნასწავლი არტისტის დებიუტი გოსპელ ბენდში რომ შედგა. თუმცა, რონის ინტერესები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სასულიერო მუსიკის ჟანრით, უსმენდა ბრიტანულ პოპს, ამერიკულ რიტმენბლუზსა და სოულს, "ბიტლზის", ჯიმი ჰენდრიქსის, ერიკ კლაპტონის, რეი ჩარლზის, სემ კუკისა და ფრენკ სინატრას სიმღერებს. 80-იან წლებში კი, როცა მსოფლიო მუსიკალურ სცენაზე ჰიპ-ჰოპი შემოიჭრა, არტისტმა ამ ჟანრის ჯაზთან სინთეზი გადაწყვიტა და პირველი ექსპერიმენტული სინგლიც ჩაწერა. მიიჩნევა, რომ კომპოზიცია "After Hours"-მა დასაბამი მისცა სრულიად ახალ მიმართულებას, რომელსაც მოგვიანებით "ეისიდ-ჯაზი" უწოდეს.

მიუხედავად წარმატებული დებიუტისა, ხმის ჩამწერი ლეიბლები რონი ჯორდანის ხელწერასა თუ მუსიკალურ ხედვებს მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ და მასთან თანამშრომლობისგან თავს იკავებდნენ. ამგვარი მოცემულობა მხოლოდ მას შემდეგ შეიცვალა, რაც მუსიკოსმა პირველი ალბომი "The Antidote" გამოსცა. დისკმა 9 კომპოზიცია, მათ შორის ჯორდანის საავტორო თხზულებები გააერთიანა. თუმცა, პროექტის ყველაზე გამორჩეული ტრეკი მაილს დევისის ნაწარმოების "So What"-ის ჯორდანისეული ინტერპრეტაცია გახლდათ. გიტარისტმა კომპოზიციას ორიგინალური ვერსიისგან სრულიად განსხვავებული ხასიათი შესძინა და საცეკვაო რიტმიკა მოარგო. ბრიტანელის ვარიანტი ლონდონური კლუბების დიჯეებმა მალევე აიტაცეს, მეტიც, "ეისიდ ჯაზის" ჟანრში სუპერჰიტის სტატუსი შეიძინა.

90-იანი წლების დასაწყისში ცნობილმა ხმის ჩამწერმა ლეიბლმა "Blue Note"-მა უარი თქვა კონსერვატორულ რეპერტუარზე და ახალგაზრდა მსმენელის მოსაზიდად, უფრო პოპულარულ ჯაზურ ფორმებზე გააკეთა აქცენტი. რონი ჯორდანი კი ამ ახალი სტრატეგიის წამყვან ფიგურად იქცა. შედეგად გამოიცა "ეისიდ ჯაზური" დისკები: "Quiet Revolution", "Light to Dark" და "A Brighter Day". ეს უკანასკნელი კი, ამერიკული ჟურნალ "ბილბორდის" წლის საუკეთესო ჯაზური ალბომების ათეულში მოხვდა და "გრემის" პრემიაზეც იქნა ნომინირებული. 2000 წელსვე გიტარების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანია "გიბსონმა" რონი ჯორდანი წლის საუკეთესო გიტარისტად დაასახელა.

რონი ჯორდანის ბოლო სტუდიური პროექტები, რომლებიც პროდიუსერებთან ლი სტოუნთან და ჯეიმს პუასიესთან ერთად იქმნებოდა, სოულის, ჰიპ-ჰოპის და ფანკის სინთეზს წარმოადგენდა, ხოლო არტისტის გიტარის პარტიები კომპოზიციებს ჯაზურ აქცენტებს უმატებდა. განსაკუთრებით საინტერესოა ბრიტანელისა და სხვადასხვა მოწვეულ ვოკალისტებთან თანამშრომლობით ჩაწერილი თხზულებები. მათგან გამოვარჩევდი დანა ბრაიანტთან ერთად ჩაწერილ სიმღერას, სახელწოდებით "The Jackal".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG