იაღლუჯაზე მიწების რეგისტრაცია იწყება - ამას მოქალაქეები წლებია ითხოვენ

იაღლუჯის მთა, ფოტო არქივიდან
იაღლუჯის მთა, ფოტო არქივიდან

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში, იაღლუჯის მთის მასივზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი იწყება. გადაწყვეტილება ეხება მოქალაქეებს, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ ამ ტერიტორიაზე მიწის საკუთრებაში დარეგისტრირებას.

სამინისტროს ცნობით, საკითხის შესასწავლად იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამუშაო ჯგუფმა დოკუმენტაცია შეისწავლა და რეგისტრაციის სამართლებრივი გზები განსაზღვრა. ჯგუფში საჯარო რეესტრი, შესაბამისი მუნიციპალიტეტები და სხვა სახელმწიფო უწყებები მონაწილეობენ.

მოქალაქეებს, რომლებსაც 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საჯარო რეესტრის ციფრულ პლატფორმაზე მიწის აზომვის მოთხოვნით განცხადება ჰქონდათ წარდგენილი, ამ ეტაპზე ხელახლა მიმართვა ან დამატებითი ინფორმაციის მიწოდება არ სჭირდებათ. სამინისტროს განცხადებით, რეესტრი თავად მოიძიებს რეგისტრაციისთვის კანონით სავალდებულო დოკუმენტებს.

დაინტერესებულ პირებს პროცესის დაწყების შესახებ შეტყობინებას გაუგზავნიან. საჭიროების შემთხვევაში, მათ დამატებითი დოკუმენტების წარდგენაც მოუწევთ იუსტიციის სახლებში ან საჯარო რეესტრის ფილიალებში.

მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთრების უფლების დასადასტურებელი დოკუმენტები აქვთ, შეუძლიათ საჯარო რეესტრს სპორადული რეგისტრაციის მოთხოვნითაც მიმართონ. თითოეული განცხადება ინდივიდუალურად განიხილება - რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას რეესტრი დოკუმენტებისა და სამართლებრივი საფუძვლების შეფასების შემდეგ მიიღებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ათასობით ოჯახს შეეხება.

„ეს არის ის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც აწუხებდა ამ მუნიციპალიტეტების მოსახლეობას“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

მისი თქმით, პროცესის დაწყებას წინ უძღოდა ტექნიკურად და სამართლებრივად რთული სამუშაო და დიდი მოცულობის დოკუმენტების დამუშავება.

იაღლუჯის მთაზე მიწების დაკანონების პრობლემაზე მოქალაქეები წლების განმავლობაში საუბრობდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლება 2018 წლის თებერვალშიც წერდა: რუსთაველები გასული საუკუნის 80–90-იან წლებში მათთვის გამოყოფილი ნაკვეთების საკუთრებაში რეგისტრაციას ითხოვდნენ და მაშინდელი პრემიერ-მინისტრისთვის, გიორგი კვირიკაშვილისთვის გასაგზავნ პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებდნენ.

ორგანიზაცია „ჩვენ და სოფლის“ წარმომადგენლის, მურმან ჩაფიჩაძის მაშინდელი ინფორმაციით, მოსახლეობაზე განაწილებული 11 ათასზე მეტი ნაკვეთის უმრავლესობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად იყო რეგისტრირებული, რის გამოც მოქალაქეები მათ დაკანონებას ვერ ახერხებდნენ. პეტიციის ავტორები ამბობდნენ, რომ უწყებებმა პრობლემის არსებობა აღიარეს და 2017 წელს სამოქმედო გეგმაც განიხილეს, თუმცა ამას პრაქტიკული ნაბიჯები არ მოჰყოლია.


იაღლუჯის ქედი ქვემო ქართლში, რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

​
XS
SM
MD
LG