Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ მაიკლი


25 დეკემბერს ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯორჯ მაიკლი 53 წლის ასაკში აღესრულა. დღევანდელ სიუჟეტში იმ რამდენიმე სიმღერასა და პროექტს გავიხსენებ, რომლებსაც მის კარიერაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და, გარდა ამისა, ჯორჯ მაიკლს როგორც ჩინებულ მელოდისტს, არანჟირებათა ავტორსა და კომპოზიტორს წარმოაჩენენ.

ჯორჯ მაიკლი
please wait

No media source currently available

0:00 0:05:49 0:00
გადმოწერა

ჯორჯ მაიკლმა კარიერა 1982 წლიდან ჯგუფ Wham!-ის ფორმატში დაიწყო. ენდრიუ რიჯლისთან ერთად არაერთი დასამახსოვრებელი ჰიტი შექმნა. მაგალითად, "Young Guns (Go For It)", "Wake Me Up Before You Go-Go" და "The Edge of Heaven". ეს უკანასკნელი ბრიტანეთის ეროვნულ ჰიტაღლუმში დიდი ხნის მანძილზე ინარჩუნებდა პირველობას. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, რა თქმა უნდა, საშობაო სიმღერა "Last Christmas". ამ მარტივმა მომხიბვლელმა მელოდიამ და ბანალურმა სასიყვარულო ვიდეოისტორიამ დუეტს არნახული წარმატება მოუტანა. "Last Christmas" მრავალმა არტისტმა საკუთარ რეპერტუარში შეიტანა. ამ დღეებში კი, როცა მსოფლიო შობის დღესასწაულს აღნიშნავს, განსაკუთრებით სევდიანად ისმინება.

მიუხედავად Wham!-ის წარმატებისა, 1986 წლიდან ჯორჯ მაიკლმა სოლო კარიერა წამოიწყო. შედეგად, გამოიცა ალბომი "Faith". დისკი პოპმუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა აღიარებული. მას რამდენიმე ჯილდოც ერგო: "გრემი" წლის საუკეთესო ალბომის ნომინაციაში და American Music Award-ის სამი პრემია კატეგორიებში: "წლის საუკეთესო პოპ-როკ მომღერალი", "სოულ-რიტმენბლუზის საუკეთესო შემსრულებელი" და "სოულ-რიტმენბლუზის საუკეთესო დისკი". პროექტმა გამოსვლისთანავე დაიმსახურა მსმენელის მოწონება. გამოცემიდან პირველივე კვირაში ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. საინტერესოა ისიც, რომ დღემდე მსგავსი შედეგი ვერც ერთმა ბრიტანელმა მუსიკოსმა ვერ გაიმეორა.

ალბომ "Faith"-ის შემდეგ ჯორჯ მაიკლი ბალადურ სტილისტიკაზე გადაერთო და უარი თქვა ვიდეოკლიპებში გამოჩენაზე. ამ პერიოდში შეიქმნა მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი სიმღერა "Freedom! '90" და, რა თქმა უნდა, დევიდ ფინჩერის გადაღებული ვიდეო, ლინდა ევანგელისტას, ნაომი კემპბელისა და სინდი კროუფორდის მონაწილეობით. მიუხედავად, სიმღერის წარმატებისა, ალბომმა კომერციულად ვერ გაამართლა. ჯორჯ მაიკლმა მარცხში კომპანია "სონის" ლეიბლი დაადანაშაულა, ალბომის არასათანადო რეკლამირებაში დასდო ბრალი და კონტრაქტის დასრულებამდე უარი თქვა თანამშრომლობაზე.

ჯორჯ მაიკლმა დუმილი 1996 წელს დაარღვია, როცა ლეიბლ "ვირჯინ რეკორდზე" მესამე ალბომი, "Older", გამოიცა. დისკი ევროპელმა მსმენელმა მოიწონა, თუმცა ამერიკაში კრახი განიცადა და მომღერლის პოპულარობის პერიოდიც ამით დასრულდა. "Older" 11 სიმღერას აერთიანებს. მათ შორის ისეთ სიმღერებს გამოვარჩევდი, როგორებიცაა: "Fastlove", "Older", "Spinning the Wheel" და ბოსანოვას ხასიათით გაჯერებული "Jesus to a Child", რომელიც არტისტმა თავის ბოიფრენდს, ბრაზილიელ ანსელმო ფელეპს, მიუძღვნა.

დასანანია, რომ ჯორჯ მაიკლის ყველაზე წარმატებული პერიოდი მხოლოდ 10 წელს გაგრძელდა. შემოქმედებითი კრიზისის, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლთან მუდმივი პრობლემების გამო, 90-იანების მეორე ნახევრიდან დღემდე "Faith"-ის ან, თუნდაც, "Older"-ის მსგავსი მნიშვნელობის მუსიკის შექმნა ვეღარ შეძლო. "მე მსოფლიოს უამრავი ხარისხიანი სიმღერა ვაჩუქე. შესაბამისად, წყნარად შემიძლია წავიდე ამ ქვეყნიდან..." - ასეთი სიტყვები წარმოთქვა 2009 წელს, ავტო-საგზაო შემთხვევაზე საუბრისას, მას მერე, რაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მართლაც, ის 10 წელიც საკმარისია, იმის სათქმელად, რომ ჯორჯ მაიკლმა პოპმუსიკის ისტორიაში თავი დაიმკვიდრა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური ვოკალური კულტურისა და საკომპოზიტორო ხელწერის მქონე მუსიკოსმა, დახვეწილი გემოვნების მქონე მელოდისტმა და არანჟირებათა ავტორმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG