Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს წევრებმა უნდა გამოიძიონ ჟურნალისტ სადიგოვის გაძევების გარემოებები - HRW

„ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები“, - აცხადებს Human Rights Watch-ი ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე.
„ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები“, - აცხადებს Human Rights Watch-ი ჟურნალისტ აფგან სადიგოვის საქმეზე.

საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაცია Human Rights Watch-ი ეხმაურება აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში დეპორტაციას და აცხადებს, რომ იგი ამით „პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და არასათანადო მოპყრობის რეალური რისკის წინაშე დააყენეს“.

„ეს დეპორტაცია არ უნდა მომხდარიყო“, - აცხადებს ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე გიორგი გოგია.

პარასკევს, 10 აპრილს, გავრცელებულ განცხადებაში ორგანიზაცია „განსაკუთრებით შემაშფოთებლად“ აფასებს დეპორტაციის გარემოებებს, - მათ შორის ნაშუაღამევს გამართულ სასამართლო პროცესს.

„სადიგოვის დაბრუნება განსაკუთრებით შემაშფოთებელია აზერბაიჯანში ჟურნალისტებისა და მთავრობის კრიტიკოსების დევნის ხანგრძლივი ისტორიის გათვალისწინებით“, - მიიჩნევს ორგანიზაცია.

„ხელისუფლებამ არაერთხელ გამოიყენა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული ბრალდებები ჟურნალისტების, აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, ხოლო კრიტიკოსები ხშირად დაპატიმრების, მოგზაურობის აკრძალვის და შევიწროების სხვა ფორმების წინაშე დგანან“, - ამბობს HRW.

  • აზერბაიჯანში დაპატიმრებულ ჟურნალისტებს შორისაა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის რეპორტიორი, ფარიდ მეჰრალიზადა;
  • 2026 წლის 7 აპრილს აზერბაიჯანულმა სასამართლომ უარი თქვა მისი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე და 9-წლიანი ვერდიქტი ძალაში დატოვა.
  • რადიო თავისუფლების პრეზიდენტმა სტივ კაპუსმა განაცხადა, რომ მეჰრალიზადასთვის არათუ პატიმრობა უნდა მიესაჯათ, არამედ საერთოდ არ უნდა დაეწყოთ სისხლისსამართლებრივი დევნა მის წინააღმდეგ.
  • „ფარიდის საქმე წამოსწია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა [ჯეი დი ვენსმა] ბაქოში. აზერბაიჯანის ხელისუფლებას აქვს იმის ძალა, რომ ადამიანურად გამოასწოროს ეს უსამართლობა“, - დაწერა სტივ კაპუსმა.

„კონვენციური ვალდებულებების გვერდის ავლა“

HRW-ი ხაზს უსვამს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სადიგოვის მიმდინარე საქმესა და სასამართლოს გამოცემული დროებითი მექანიზმის შესაძლო უგულებელყოფას:

„სადიგოვის გაძევების გარემოებები სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკეთილსინდისიერად მოქმედებდა და შეთქმულებაში მონაწილეობდა აზერბაიჯანელ ოფიციალურ პირებთან ერთად, რათა გვერდი აევლოთ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით ნაკისრი ვალდებულებებისათვის“, - წერს ორგანიზაცია.

„ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გამოიძიონ საქართველოს ქმედებები და უზრუნველყონ ანგარიშვალდებულება მისი ვალდებულებების ნებისმიერი შესაძლო დარღვევისთვის“, - აცხადებს HRW.

„აუცილებელია, რომ დადგეს პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლების აშკარა თანამშრომლობისთვის აზერბაიჯანთან აფგან სადიგოვის გაძევების ორგანიზებისათვის, მისი უსაფრთხოების წინაშე არსებული აშკარა რისკების მიუხედავად, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა მხრივ მათ საერთაშორისო ვალდებულებებს“, - HRW-ს თანახმად, განაცხადა გიორგი გოგიამ.

სადიგოვის სასამართლო, გაძევება და ალიევის ვიზიტი

2026 წლის 5 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან სადიგოვის გაძევების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, რამდენიმე საათში აღასრულა.

  • ჟურნალისტი 4 აპრილის ღამეს დააკავა პოლიციამ - შსს-ის ცნობით, მიზანი „საქმის დროულად განხილვა“ იყო;
  • ამჯერად მას სოციალურ ქსელში პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ;
  • სადიგოვის წინააღმდეგ სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაშუაღამევს დაინიშნა;
  • გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, გამოაცხადა.

სადიგოვის გაძევების მომდევნო დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ეწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან, ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასთან ერთად.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ 2025 წელს საქართველოს მთავრობას აცნობეს, - აზერბაიჯანელი დისიდენტი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი საქართველოდან აზერბაიჯანში არ უნდა გაიყვანონ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG