ამავე ცნობით, დაჭრილის გადმოყვანის გადაწყვეტილება ოჯახმა მიიღო.
მანამდე რუსი ექიმები სოხუმელ კოლეგებს ეფრემ კვარჩიას მკურნალობის საკითხზე კონსულტაციას უწევდნენ. რუსეთის მხარე მზად იყო, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი რუსეთში გადაეყვანა და მისთვის იქ ემკურნალა.
არსებული ინფორმაციით, რუსეთის მხარე ოჯახს გარანტიას აძლევდა, რომ მკურნალობის შემდეგ ეფრემ კვარჩია სოხუმში უსაფრთხოდ დაბრუნდებოდა. ოჯახმა მის რუსეთში გადაყვანაზე მაინც უარი თქვა.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. საქართველოს შესაბამისი უწყებებისგან ან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
ეფრემ კვარჩიასა და მამამისზე რუსეთში ძებნაა გამოცხადებული
სისხლის სამართლის საქმე ეხება 2025 წლის ნოემბერში, ე.წ. ადგილობრივი არჩევნების წინ, სოხუმში რუს პოლიტტექნოლოგებზე სავარაუდო ყაჩაღურ თავდასხმას. კან კვარჩია ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, პოლიტტექნოლოგები არჩევნებში უკანონოდ ერეოდნენ და ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახური თავად გამოიძახა.
მას ინციდენტის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაც ჩამოართვეს.
ეფრემ კვარჩია 15 ნოემბერს სოხუმში დაჭრეს. ის მძიმე მდგომარეობაში სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმეზე დაკავებულია აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ნოდიკ კვიცინია, რომელიც სროლის შემდეგ დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში თავად გამოცხადდა.
ტელეგრამ-არხ „აიაშარას“ ცნობით, კვიცინიამ სამართალდამცავებს უთხრა, რომ კან კვარჩიას მოკვლას აპირებდა.
სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.
ფორუმი