Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელთა აზრი თეირანის ბირთვულ პროგრამაზე


იმ დროს, როცა მსოფლიოში გრძელდება კამათი ირანზე ისრაელის სავარაუდო სამხედრო თავდასხმისა და მძიმე საერთაშორისო სანქციებზე, რადიო თავისუფლების ირანული სამსახურის სახელზე ბევრი წერილი და კომენტარი მოდის ირანში და მის გარეთ მცხოვრები ირანელებისგან. მათი ნაწილი გადაჭრით ეწინააღმდეგება, ნაწილი კი ქვეყნის სიძლიერის სიმბოლოდ მიიჩნევს ბირთვული იარაღის შექმნას.

„ირანი ცდილობს მოიგოს დრო ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ირანი მას ვერ შექმნის, მაგრამ საკუთარ თავს და მსოფლიოს ბევრ თავსატეხ პრობლემას უჩენს. რაც უფრო მეტ დროს მისცემთ ამ რეჟიმს, მით უფრო დიდ ღალატს ჩაიდენთ კაცობრიობის მიმართ“, - ასეთი კომენტარით მიმართავს, სავარაუდოდ, დასავლეთის ქვეყნებს ერთ-ერთი კომენტატორი. მომდევნო იმეილის ავტორი კი ვერაფერს საკვირველს ვერ ხედავს იმაში, თუკი ირანი ბოლომდე მიიყვანს ბირთვულ პროგრამას:

„როგორ შეიძლება იყო ირანელი და არ გინდოდეს ბირთვული ენერგია? ბირთვული ენერგია პრესტიჟის საქმედ იქცა, თუნდაც ამისათვის გარკვეული საფასურის გაღება მოგვიხდეს. თუ თქვენ ხელი მიგიწვდებათ ბირთვულ ენერგიაზე, მაშინ მასზე ჩვენც უნდა მიგვიწვდებოდეს ხელი. დიახ, ჩვენ გვჭირდება ატომური ბომბი. ვის შეუძლია ჩვენი შეჩერება?“
ირანელი კომენტატორების ნაწილი ბირთვული პროგრამის მშვიდობიანი მიზნით გამოყენებას ემხრობა, თუმცა ანგარიშგასაწევად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას:

„ჩემი აზრით, არაფერია იმაში ცუდი, თუკი ბირთვული ტექნოლოგია სამშვიდობო განზრახვით იქნება გამოყენებული. მაგრამ თუ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოლიტიკას გავითვალისწინებთ, არანაირი გარანტია არ არის, რომ ურანის გამდიდრებისკენ მიმართული პროგრამა მშვიდობიან მიზანს ატარებს, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთება გასაგებია.“

ჩვენი რადიოს სახელზე მოსული ერთი კომენტარის ავტორი კი მიიჩნევს, რომ ირანს ატომური იარაღი სჭირდება შესაკავებლად. „ირანს ბირთვული იარაღი რომ ჰქონოდა, 1980-88 წლებში ერაყთან ომი არ დაიწყებოდა.“

სხვა კი კონსპიროლოგიური თეორიით ცდილობს გაამართლოს ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის აუცილებლობა:

„ევროპა და აშშ არასოდეს შეეგუებიან ბირთვული იარაღის მქონე განვითარებულ მუსლიმანურ ქვეყანას. ისრაელი, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს, გაუვრცელებლობის ხელშეკრულების წევრიც კი არ არის, მაგრამ ეს არავის ანაღვლებს. ბირთვული პროგრამის საკითხში ევროპა და აშშ ირანს საკუთარ ნებას ახვევენ თავს. მათი კონტროლის ქვეშაა გაეროც. ეს ჯუნგლის კანონია.“
და კიდევ ერთი ძალიან ნიშანდობლივი კომენტარი, რომელიც რადიო თავისუფლების ირანულ სამსახურს მისწერა ჩვენი რადიოს მსმენელმა:

„ირანის ლიდერებს არ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა ფლობდნენ ბირთვულ იარაღს. სულიერი ლიდერობის პრეტენზიასთან შერწყმულ ძალაუფლებისა და სიმდიდრის წყურვილს შედეგად მხოლოდ ომი და ნგრევა მოჰყვება.“
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG