Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიელ სერბთა ყოფილი სარდლის მიზანი: მუსლიმების სრული განადგურება?


გრაფიტი ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდლის, რატკო მლადიჩის გამოსახულებით ბელგრადის ერთ-ერთ გარეუბანში
გრაფიტი ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილი სარდლის, რატკო მლადიჩის გამოსახულებით ბელგრადის ერთ-ერთ გარეუბანში

ავტორი: სალომე აფხაზიშვილი

5 დეკემბერს, ჰააგაში, ყოფილი იუგოსლავიის საქმეებზე მომუშავე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო პროკურორების დასკვნითი სიტყვების მოსმენა. პროკურორმა ალან ტიგერმა განაცხადა, რომ ბოსნიელ სერბთა არმიის ყოფილ სარდალს, გენერალ რატკო მლადიჩს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს 1995 წელს, ქალაქ სრებრენიცაში, რვა ათასამდე მუსლიმი მამაკაცისა და ბიჭის ორგანიზებული მკვლელობისთვის. საბოლოო განაჩენის გამოტანამდე კიდევ რამდენიმე თვეა.

ბოსნიელ სერბთა ყოფილი სარდლის, რატკო მლადიჩის ქმედებები, პროკურორთა მტკიცებით, მუსლიმების სრულად განადგურებას ისახვდა მიზნად. 5 დეკემბერს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალის მორიგ სხდომაზე გამოსვლისას, პროკურორმა ალან ტიგერმა განაცხადა:

„1995 წლის 11 ივლისს, მლადიჩი სრებრენიცაში შევიდა და განაცხადა, რომ მოვიდა დრო თურქებზე შურისძიებისა. ის იმაზე კი არ წუხდა, რომ - როგორც თავად უთხრა ბოსნიელ სერბთა არმიის მაღალჩინოსნებს - ერთ დღეს მუსლიმები საკუთარ სახელმწიფოს შექმნიდნენ. მან თვითონ თქვა, რომ მთავარი მიზანი მათი სრულად განადგურება იყო.“

[მლადიჩმა] თვითონ თქვა, რომ მთავარი მიზანი მათი სრულად განადგურება იყო.
ალან ტიგერი

კიდევ ერთი პროკურორი, რომელიც ტიგერთან ერთად იძიებს ბოსნიელი მუსლიმების გენოციდის საქმეს, არტურ ტრალდია. ტიგერიცა და ტრალდიც ათასობით ბოსნიელი მუსლიმის განადგურებისთვის სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს მლადიჩს, რომელიც საბჭოთა პერიოდში იუგოსლავიის კომუნისტური პარტიის წევრი იყო. ბრალმდებლები ამბობენ, რომ მლადიჩი მხოლოდ ბრძანებებს კი არ გასცემდა, არამედ, ტრაბახობდა კიდეც თავისი ქცევით.

„სულ მცირე ხანში ქალაქ სრებრენიცაში მიზანმიმართულად გაანადგურეს 7000-მდე მამაკაცი და ჭაბუკი, მათ შორის 12 წლის ბიჭები, ხოლო დარჩენილი მოსახლეობა ქალაქიდან გაასახლეს. სრებრენიცის მოსახლეობა მოისპო, გაქრა. ამასობაში ბოსნიის დედაქალაქი სარაევო, როგორც გენერალი მლადიჩი ამბობდა, „ჩვენი უროს ძალით“ იმართებოდა. ქალაქის მშვიდობიან მოსახლეობაზე ხორციელდებოდა საარტილერიო იერიშები, მოქალაქეებს ესროდნენ სნაიპერები, და ეს იერიშები ან ძლიერდებოდა, ან სუსტდებოდა იმის მიხედვით, როგორი იყო საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქცია“, განაცხადა ალან ტიგერმა.

74 წლის მლადიჩი ყველა ბრალდებას უარყოფს. ამ ბრალდებებს შორისაა გენოციდი, სამხედრო დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინაშე.

ჰააგის სასამართლოში განაჩენს მოუთმენლად ელიან მსხვერპლთა და დაზარალებულთა ოჯახები. 5 დეკემბრის სასამართლო სხდომას ესწრებოდა მუნირა სუბაშიჩი, რომელიც ხელმძღვანელობს გაერთიანებას სახელწოდებით „სრებრენიცელი დედები“. სწორედ 5 დეკემბერს 42 წელი შეუსრულდებოდა სუბაშიჩის ვაჟს, ნერმინს, რომელიც სრებრენიცის გენოციდს შეეწირა. აი, რა უთხრა მუნირა სუბაშიჩმა „როიტერის“ სააგენტოს კორესპონდენტს:

მლადიჩი ისტორიაში უნდა დარჩეს, როგორც მე-20 საუკუნის მიწურულის მასობრივი მკვლელი.
მუნირა სუბაშიჩი

„მლადიჩი ისტორიაში უნდა დარჩეს, როგორც მე-20 საუკუნის მიწურულის მასობრივი მკვლელი, რომელმაც სიცოცხლე მოუსწრაფა ათასობით ქალსა და მამაკაცსა და სამუდამო გლოვისთვის გაწირა ამდენივე მშობელი.“

ჰააგის ტრიბუნალში პროკურორთა საბოლოო სიტყვების მოსმენა კვირაზე მეტს გასტანს, ხოლო საბოლოო განაჩენს გაისისთვის ელიან.

სალომე აფხაზიშვილი არის ვაცლავ ჰაველის 2016 წლის სტიპენდი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG